მაღრაანის ციხისჯვრის ეკლესია
მაღრაანის ციხისჯვრის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში, მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ტყიანი მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,2 X 3,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნიდან შელესილია. ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია საფარი, ჩამოშლილია ლავგარდანი, ფასადებზე შელესილობის კვალიღაა შემორჩენილი. შესასვლელი ეკლესიაში დასავლეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის კვადრატული ნიშია. მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, დარბაზი - ცილინდრული კამარით. დარბაზის სამხრეთ კედელში ერთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 125.