მარი ბროსეს არქეოლოგიური მოგზაურობა საქართველოსა და სომხეთში
მარი ბროსეს არქეოლოგიური მოგზაურობა საქართველოსა და სომხეთში [19 (31) აგვისტო, 1847 — 11 (23) ივლისი, 1848] — პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებული აქრეოლოგიური მოგზაურობა. მარი ბროსემ მოგზაურობის ფარგლებში მოიარა, საქართველოში: კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე, სამეგრელო, აფხაზეთი, სადადიანო სვანეთი, რაჭა, ხოლო სომხეთში შემოიფარგლა ერევანით (კონკრეტულად კი ეჩმიაძინის ბიბლიოთეკით).
დათარიღებისათვის
რედაქტირებამარი ბროსე ცხადია, რომ ევროპაში, კერძოდ კი პარიზში მოღვაწეობდა. შესაბამისად მისთვის გრიგორიანული კალენდარი ჩვეული ნორმა იყო. თუმცა რუსეთის იმპერიაში კვლავინდებურად მოქმედებდა იულიუსის კალენდარი. მ. ბროსე თავის 1851 წელს გამოცემულ „1847-1848 წლების მოგზაურობაში“ დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ „პეტერბურგიდან 1847 წლის 1 აგვისტოს გამოსული თბილისში 19 აგვისტოს ჩამოვიდა, ხოლო უკან 1848 წლის 11 ივლისს გავიდა და პეტერბურგში 27 ივლისს ჩააღწია“. აღნიშნულის გარდა პირველწყაროში რიცხვებთან ერთად უთითებს კვირის დღეებსაც. ასე მაგალითად:
„ოთხშაბათს 10-ს გადავლახეთ არაგვი და გავემართეთ ჯვრის მონასტრისკენ.[1]“
|
„კავკასიის კალენდარი“ ადასტურებს, რომ ბროსეს მიერ აღნიშნული 10 სექტემბერი ოთხშაბათია იულიუსის კალენდრით.[2] შესაბამისად მის აღნიშნულ ანგარიშში დათარიღებები წარმოდგენილია იულიუსის კალენდრით.
ისტორია
რედაქტირება1846 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა დიდი ქართველი მოღვაწე თეიმურაზ ბატონიშვილი. ბროსემ ღრმად განიცადა ძვირფასი მასწავლებლისა და უახლოესი მეგობრის დაკარგვა. თეიმურაზ ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ ოთარ ამილახვარის ასულმა ელენემ, თავისი ქმრის მთელი ბიბლიოთეკა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას შესწირა და სურვილი გამოთქვა თეიმურაზის მიერ მრავალი წლის ნაღვაწი „საქართველოს ისტორია“ გამოეცათ. აკადემია ბროსეს დაავალა ეს საპატიო საქმე.
პეტერბურგში საქართველოდან გადმოგზავნილი კორესპონდენციების რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა და ასევე იზრდებოდა ბროსეს სწრაფვა საქართველოში გამგზავრებისა. ქართველებმა დაინახეს თუ არა, რომ მათი ეროვნული დიდ სიძველეები ინტერესს იწვევდა განათლებულ საზოგადოებაში როგორც ევროპაში, ისე რუსეთში, მაშინვე გახსნეს განძთა სალარო. დაიწყეს პეტერბურგში მონეტების, ქართული შრიფტის. ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების გაგზავნა ზოგი სასყიდლით, ზოგიც საჩუქრად. საქართველოდან მრავალ მასალას გზaვნიდა ნიკოლოზ ქუთათელაძე, პლატონ იოსელიანი ბარათაშვილი. მიტროპოლიტი ევგენი, დავით დადიანი; მოსკოვიდან ზაქaრია ფალავანდიშვილი, კონსტანტინე ბატონიშვილი, ავალიშვილი, პეტრე ქებაძე, სვიმონ ტაბეძე. რუსეთში გადასახლებული, ქართულ გურიიდან ხელნაწერთა გიორვი გადამწერი, სტამბის მუშაკი და პოეტი. პეტერბურგში მყოფი ქართველებიც არაფერს იშურებდნენ ბროსესთვის.
