მარია ანა მანჩინი
მარია ანა მანჩინი (იტალ. Maria Anna Mancini, ფრანგ. Marie Anne Mancini; დ. 1649, რომი, იტალია — გ. 20 ივნისი, 1714, ო-დე-სენა, საფრანგეთი) — იტალიელი არისტოკრატი. კარდინალ მაზარინის დისწული. მანჩინების ხუთი გამოჩენილი დიდან მეხუთე. ბუილონის ჰერცოგინია როგორც გოდფრუა მორის დე ლა ტურ ოვერნელის მეუღლე.
მარია ანა მანჩინი | |
---|---|
წოდებები
ბუილონის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
1649 რომი, იტალია |
გარდაიცვალა |
20 ივნისი, 1714 ო-დე-სენა, საფრანგეთი |
საგვარეულო | მანჩინები |
მეუღლე(ები) | გოდფრუა მორის დე ლა ტურ ოვერნელი |
შვილ(ებ)ი |
ლუი შარლი, ტურენის პრინცი ემანუელ თეოდოსი, ბუილონის ჰერცოგი ფედერიკ ჟიული, ოვერნის პრინცი ლუი ანრი, ევრეს გრაფი ლუიზ ჟულია, მონბასონის პრინცესა |
მამა | ლორენცო მანჩინი |
დედა | ჯიროლამა მაზარინი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ანა მანჩინი დაიბადა 1649 წელს რომში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ლორენცო მანჩინისა და მისი ცოლის, ჯიროლამა მაზარინის ნაბოლარა ქალიშვილი, რადგან მამამისი მისი გაჩენიდან მალევე დაიღუპა. მარია ანას გარდა, ისტორიაში ცნობილია მისი კიდევ ოთხი უფროსი და:
- ლაურა (1636-1657), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და გაბრიელ დესტრეს შვილიშვილს, ვენდომის ჰერცოგ ლუი დე ბურბონს;
- ოლიმპია (1638-1708), სუასონის გრაფის მეუღლე და ცნობილი გენერლის, ევგენი სავოიელის დედა;
- მარია (1639-1715), ლუი XIV-ის პირველი სიყვარული და კოლონას მთავრის მეუღლე;
- ორტენზია (1646-1699), ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე მეფე ჩარლზ II-ისა და მონაკოს პრინც ლუი I-ის საყვარელი;
მამის გარდაცვალების შემდეგ მარია ანა თავის დედასა და და-ძმებთან ერთად პარიზში, საფრანგეთის სამეფო კარზე გადასახლდა, სადაც ბიძის, კარდინალი მაზარინის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ.
1657 წელს მისი უფროსი და — ლაურა მშობიარობას გადაჰყვა 20 წლის ასაკში. შეიძლება ითქვას, რომ მარია ანა თავის დისწულებზე მხოლოდ რამდენიმე წლით იყო უფროსი. 1661 წელს, 12 წლის მარია ანა ცოლად შერთეს ბუილონის ჰერცოგ გოდფრუა მორის დე ლა ტურ ოვერნელს. მარია ანასა და მის ერთობ განათლებულ მეუღლეს მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი, რის შემდეგაც ერთად, ბედნიერად ცხოვრობდნენ სამეფო კარზე. ამ პერიოდში მარია ანამ სულ შვიდი ბავშვი გააჩინა.
ბავშვების გაჩენამ საშინლად აურია მარია ანასა და გოდფრუას ცხოვრება. შესაძლოა ითქვას, რომ ბოლო ბავშვის გაჩენის შემდეგ მას ქმარი შესძულდა. როგორც შემდეგში გაირკვა, იგი აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „შხამების შეთქმულებაში“ რომელიც ვერსალში მიმდინაორებდა მეფის საყვარელ მადამ დე მონტესპანისა და მარია ანას დის, ოლიმპია მანჩინის თაოსნობით. ამ პერიოდში მოწამლეს უამრავი დიდგვაროვანი და მათ შორის სამეფო ოჯახის წევრებიც კი. რამდენადაც ცნობილია, მარია ანა ამ შეთქმულებაში იმიტომ ჩაება, რომ სურდა მოეწამლა თავისი ქმარი და ცოლად საკუთარ დისწულს, ვენდომის ჰერცოგ ლუი ჟოზეფ დე ბურბონს გაჰყოლოდა.
შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ მისი და ესპანეთში გადაასახლეს, ხოლო მონტესპანი მონაზვნად აღკვეცეს. ამის თავიდან ასაცილებლად, მარია ანამ დროულად დატოვა ვერსალი და ლიეჟში გაიქცა. საფრანგეთში მის დაუსწრებლად, 1680 წლის 29 იანვარს ჩატარდა მარია ანას სასამართლო სხდომა, რა დროსაც მტკიცებულებების არარსებობის გამო (მან ქმრის მოწამვლა ვერ მოასწრო, დისგან განსხვავებით) იგი უდანაშაულოდ სცნეს და ნება დართეს სამეფო კარზე დაბრუნებულიყო. 1685 წელს მარია ანა მანჩინი ლუი XIV-მ მეორედ გააძევა ახალ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო. 1690 წელს ლუიმ მას საფრანგეთში დაბრუნების ნება დართო, მაგრამ სამეფო კარზე მისვლა მაინც აუკრძალა. ამის გამო იგი კლიშის შატოში დასახლდა, ო-დე-სენაში, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და 1714 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა.
შვილები
რედაქტირება- ლუი შარლი (1665-1692), ტურენის პრინცი, ცოლად შეირთო ანა ჟენევიევა დე ლევისი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- მარი ელიზაბეტი (1666-1725), მადმუაზელ ბუილონი, გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ემანუელ თეოდოსი (1668-1730), ბუილონის ჰერცოგი. პირველად იქორწინა მარი არმანდ ვიქტორია დე ლა ტრემუალზე, რომელთანაც შეეძინა შვილები. მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო ლუიზ ფრანსუაზ ლე ტელიერი, რომელთანაც ასევე შეეძინა შვილები. მეორე დაქვრივების შემდეგ მან მესამედ იქროწინა ანა მარი დე სიმიანზე, რომელთანაც ერთი შვილი შეეძინა და მისი დაღუპვის შემდეგ მეოთხედ და საბოლოოდ დაქორწინდა ლუიზ ანრიეტ ლოთარინგიელზე, რომელთანაც კიდევ შეეძინა შვილები;
- ევგენი მორისი (1669-1672), შატო-ტიერის პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფედერიკ ჟიული (1672-1733), ოვერნის პრინცი. ცოლად შეირთო ოლივია კატრინ დე ტრანტი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ლუი ანრი (1674-1753), ევრეს გრაფი. ცოლად შეირთო მარი ანა კროზატი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ლუიზ ჟულია (1679-1750), ცოლად გაჰყვა მონბასონის პრინც ფრანსუა არმან დე როანს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, რომელიც 3 წლის ასაკში დაიღუპა;
ლიტერატურა
რედაქტირება- Pierre Combescot: Les Petites Mazarines. Grasset, Paris 1999, ISBN 2-253-14982-9.
- Otto Flake: Große Damen des Barock. Historische Porträts. Fischer, Frankfurt am Main 1981, ISBN 3-596-22273-7, S. 96–103.
- Léon Petit: Marie-Anne Mancini, duchesse de Bouillon. Édition du Cerf-Volant, Paris 1970.