მარია ამელია ბრაზილიელი

მარია ამელია ბრაზილიელი (პორტ. Maria Amélia de Brazil; დ. 1 დეკემბერი, 1831 — გ. 4 თებერვალი, 1853) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და იმპერატრიცა ამალია ლოიხტენბერგელის ერთადერთი ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალ მარია II-ისა და ბრაზილიის იმპერატორ პედრუ II-ის უმცროსი ნახევარ-და. იგი განიხილებოდა როგორც მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის საცოლე, თუმცა ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

მარია ამელია ბრაზილიელი
წოდებები
ბრაზილიის პრინცესა
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 1 დეკემბერი, 1831
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 4 თებერვალი, 1853, (21 წლის)
ფუნშალი, პორტუგალია
საგვარეულო ბრაგანსები
მამა პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი
დედა ამალია ლოიხტენბერგელი
ხელმოწერა
რელიგია კათოლიციზმი

დაბადება

რედაქტირება

მარია ამელია დაიბადა 1831 წლის 1 დეკემბერს პარიზში. იგი იყო ბრაზილიის ტახტიდან გადამდგარი იმპერატორის, პედრუ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ამალია ლოიხტენბურგელის პირველი და უკანასკნელი საერთო შვილი. იგი დაბადებისთანავე მონათლეს კათოლიკედ, მისი ნათლობის სახელი კი იყო მარია ამელია ავგუსტა ევგენია ჟოზეფინა ლუიზა თეოდოლინდა ელუა ფრანსისკა ხავიერა დე პაულა გაბრიელა რაფაელა გონძაგა დე ბრაგანსა ი ბოარნე. მისი დაბადების დროს, მის მშობლებს უკვე ბრაგანსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება ჰქონდათ, რომელიც პედრუს მისმა ქალიშვილმა, პორტუგალიის დედოფალმა მარია II-მ უბოძა. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია პორტუგალიის მეფე ჟუან VI და დედოფალი კარლოტა ხოაკინა ესპანელი იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის გერი, იტალიის მეფის ნაცვალი ევგენი დე ბოარნე და პრინცესა ავგუსტა, რომელიც ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის ასული იყო.

მარია ამელიას მამა, პედრუ I 1826 წელს თავისი ქალიშვილის, მარია II-ის სასარგებლოდ გადადგა პორტუგალიის ტახტიდან, ხოლო 1831 წელს თავისი ვაჟის, პედრუ II-ის სასარგებლოდ ბრაზილიის ტახტიდან. პედრუს თავის პირველ ცოლთან, დედოფალ მარია ლეოპოლდინა ავსტრიელთან ხუთი შვილი ჰყავდა.

ვინაიდან მისი გაჩენის მომენტში მამამისი უკვე აღარ იყო არც ბრაზილიის და არც პორტუგალიის მონარქი, მარია ამელია პრინცესად არ ითვლებოდა. მოგვიანებით მარია II-მ მას პორტუგალიის ინფანტობა უბოძა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ნახევარ-დებთან. აღსანიშნავია, რომ მარია ამელიას ნათლიები იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I და მისი ცოლი, დედოფალი მარია ამალია ნეაპოლელი, რომლებიც მისი დის დედამთილ-მამამთილიც იყვნენ.

ბრაზილიის პრინცესა

რედაქტირება
 
მარია ამელია დედასთან ერთად 1840 წელს

როდესაც მარია ამელია მხოლოდ 20 დღის იყო, მამამისი საფრანგეთიდან პორტუგალიაში გაემგზავრა, რათა მარია II-ს დახმარებოდა მიგელ I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დროს მარია ამელია და დედამისი პარიზში დარჩნენ. როდესაც პარიზში ახალი ამბავი ჩავიდა, რომ პედრუმ ლისაბონი აიღო და თავისი ძმა, მიგელ I ჩამოაგდო, ამელია და დედამისი დაუყოვნებლივ პორტუგალიაში ჩავიდნენ. დედა-შვილი ლისაბონში 1833 წლის 22 სექტემბერს შევიდნენ.

მიგელ I დამარცხებისა და დამხობის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიქცა ინგლისში, დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარზე. უნდა აღინიშნოს, რომ დედოფალი ვიქტორია ყოველთვის იფარებდა და პატრონობდა ჩამოგდებულ ევროპულ მონარქებს, თუნდაც მანამდე ისინი მისი მტრები ყოფილიყვნენ. მას შემდეგ, რაც ამელიას დამ, მარია II-მ პორტუგალიის ტახტი დაიბრუნა, მან თავის დედინაცვალსა და ნახევარ-დას კილეზის სასახლე გამოუყო. აქ პედრუ, ამალია და ამელია ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ არა დიდხანს. სულ ცოტა ხანში პედრუს ტუბერკულოზი შეეყარა და 1834 წლის 24 სექტემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე პედრუმ თავის ცოლს ამალიაზე ასეთი რამ დაუბარა:

 
„ყოველთვის უთხარი მამის შვილს, თუ როგორ ძლიერად მიყვარდა... არ დამივიწყოს... ყოველთვის დაემორჩილოს დედას... ეს ჩემი უკანასკნელი სურვილია.“

