მეთხეობა
მეთხეობა — მეცხოველეობის დარგი. იძლევა მრავალფეროვან პროდუქციას. თხის რძე ადვილი მოსანელებელია, განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვების საკვებად და კუჭის დაავადებულებისათვის. იყენებენ აგრეთვე ყველის, კარაქის და რძის მჟავე ნაწარმის მისაღებად. თხის ხორცი ნოყიერია და გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით. აშენებენ მერძეულ, სათივთიკე, სამატყლე და შერეულ ჯიშებსაც. სპეციალური სამატყლე ჯიშების მატყლი ერთგვაროვანია, ახასიათებს დიდი გამძლეობა, ელასტიკურობა და ბზინვარება. მისგან ამზადებენ საკოსტიუმე ქსოვილს, ხალიჩებს, ტრიკოტაჟსა და სხვა ნაწარმს. თივთიკისაგან ამზადებენ ფეტრს, სახოვან შალეულს და სხვა. თხის ტყავის გადამუშავებით იღებენ პირველხარისხოვან შევროს, ქრომისა და სხვა სახის ტყავეულს.
მეთხეობა განსაკუთრებით განვითარებულია სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში. მერძეული ჯიშებიდან ცნობილია მეგრული, ზაანური, ტაგენბურგული, რუსული. სამატყლედან - ანგორული. სათივთიკე ჯიშებიდან — ქაშმირული, დონისპირული და სხვა ჯიშები. სამეცნიერო-კვლევითი მაშაობას მეთხეობაში ატარებს მეცხვარეობისა და მეთხეობის მეცხოველეობის ინსტიტუტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 550.