მარტვილის ჭედური ჯვარი
მარტვილის ჭედური ჯვარი — XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი. საწინამძღვრო ჯვარი მოჭედილია ივანე დიაკონის მიერ. ოსტატის სახელი იკითხება ჯვრის უკანა მხარის არშიაზე შესრულებულ ასომთავრულ წარწერაში. მოოქრული ვერცხლის ჯვარი (55×36 სმ) ძირითადად კარგადაა შენახული, დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
ჯვარზე გამოსახულია „ჯვარცმა“, მის მარჯვნივ და მარცხნივ ფეხზე მდგარი მარიამი და იოანე, ზემო მკლავზე — ქრისტე ყოვლისმპყრობელი. ქვემო მკლავზე — წმინდანი. აგრეთვე ბასილი დიდი და გრიგოლი (ორივე წელზევით). ჯვრის არე ორნამენტითაა დაფარული, ჯვრის ზურგი კი ვირტუოზულად შესრულებული, რელიეფეური მცენარეული ორნამენტებით.
მარტვილის ჭედური ჯვარი ქართული ოქრომქანდაკებლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო ძეგლია. ოსტატს განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია ფიგურათა სკულპტურულობისათვის. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა ძლიერადაა მოდელირებული, პროპორციები სწორია, შესრულების ხასიათი მონუმენტური. ფიგურები მშვიდია, ყოველგვარ ექსპრესიას მოკლებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 458.