ივანე დიაკონი
ივანე დიაკონი, XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი. ჩვენს დრომდე მოაღწია მისმა ნამუშევარმა - მარტვილის საწინამძღვრო ჯვარმა. მხატვრის ვინაობას გვამცნობს ჯვრის უკანა მხარეს გარე კონტურის შემოყოლებით მოთავსებული წარწერა.ჯვრის ზომაა 56x36 სმ. ფორმით ისეთივეა, როგორც სხვა ქართული საწინამძღვრო ჯვრები - ტარზე წამოცმული, უფრო გრძელი ქვემო მკლავითა და თანაბარი ზემო სამი მკლავით; მკლავების ბოლოები ფართოვდება და ყოველ კიდეში ფოთლოვანი ყუნწები აქვს გამობმული. წინა პირზე, შუაგულში, გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, ანგელოზების ფიგურები წელზემოთ, ჯვრის განივ მკლავებზე - იოანე და მარიანი, ზემო მკლავზე - ყოვლისმპყრობელი ქრისტეს მთლიანი ფიგურა, ბასილი დიდისა და გრიგოლის ფიგურები წელზემოთ, ქვემოთ მკლავზე - წვეროსანი წმინდანის მთლიანი ფიგურა. ჯვრის უკანა მხარე დაფარულია ვირტუოზულად შესრულებული მცენარეული ორნამენტით. ივანე დიაკონი ქართული ოქრომქანდაკებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნამუშევარი სკულპტურული ჭედურობის თვალსაჩინო ნიმუშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 89, თბ., 1980