მარიცა ნადლიშეკ ბარტოლი

მარიცა ნადლიშეკ ბარტოლი ( სლოვენ. Marica Nadlišek Bartol ; დ. 10 თებერვალი , 1867, ტრიესტე, ავსტრიის იმპერია — გ. 3 იანვარი , 1940, ლუბლიანა, იუგოსლავია ) — სლოვენიელი მწერალი. 1897 წლიდან 1899 წლამდე იყო თავისივე დაარსებული გავლენიანი ქალთა ჟურნალის Slovenka-ს რედაქტორი

მარიცა ნადლიშეკ ბარტოლი
სლოვენ. Marica Nadlišek Bartol
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1867
დაბადების ადგილი ტრიესტი
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 1940 (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლუბლიანა, იუგოსლავია
ფსევდონიმი Evgen Štefanič
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და რედაქტორი[1]
ენა სლოვენური ენა
მოქალაქეობა

იუგოსლავიის სამეფო ავსტრია-უნგრეთის იმპერია

სლოვენიის დროშა სლოვენია
შვილ(ებ)ი Vladimir Bartol

1919 წელს,როდესაც მშობლიური ქალაქი ტრიესტი იტალიის მმართველობის ქვეშ მოექცა, მარიცა იძულებული გახდა ლუბლიანაში გადასახლებულიყო, სადაც დაუბრუნდა ქორწინების გამო შეწყვეტილ ჟურნალისტური საქმიანობას. იცავდა სლოვენიური ნაციონალიზმისა და ფემინიზმის იდეებს.[2]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

მარიცა ნადლიშეკი დაიბადა 1867 წელს ტრიესტში, რომელიც იმ დროს ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. [3] მამა, ტრიესტის სლოვენური თემის წარმომადგენელი, მუშაობდა მიწის ამზომველად.

სლოვენიელ ქალებს არ ჰქონდათ პროფესიის ფართო არჩევანის საშუალება, ამიტომ მარიცა 1882 წელს შევიდა გორიციის პედაგოგიურ კოლეჯში. სწავლის დროს იგი დაინტერესდა სლოვენური ლიტერატურით, ასევე მოახერხა სლოვენიის ინტელიგენციის წრეებთან დაახლოება. 1886 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ტრიესტში, სადაც პედაგოგიური საქმიანობით დაკავდა ქალაქის გარეუბნის სკოლებში.

ლიტერატურული საქმიანობა

რედაქტირება

მასწავლებლად მუშაობისას ნადლიშეკი ჩაერთო ტრიესტის ლიტერატურულ ცხოვრებაში, წერდა სტატიებსა და მოთხრობებს. მისი პირველი ესსე, რომელიც 1888 წელს გამოქვეყნდა გაზეთ Edinost- ში ხაზს უსვამდა ქალების როლს სლოვენიის ნაციონალურ მოძრაობაში. მომდევნო წელს მისი პირველი მოთხრობა "Moja prijateljica" ("ჩემი მეგობარი") დაიბეჭდა ჟურნალ Ljubljanski zvon- ში. [4] მარიცა იყო ერთ-ერთი პირველი სლოვენი ქალი, რომელიც რეგულარულად აქვეყნებდა პუბლიკაციებს და წერდა სხვა სლოვენური გამოცემებისთვის, მათ შორის ჟურნალისთვის Domači prijatelj

1898 წელს დაწერა რომანი Fatamorgana ("მირაჟი"), რომელიც წიგნის სახით მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ, 1998 წელს გამოიცა. [4] .

ნადლიშეკი გახდა ქალთა ჟურნალ Slovenka-ს (გამოდიოდა 1897 წლიდან 1902 წლამდე) თანადამფუძნებელი და პირველი რედაქტორი. ჟურნალის საქმიანობა მიზნად ისახავდა ქალებში სლოვენიის ეროვნული იდენტობის განმტკიცებას, სლოვენი ქალების ემანსიპაციის იდეის ხელშეწყობას და ქალთა ლიტერატურული განათლების მხარდაჭერას. ჟურნალის დაარსებიდან 1899 წლამდე ნადლიშეკი მისი რედაქტორი იყო, თუმცა დაქორწინების შემდეგ იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. [4] რედაქტორის რანგში მან გამოაქვეყნა ცნობილი მწერლების ნაწარმოებები, რომელთა შორის იყვნენ: ვიდა ერაი, კრისტინა შულერი, მარიცა სტრანდ ციზერლი. ვინაიდან ნადლიშეკი თავისუფლად ფლობდა ხორვატულ, გერმანულ და რუსულ ენებს, იგი შეუდგა მთარგმნელობით საქმიანობას. ჟურნალ Slovenka-ს გვერდებზე, გამოაქვეყნა მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე პუშკინის, ივან ტურგენევისა და ჰაინრიხ ჰაინეს ნაწარმოებების თარგმანები. [4]