1846 წლიდან ბროსემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი საქართველოში მოგზაურობის იმ გეგმის განხორციელებას, რომლისთვისაც არანაკლები გატაცებით იბრძოდა 1830 წელს პარიზში. ამ ხანებში ბროსე გაცხოველებულ მიმოწერას აწარმოებდა თბილისში მცხოვრებ ნიკოლოზ ხანიკოვთან (კავკასიის დიპლომატიური მისიის ატაშე). ნიკოლოზ ხანიკოვი თვითონაც გატაცებული იყო ორიენტალისტიკით, განსაკუთრებით კი კავკასიის შესწავლით და ხელს უწყობდა ბროსეს საქართველოში ჩამოსვლას. მან მეფის ნაცვალს მიხეილ ვორონცოვს ბროსეს საქმიანობა გააცნო და მისი საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობა განუმარტა. ვორონცოვმა დახმარება აღუთქვა. ხანიკოვმა 1846 წლის 2 მარტს წერილობით აცნობა ბროსეს, რომ მის ჩამოსასვლელად უკვე ყველაფერი მზად იყო. ბროსემ საქმის ვითარება აკადემიას აცნობა. მის გამგზავრებას ისევე, როგორც მანამდე, სჟოგრენის გამგზავრებას საქართველოში, ხელს უწყობდა აკადემიის ორიენტალისტიკის დეკანი აკადემიკოსი ფრენი. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, განათლების მინისტრი უვაროვი წერილობით დაუკავშირდა მიხეილ ვორონცოვს, რომელმაც იკისრა ხარჯები ბროსეს მოგზაურობისა, რაც ერთ წელს უნდა გაგრძელებულიყო.
1847 წლის 5 ნოემბერს ბროსე მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე წარსდგა მოხსენებით და მსმენელთ საქართველოში გამგზავრების გეგმა გააცნო. საქართველო შეუსწავლელი იყო და ბროსე აპირებდა არსებული ისტორიული მასალების, გეოგრაფიულ აღწერილობათა, ფაქტიური ცნობების შეკრებას, 1842 წელს გამოქვეყნებული ვახუშტის რუკების შემოწმებას. ლიტერატურის შესწავლის მიზნით ბროსეს განზრახული ჰქონდა ძველ ლიტერატურულ ძეგლებთან ერთად თანამედროვე თხზულებებსაც გასცნობოდა. ბროსეს მოგზაურობის პროექტი მოიწონა მეცნიერებათა აკადემიამ, განათლების მინისტრმა და მინისტრთა საბჭომ. ბოლოს, 1847 წლის 13 (25) აპრილს მინისტრთა კომიტეტმა აკადემიას უფლება დართო ერთწლიანი მივლინებით გაეშვათ მარი ბროსე საქართველოში.
მოგზაურობა
რედაქტირებამ. ბროსე სანკტ-პეტერბურგიდან 1847 წლის 1 (13) აგვისტოს გამოემგზავრა და საქართველოს სამხედრო გზით 19 (31) აგვისტოს ჩამოვიდა თბილისში. ბროსე თბილისში ყოფნისას ხანიკოვთან ცხოვრობდა და მასპინძლის ორიენტალისტიკის ცოდნით სარგებლობდა. ხანიკოვმა ბროსეს გადასცა თეთრიწყაროს, ჯვარი პატიოსნის წარწერები და ბოლოს, რადგან ბროსეს დრო აღარ რჩებოდა, მის მაგივრად ანისიც მოიარა და მეტად საჭირო ცნობები ჩამოუტანა.
1847 წლის 26 აგვისტოს თბილისიდან ორი ექსკურსია ჩაატარა. თავდაპირველად მტკვრის პირით მიადგა კუმისის ტბას და ელესავეტალის გერმანული დასახლების გავლით ჩავიდა თეთრიწყაროში. 1 სექტემბერს ინახულა კოჯორთან მდებარე კაბენის მონასტრის ნანგრევები; 5 სექტემბერს — თბილისის მეტეხი; 7 სექტემბერს — სვეტიცხოველი, შიომღვიმე; 9 სექტემბერს — ჯვრის მონასტერი და ბოლოს ზემო ავჭალის გავლით თბილისში დაბრუნდა.
12 სექტემბერს თბილისიდან თელავში გაემგზავრა, სადაც 26 სექტემბრამდე დაჰყო. გზად მარტყოფიც მოინახულა. 16 სექტემბერს ეწვია ალავერდს, იყალთოს, ახმეტას, 22 სექტემბერს — ბოჭორმას, 24 სექტემბერს — ხარჭიშოს.
10 ოქტომბერს პლატონ იოსელიანთან ერთად კვლავ მოიარა მცხეთა, 12 ოქტომბერს — წინარეხი, შიომღვიმე, ძეგვი, ახალციხე, 29 ოქტომბერს — საფარა, 31 ოქტომბერს — ვალე, 1 ნოემბერს — ადიგენი, 4 ნოემბერს — წახანი, 7 ნოემბერს — ახალციხის სამხრეთი რაიონი, 9 ნოემბერს — ხერთვისი, ზედა თმოგვი, ქარზამეთი, 12 ნოემბერს — ზედა ვარძია, 13 ნოემბერს — წუნდა, კუმურდო, სარო, 15 ნოემბერს — ხიზაბავრა, 16 ნოემბერს — ასპინძა, ქვემო ოშორა, ზემო ოშორა. თბილისისკენ გაბრუნებული 21 ნოემბერს მიაღწია სურამს, ხოლო გორის გავლით 23 ნოემბერს ჩავიდა თბილისში.
