მაქს ადლერი
მაქს ადლერი (გერმ. Max Adler; დ. 15 იანვარი, 1873, ვენა — გ. 28 ივნისი, 1937, ვენა) — ავსტრიელი ფილოსოფოსი, ავსტრომარქსიზმისა და ნეოკანტიანური რევიზიონიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. ვენის უნივერსიტეტის პროფესორი. „Marx-Studen”-ის გამომცემელი (რ.გილფერდინგთან ერთად).
განიხილავდა რა კანტის „საგანს თავისთავად” ნეოკანტიანიზმის ხედვით, იგი აქტიურად იბრძოდა ასახვის მატერიალისტური თეორიის წინააღმდეგ. სიტყვით აღიარებდა რა დიალექტიკურ მეთოდს, ადლერმა ის აქცია („ფიზიკური იდეალიზმის” მოთხოვნათა შესაბამისად) რელიატივურ მოძღვრებად პროცესთა შესახებ, რომელიც ყოველი არსებულის ფუნქციურ კავშირამდე და მოვლენათა შორის მიმართებამდე დადიოდა, რომელშიც „უკვე ადგილიც კი აღარ რჩებოდა მატერიალური სუბსტანციისათვის”.
ადლერი ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ მარქსიზმის კლასიკოსების მიერ ისტორიის მატერიალისტურ გაგებას საერთო არაფერი ჰქონდა საერთო ფილოსოფიურ მატერიალიზმთან და თავისთავად წარმოადგენდა მხოლოდ ისტორიულ პოზიტივიზმს („სოციალური ცდის თეორიას”). „სოციალურს” ადლერი განიხილავდა როგორც აღქმის განსაკუთრებულ ფორმას, არსებითს ჩვენი შემეცნებისათვის, რომელიც გამომდინარეობდა საზოგადოების ყოფიერებისა და ცნობიერების იგივეობის იდეალისტური პრინციპიდან.
იგი საწარმოო ურთიერთობებს განიხილავდა, როგორც „სულიერი ცხოვრების მოვლენას”. მისი ფილოსოფიური რევიზიონიზმი იყო რევიზიონიზმის თეორიის დაფუძნების მცდელობა. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო „მემარცხენე” ოპოზიციის ლიდერი. აქტიურად იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. მსჯელობდა ოპორტუნისტული ტაქტიკის სავალალო, დამღუპველ შედეგებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 97.