მარია კლეველი (1553-1574)
მარია კლეველი ან ნევერელი (ფრანგ. Marie de Clèves; დ. 1553 — გ. 14 ნოემბერი, 1574) — ლა მარკთა დინასტიის წარმომადგენელი. ნევერის ჰერცოგ ფრანსუა I-ის შუათანა ქალიშვილი. კონდეს პრინცესა 1572-74 წლებში როგორ ანრი I-ის პირველი ცოლი.
მარია კლეველი | |
---|---|
კონდეს პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 10 აგვისტო, 1572 |
მმართ. დასასრული: | 14 ნოემბერი, 1574 |
წინამორბედი: | ფრანსუაზ ორლეანელი |
მემკვიდრე: | შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1553 |
გარდ. თარიღი: | 14 ნოემბერი, 1574, (20-21 წლის) |
მეუღლე: | ანრი I, კონდეს პრინცი |
შვილები: | კატრინი, დ'ისლეს მარკიზა |
მამა: | ფრანსუა I, ნევერის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა დე ბურბონ-ვენდომი |
რელიგია: |
ჯერ ჰუგენოტები შემდეგ კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია დაიბადა 1553 წელს საფრანგეთში. იგი იყო წარმოშობით გერმანელი დიდგვაროვნის, ნევერის გრაფ ფრანსუა I-ისა და მისი ცოლის, ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონის უფროსი დის, მარგარიტა დე ბურბონ-ვენდომელის შუათანა ქალიშვილი.
მისი უფროსი დები იყვნენ ანრიეტ ნევერელი (ნევერის ჰერცოგინია) და კატრინ კლეველი (გიზის ჰერცოგინია). მარიას საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV ღვიძლ ბიძაშვილად ერგებოდა, ხოლო ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ანა კლეველი (ჰენრი VIII-ის მეოთხე ცოლი) მისი მეორე თაობის ბიძაშვილი იყო. მისი სიძეები კი იყვნენ ანრი I დე გიზი და ლუიჯი გონძაგა.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ბიცოლასთან, ნავარის დედოფალ ჟანა დ'ალბრესთან, რომლის გავლენითაც მარია ღრმა ბავშვობიდანვე ჰუგენოტი გახდა. 1572 წლის 10 აგვისტოს იგი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კონდეს პრინც ანრი I-ს. ანრის მამა, კონდეს პრინცი ლუი I და მარიას დედა, ნევერის ჰერცოგინია მარგარიტა ღვიძლი და-ძმა იყვნენ. ანრისა და მარიას ქორწინებიდან სულ ორ კვირაში, 1572 წლის 24 აგვისტოს დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის თაოსნობით პარიზში ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო, რაც ცნობილია "წმინდა ბართლომეს ღამის" სახელით. ამ დროს თავის გადარჩენის მიზნით მარიამ და მისმა ქმარმა კათოლიციზმი დაუყოვნებლივ მიიღეს.
მარია სამეფო კარზე ძალიან ლამაზი და მოხდენილი ქალის სახელით იყო ცნობილი, რის გამოც მას 1573-74 წლებში რომანი ჰქონდა საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის ძმასთან, ასევე საკმაოდ სიმპათიურ და მოხდენილ ჭაბუკთან, ანჟუს ჰერცოგ ანრი დე ვალუასთან, რომელიც შემდგომში საფრანგეთის მეფე ანრი III გახდა. ანრი მარიას განქორწინებასაც კი სთხოვდა და ცოლად შერთვას ჰპირდებოდა. მარია სერიოზულად ფიქრობდა ამ საკითხზე და როდესაც ამასთან დაკავშირებით თხოვნა რომის პაპთან უნდა გაეგზავნა პნევმონიით დაავადდა. თუმცა, პნევმონიის გადავლის შემდეგ იგი მალევე ქმრისგან დაფეხმძიმდა და 1574 წლის 14 ნოემბერს პირველივე მშობიარობას გადაჰყვა.
ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1575 წელს ანრი დე ვალუამ ცოლად ლუიზა დე ლორენ-ვედემონი შეირთო, 1586 წელს კი მეორედ დაქორწინდა მარიას დაქვრივებული ქმარიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- Champion, Pierre, La Jeunesse d'Henri III, 2 vol, Paris, Grasset, 1941-42.
- Champion, Pierre, Henri III, roi de Pologne, 2 vol, Paris, Grasset, 1943-51.