მარია ლუქსემბურგელი

მარია ლუქსემბურგელი (გერმ. Maria von Luxemburg, ფრანგ. Marie de Luxembourg; დ. 1304 — გ 26 მარტი, 1324) — ლუქსემბურგების დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VII-ისა და მისი ცოლის, იმპერატრიცა მარგარეტ ბრაბანტელის ქალიშვილი. საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი 1322-24 წლებში როგორც შარლ IV-ის მეორე მეუღლე.

მარია ლუქსემბურგელი
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
კორონაცია: 15 მაისი, 1323
მმართ. დასაწყისი: 21 სექტემბერი, 1322
მმართ. დასასრული: 26 მარტი, 1324
წინამორბედი: ბლანკა ბურგუნდიელი
მემკვიდრე: ჟანა დე ევრე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1304
გარდ. თარიღი: 26 მარტი, 1324, (19-20 წლის)
მეუღლე: შარლ IV, საფრანგეთის მეფე
დინასტია: ლუქსემბურგები
მამა: ჰაინრიხ VII, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარგარეტ ბრაბანტელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია დაიბადა 1304 წელს. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VII-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა მარგარეტ ბრაბანტელის ქალიშვილი. მარია მხოლოდ ოთხი წლის იყო, როდესაც იგი 1308 წელს დანიშნეს ბავარიის ჰერცოგ რუდოლფ I-ის ასევე მცირეწლოვან ვაჟ ლუდვიგ ბავარიელზე. ეს ნიშნობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამყარდა, რაც ჰაინრიხმა ასევე გერმანიის მეფის წოდება მიიღო, რისთვის ბრძოლაშიც მისი უძლიერესი მოკავშირე სწორედაც, რომ რუდოლფ ბავარიელი იყო. როდესაც ქორწინების თარიღი მოახლოვდა, პრინცი ლუდვიგ ბავარიელი 1311 წელს გარდაიცვალა. ამ ამბიდან მალევე გარდაიცვალა მარიას დედაც, დედოფალი მარგარეტ ბრაბანტელი, რომელიც ჰაინრიხთან ერთად გენუაში მოგზაურობისას მძიმედ დაავადდა.

მას შემდეგ, რაც 1322 წელს საფრანგეთის მეფე შარლ IV თავის ცოლს, დედოფალ ბლანკა ბურგუნდიელს გასცილდა, ცოლად შეირთო მარია ლუქსემბურგელი. მათი ქორწინება 1322 წლის 21 სექტემბერს შედგა, რითაც მარია საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა. მართალია შარლს ბლანკასთან ორი შვილი ჰყავდა — ფილიპი და ჟანა — მაგრამ ორივე მათგანი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, რის გამოც მეფე იძულებული გახდა მემკვიდრის დასატოვებლად მეორედ დაქორწინებულიყო, რათა კაპეტის დინასტია არ გადაშენებულიყო.

1323 წლის 15 მაისს სენის არქიეპისკოპოსმა მარია საფრანგეთისა და ნავარის დედოფლად აკურთხა. იმავე წელს იგი დაფეხმძიმდა, მაგრამ მალევე მოეშალა მუცელი. 1324 წლის მარტში კი საფრანგეთის მეფე და დედოფალი ავინიონში პაპთან მოგზაურობდნენ, სადაც მარია ცხენიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ დროს იგი ცხრა თვის ორსული იყო. დაზიანების გამო, ნაადრევი მშობიარობით მან ვაჟი გააჩინა, სახელად ლუი, რომელიც რამდენიმე საათში დაიღუპა. თავად დედოფალი მარია 1324 წლის 26 მარტს გარდაიცვალა ავინიონში, წმინდა დომენიკოს სახელობის სასახლეში, 19 ან 20 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ შარლი მალევე დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილ ჟანა დე ევრეზე, თუმცა შვილები არც მასთან შეეძინა, რის გამოც კაპეტების დინასტია შეწყდა და საფრანგეთში მისი მონათესავე ვალუას დინასტია გამეფდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jean-Marc Cazilhac: Jeanne d'Evreux, Blanche de Navarre : Deux reines de France, deux douairières durant la Guerre de Cent ans, Editions L'Harmattan, 2010, 178 p., p. 20.
  • Christian Bouyer: Dictionnaire des Reines de France, Librairie Académique Perrin, 1992, p. 201.
  • Alexandre Le Noble: Histoire du Sacre et du Couronnement des Rois et Reines de France, Paris, Imprimerie Gaultier-Laguionie, 1825, p. 208 [retrieved 9 January 2015].
  • RHGF XXI, E floribus chronicorum auctore Bernardo Guidonis, p. 733.