მარია დი ლურდიშ პინტასილგუ

მარია დი ლურდიშ რუივუ და სილვა დე მატუშ პინტასილგუ (პორტ. Maria de Lourdes Ruivo da Silva de Matos Pintasilgo, დ. 18 იანვარი 1930, აბრანტეში — გ. 10 ივლისი 2004, ლისაბონი) — პორტუგალიელი ინჟინერ-ქიმიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. პორტუგალიის მერვე პრემიერ-მინისტრი მიხაკების რევოლუციის შემდეგ. თანამდებობა ეკავა 1979 წლის 1 აგვისტოდან 1980 წლის 3 იანვრამდე.

მარია დი ლურდიშ პინტასილგუ
Maria de Lourdes Pintasilgo
მარია დი ლურდიშ პინტასილგუ Maria de Lourdes Pintasilgo
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 1979 – 3 იანვარი, 1980
წინამორბედიკარლუშ ალბერტუ და მოტა პინტუ
მემკვიდრეფრანსიშკუ სა კარნეირუ

დაბადებული18 იანვარი, 1930
აბრანტეში, პორტუგალია
გარდაცვლილი10 ივლისი, 2004
ლისაბონი, პორტუგალია
პოლიტიკური პარტიაპორტუგალიის სოციალისტური პარტია
ხელმოწერა

ისტორიაში შევიდა, როგორც პორტუგალიის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი და ევროპაში მეორე ქალბატონი, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა (მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ).

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია დი ლურდიშ პინტასილგუ დაიბადა 1930 წლის 18 იანვარს ცენტრალური პორტუგალიის ქალაქ აბრანტეშში, საშუალო შესაძლებლობის ოჯახში[1]. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მან უჩვეულო შესაძლებლობები გამოავლინა და შვიდი წლის ასაკში იგი ფელიპე დე ლანკაშტრეს სახლობის ლისაბონის პრესტიჟულ ლიცეუმში გაგზავნეს. აქ მან მიიღო საშუალო განათლება. ასევე გაწევრიანდა ახალგაზრდულ მოძრაობაში Mocidade Portuguesa, რომელიც დააარსა დიქტატორმა ანტონიუ დი სალაზარმა. მოგვიანებით, უკვე ლისაბონის უმაღლეს ტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის დროს, იგი შეუერთდა კათოლიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ქალთა განყოფილებას.

1953 წელს, 23 წლის ასაკში დაასრულა ლისაბონის უნივერსიტეტის უმაღლესი ტექნიკური ინსტიტუტი და მიიღო ინჟინერ-ქიმიკოსის სპეციალობა. დიპლომის მიღების შემდეგ კვლავ გააგრძელა სწავლა, ეროვნული პროგრამის ფარგლებში მოიპოვა სტიპენდია ატომური ენერგიის საკითხებში. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პორტუგალიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში, რომელიც აწარმოებდა ცემენტს[2], სადაც გაიკეთა სწრაფი პროფესიონალური კარიერა. 1954 წლიდან ეკავა კვლევისა და პროექტების განყოფილების უფროსი ინჟინრის თანამდებობა, შემდეგ გახდა პროექტის დირექტორი, ამ თანამდებობაზე იგი შვიდი წლის განმავლობაში, 1960 წლამდე, კომპანიიდან წასვლამდე, მუშაობდა.

პინტასილგუ მჭიდროდ იყო დაკავშირებული რომაულ კათოლიკურ ეკლესიასთან. 1952-1956 წლებში ახალგაზრდული კათოლიკური უნივერსიტეტის ქალტა განყოფილების ხელმძღვანელია, 1956-1958 წლებში კი ხელმძღვანელობს კათოლიკე სტუდენტების საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობას Pax Romana[2].

1965-1974 წლებში მუშაობდა ეროვნული ასამბლეის კორპორატიულ პალატაში. შედიოდა მიხაკების რევოლუციის შემდგომ პერიოდში შექმნილ მე-2 და მე-4 დროებით მთავრობაში, როგორც სოციალური დაცვის მინისტრი.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა პორტუგალიის პრეზიდენტმა ანტონიუ რამალიუ ეანიშმა 1979 წლის 1 აგვისტოს[3]. თანამდებობაზე შეცვალა კარლუშ ალბერტუ და მოტა პინტუ. თავისი ხანმოკლე პრემიერობის დროს გაატარა აუცილებელი რეფორმები ზოგადი სოციალური დაზღვევის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, შრომის კანონებისა და მსგავსი საკითხების შესახებ. მოგვიანებით იყო იუნესკოში პორტუგალიის ელჩი და ევროპის პარლამენტის წევრი 1987-1989 წლებში სოციალისტური პარტიის რიგებიდან[3].

1986 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, პირველ ტურში მიიღო ხმების 7,38 %. ამავე წელს დააარსა ე. წ. მოძრაობა დემოკრატიის გაღრმავებისათვის.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, რომელიც ეხება კათოლიკური ეკლესიის როლს საზოგადოებაში, ასევე ქალთა როლს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში[4].

გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ლისაბონში 2004 წლის 10 ივლისს 74 წლის ასაკში, გულის შეტევის შედეგად[5].

მიღებული აქვს რამდენიმე სერიოზული ჯილდო. მათ შორის აღსანიშნავია ქრისტეს ორდენი {9 აპრილი, 1981), ინფანტ დონ ენრიკეს ორდენი (უფრო ცნობილია, როგორც ენრიკე ზღვაოსნის ორდენი; 9 ივნისი, 1994) და პორტუგალიის თავისუფლების ორდენი (გარდაცვალების შემდეგ; 5 ოქტომბერი, 2017).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Skard, Torild (2014) "Maria de Lourdes Pintasilgo" in Women of Power - Half a century of female presidents and prime ministers worldwide, Brtistol: Policy Press, ISBN 978-1-44731-578-0.
  1. "Maria de Lourdes Pintasilgo", p. 32, The Times (London), 15 July 2004
  2. 2.0 2.1 Associated Press, International News, Lisbon, Portugal, 19 July 1979
  3. 3.0 3.1 O'Shaughnessy, Hugh, "Obituary: Maria de Lourdes Pintasilgo; Europe's Second Female Prime Minister", p. 34. The Independent (London), 14 July 2004
  4. Table of Contents: Sisterhood is global :. Catalog.vsc.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-10-15.
  5. "Portugal mourns much-loved female leader", EuroNews, 10 July 2004