ლიტერატურული საქმიანობა

რედაქტირება

ნადლიშეკ ბარტოლის შემოქმედებაში სლოვენური ნაციონალიზმის იდეები ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იგი ასევე წერდა ფემინისტურ თემებზე. მწერალმა ხანგრძლივი დისკუსია გამართა კათოლიკე რელიგიურ ლიდერ ანტონ მაჩნიკთან . დაუპირისპირდა რა მის არგუმენტს, რომ საზოგადოებაში მამაკაცები ქალებზე მაღლა უნდა იდგნენ და დომინირებდნენ. [5] მისი ნაწარმოებების ქალი გმირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ მაშინდელი სლოვენური ლიტერატურის გმირებისგან, ისინი ეკუთვნოდნენ ბურჟუაზიას და მუშათა კლასს და არ იყვნენ იდეალიზებულნი.[6]

აქტიურობა

რედაქტირება

სლოვენური ნაციონალიზმისა და ფემინიზმის თემებზე სტატიების წერის გარდა, ნადლიშეკ ბარტოლი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ტრიესტში გამოდიოდა სლოვენი ქალების მთავარი ორგანიზატორის როლში. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა პოლიტიკურად ზომიერი ლიბერალური შეხედულებები, იმ დროს ასეთი პოლიტიკური აქტივობა რადიკალურად ითვლებოდა. 1887 წელს ნადლიშეკმა მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო ორგანიზაციის "წმინდანების კირილესა და მეთოდეს საზოგადოების " ადგილობრივი ქალთა ფილიალის ჩამოყალიბებაში. [4]

ქორწინება და ტრიესტიდან გამგზავრება

რედაქტირება

ნადლიშეკი 1899 წელს დაქორწინდა ფოსტის თანამშრომელ გრეგორ ბარტოლზე და 1901-1909 წლებში შეეძინა შვიდი შვილი, რომელთაგან ორი ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი შვილი მოგვიანებით გახდა ცნობილი სლოვენიელი მწერალი ვლადიმირ ბარტოლი. ქორწინებამ ნადლიშეკს ბედნიერება არ მოუტანა, რადგან ამით დასრულდა მისი კარიერა და სოციალური საქმიანობა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ტრიესტი იტალიელების კონტროლის ქვეშ მოექცა, ნადლიშეკი ფარულად ასწავლიდა სლოვენურ ენის, რის გამოც კარაბინერი ხშირად კითხავდა . საბოლოოდ, 1919 წლის სექტემბერში, მისი ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო ლუბლიანაში, სადაც თავდაპირველად მატარებლის ვაგონში ცხოვრობდა თავის ხუთ შვილთან ერთად [4] [7] [8] .

როგორც კი ქალაქში დამკვიდრდა და მოახერხა ოჯახის საარსებო წყაროთი უზრუნველყოფა, ისევ შეუდგა წერას და მთარგმნელობით საქმიანობას. იგი თანამშრომლობდა ქალთა ჟურნალთან Ženski svet, 1931 წლიდან 1934 წლამდე მუშაობდა მის რედაქტორად, ასევე დააარსა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები . იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა იტალიაში დარჩენილ სლოვენელთა უფლებებისთვის მებრძოლ ორგანიზაციებთან.[9][10]

1927 წელს ნადლიშეკ ბარტოლმა დაიწყო მემუარების წერა სახელწოდებით Iz mojega življenja ("ჩემი ცხოვრებიდან"). 1948 წელს ისინი მწერლის გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალში Razgled [4] . ნადლიშეკ ბარტოლი გარდაიცვალა 1940 წელს ლუბლიანაში 72 წლის ასაკში. [3]

  1. WeChangEd
  2. Selišnik, Irena; Verginella, Marta (2013). "The Desire to be Free: Marica Nadlišek Bartol and the Young Intelligentsia at the Turn of the 20th Century". Historijski zbornik. 66 (1).
  3. 3.0 3.1 Marica Nadlišek Bartol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-29. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Nadlišek Bartol, Marica (1867–1940). ციტირების თარიღი: 2021-04-29
  5. Petrović, Jelena (2018-10-01). Women's Authorship in Interwar Yugoslavia: The Politics of Love and Struggle (en). Springer. ISBN 978-3-030-00142-1.  დაარქივებული 2022-03-23 საიტზე Wayback Machine.
  6. Daskalova, Krassimira (2008). Aspasia: The International Yearbook of Central, Eastern, and Southeastern European Women's and Gender History. Berghahn Books. ISBN 978-1-84545-634-4.
  7. Writing Literary History: Selected Perspectives from Central Europe.  საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine
  8. Go Girls!: When Slovenian Women Left Home.  საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine
  9. Petrović, Jelena (2018-10-01). Women's Authorship in Interwar Yugoslavia: The Politics of Love and Struggle. Springer. ISBN 978-3-030-00142-1.
  10. Lukšiè-Hacin, Marina; Mlekuž, Jernej (2009-01-01). Go Girls!: When Slovenian Women Left Home..Založba ZRC. ISBN 978-961-254-170-5.