მელქისედეკ I
მელქისედეკ I — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33 წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 1 ოქტომბერი (14 ოქტომბერი). ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს კათოლიკოსისათვის პატრიარქის ტიტულის დამატება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I | ||
| ||
---|---|---|
1010-დან — 1033-მდე | ||
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | |
წინამორბედი: | სვიმონ III | |
მემკვიდრე: | იოანე V ოქროპირი | |
მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიას ხელმძღვანელი იყო მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. კათოლიკოსის ტახტი დაიკავა სვიმონ III-ის გარდაცვალების შემდეგ. მელქისედეკი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც მოიხსენიება ტიტულით „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.
„მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმინდა მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი ბაგრატ III-ის კარზე. ცნობილია მისი ბიძის (დედის ძმის) სახელი — ანტონი. წმინდა მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება-გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის.
მელქისედეკი რამდენიმეჯერ ეწვია კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის იმპერიის იმპერატორების კარს, როგორც საქართველოს მეფის ელჩი.
შემონახულია წმინდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი – „დაწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი – „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) გ. 1049)[1].
მელქისედეკ I-ის მიერ დაახლოებით 1031/33 შედგენილი ეს ანდერძი – „დაწერილი“ (შემორჩა XII ს. პირი), საუკეთესო წყაროა XI საუკუნის საქართველოს ეკონომიკის, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესასწავლად.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I გარდაიცვალა 1033 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში, წმინდა ილია თეზბიტელის ეკვდერში. კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.
წყაროებში მოხსენიება
რედაქტირება- ტონთიოს წმინდა გიორგის ეკლესიის ლაპიდარულ წარწერებზე მოხსენიებულნი არიან გიორგი მეფე და ქართლის კათალიკოსი მელქისედეკი:
„ქრისტე ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი.“
|
„ქრისტე ადიდე მელქისედეკ ქართლისა კათალიკოსი და შეეწიე დღესა ამას ამინ.“
|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 561.
- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: სვიმონ (სჳმონ) III |
ქართლის კათოლიკოსი დაახ. 1010-1033 წწ. |
შემდეგი: იოანე V ოქროპირი |