1848 წლის 11 იანვარს თბილისი დატოვა და ერევნის მიმართულებით გაემგზავრა, სადაც მან 13 იანვარს ჩააღწია. 15 იანვარს იგი უკვე ეჩმიაძინის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა. ჯამში ბროსე ერევანში 40 დღის განმავლობაში გაჩერდა, რომლის დროსაც იკვლევდა იქ არსებულ ხელნაწერებს. 26 თებერვალს ბროსე ეჩმიაძინიდან თბილისისკენ გამოემართა, სადაც თვის ბოლოსთვის ჩამოვიდა.
26 მარტიდან 31 მარტამდე ბროსე იმყოფებოდა გორში. გორის რაიონში, ატენსა თუ გორისჯვარში, რუისსა მას თუ ურბნისში მოგზაურობის დროს თან ახლდნენ გიორგი, ელიზბარ და კონა ერისთავები, დიმიტრი მეღვინეთ-უხუცესი.
ბროსემ 31 მარტს გორიდან გეზი სამეგრელოსკენ აიღო. ქუთაისში ჩასულმა 5 აპრილს ხონს მიაღწია. 6 აპრილს ცხენისწყალი გადალახა და ზუგდიდს 7 აპრილს საღამოთი მიაღწია. 8 აპრილს ინახულა ცაიშისა და ხობის ტაძრები. 10 აპრილს კვლავ ზუგდიდში დაბრუნდა. შემდეგ გაემართა აფხაზეთის მიმართულებით და 15 აპრილს ჩააღწია სამურზაყანოს სამოურავოს ადმინისტრაციულ ცენტრ ოქუმში. 18 აპრილს ინახულა ბედიის ტაძარი, 19 აპრილს — ილორის ტაძარი, დრანდის ტაძარი, 25 აპრილს — ბიჭვინთის ტაძარი. 27 აპრილს ბროსე ბიჭვინთიდან ბომბორში დაბრუნდა, საიდანაც ზღვით რედუქტ-კალემდე გასცურა, იქიდან კი 7 მაისს გადავიდა ზუგდიდში. 16 მაისს იმყოფებოდა ნაქალაქევში, 18 მაისს — სკურჩეში. მოიარა ლეჩხუმ-ცაგერი სადადიანო სვანეთი. 23 მაისს ჩავიდა ჭოლურში, 24 მაისს — ლენტეხში. უკანა გზაზე განსაკუთრებული ყურადღებით დაათვალიერა გელათის მონასტერი, მოწამეთა და ქუთაისი. შემდეგ ავიდა რაჭაში და მოინახულა ნიკორწმინდის ტაძარი, იყო ონში, სვირში, 8 ივნისს — ღებში, 10 ივნისს — ჯრუჭის მონასტერში, 12 ივნისს — კაცხში. დასასრულს 14 ივნისს ბროსე ჩხერიმელას, ბორჯომის ხეობისა და სურამის გავლით გორში დაბრუნდა.
მ. ბროსემ არქეოლოგიური მოგზაურობა დაასრულა თბილისში 1848 წლის 11 (23) ივლისს, ხოლო 27 ივლისს (8 აგვისტო) პეტერბურგში დაბრუნდა.
ბროსემ საქართველოში მოგზაურობისა და იქ აღმოჩენილი მასალების შესახებ პეტერბურგში გაგზავნა მრავალი წერილი და მოხსენება. პირველი მოხსენება გაუგზავნა პეტერბურგის განათლების მინისტრსა და აკადემიის პრეზიდენტს უვაროვს. საქართველოში მოგზაურობის ცალკეული ანგარიშების საერთო მონახაზს წარმოადგენს წერილის სახით დაწერილი პატაკი მეფის ნაცვლის კანცელარიის დირექტორ საფონოვისადმი. ხოლო საბოლოო ანგარიში 1851 წელს გამოიცა პეტერბურგში სამ ბროშურად.
ლიტერატურა
რედაქტირება- M. F. Brosset, Rapports sur un voyage archeologique dans la Georgie et dans l'Armenie, St.-Petersburg, 1851
- დოდაშვილი რ., „მარი ბროსე“, თბ., 1964
- Иодко О. В. Академику Мари-Фелисите Броссе 190 лет // Петербургское востоковедение : Альманах. — 1994. — Вып. 5. — С. 451—484