დაქვრივებული ამალია ლოიხტენბერგელი მეორედ აღარ გათხოვილა და დარჩენილი წლები ერთადერთი ქალიშვილის აღზრდას შეალია. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილი პორტუგალიაში დარჩნენ და სამეფო ოჯახთანაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, ისინი არ ცხოვრობდნენ სამეფო კარზე და არ სამეფო ოჯახის წევრებად განიხილებოდნენ. მარია ამელია არასოდეს ყოფილა ბრაზილიაში, მაგრამ დედამისი გააფთრებით მოითხოვდა მისთვის ბრაზილიის პრინცესის წოდების მინიჭებას, რითაც დიდ შემოსავალს მიიღებდნენ. ის რომ პედრუს მმართველობისას დაბადებულიყო სადავო არაფერი იქნებოდა, მაგრამ მისი გაჩენისას მამამისი მონარქი აღარ იყო და ისიც არ ითვლებოდა პრინცესად. ამალია დაჟინებით სთხოვდა თავის გერს, იმპერატორ პედრუ II-ს ამელიასათვის პრინცესის წოდების მინიჭებას. პედრუს ყოველთვის ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალთან, ამიტომაც 1840 წელს იმპერატორის გავლენით ბრაზილიის პარლამენტმა მარია ამელია ბრაზილიის პრინცესად გამოაცხადა და დიდი თვიური პენსიაც დაუნიშნა. სულ მალე მარია ამელია აღიარეს ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის წევრადაც, თუმცა ეს უფრო მოგვიანებით, 1841 წლის 5 ივლისს მოხდა.

განათლება და ნიშნობა

რედაქტირება
 
მარია ამელიას მიერ შექმნილი ნახატი

დედამისმა ამელიასათვის ბრწყინვალე განათლების მიცემა გადაწყვიტა, რის გამოც 1840 წლის შუა რიცხვებში იგი მასთან ერთად ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში გადასახლდა. მიუნხენში ამალიას ნათესავებიც ცხოვრობდნენ და თანაც იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კულტურულ ქალაქად ითვლებოდა. მარია ამელია ძალზედ ბეჯითი მოსწავლე იყო და იგი შეისწავლიდა რიტორიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, გერმანულ ლიტერატურას, მათემატიკასა და ფიზიკას. გარდა მშობლიური პორტუგალიურისა, იგი ასევე სწავლობდა ფრანგულს, გერმანულსა და ინგლისურს. მან განსაკუთრებული ნიჭი გამოავლენა ხატვის, ცეკვისა და მუსიკის სფეროებში. მამის ხსოვნამ აშკარად განაპირობა ამელიას ერთგული დამოკიდებულება სწავლისადმი. მართალია როდესაც პედრუ გარდაიცვალა იგი იმდენად პატარა იყო რომ საერთოდ არ ახსოვდა მამა, მაგრამ დედის წყალობით იგი მას კარგად იცნობდა და ცდილობდა მისთვის იმედები არ გაეცრუებინა. მამის გარდაცვალებამ იმდენად ღრმა ტკივილი მიაყენა ამელიას, რომ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა ამასთან გამკლავებას. ბავშვობაში იგი დედას ხშირად ეკითხებოდა ასეთ რამეს:

 
ერცჰერცოგი მაქსიმილიან ავსტრიელი
 
„და მამაჩემი, რომელიც ზეციდან მიყურებს, ამაყობს თავისი ქალიშვილით ?“

მარია ამელიას უყვარდა იმ ბაღში სეირნობა, სადაც ერთ დროს ხეები მამამისის ბრძანებით დარგეს. იგი ამასთან დაკავშირებით ამბობდა:

 
„ამ ხეების დანახვისას, ჩემში ყოველთვის ღრმა მწუხარება იჭრება. მათ გაუძლეს მამაჩემის გარდაცვალებას, და ალბათ გაუძლებენ ჩვენი ყველასას. ეს ადამიანის უბრალო, სულელური წარმოსახვაა. ყველა არსებას შორის, სწორედ ადამიანშია თავმოყრილი ყველაზე მეტი სისულელე. ადამიანი კვდება, ის საგნები კი, რომლებიც მისი გამოყენებისთვის შეიქმნა საუკუნეებს უძლებენ და გვტანჯავენ !... მაგრამ მე, ბოლომდე მაინც ვერ ვწვდები ჩემს მელანქოლიურ ანარეკლებს.“

1850 წლის ბოლოს მარია ამელია და დედამისი პორტუგალიაში დაბრუნდნენ, სადაც მათ დედოფალმა მარია II-მ საცხოვრებლად ჟანელაშ-ვერდეს სასახლე გამოუყოთ. 1852 წლის დასაწყისში, მისი ბიძაშვილი, ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიანი, რომელიც ავსტრიის საზღვაო ძალებში მსახურობისას პორტუგალიაში მოხვდა მარია ამელიას ეწვია. მაქსიმილიანის დედა იყო ამელიას დედის უმცროსი და, და ორივე ქალი ბავარიული წარმოშობის ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ. თავდაპირველად ისინი 1838 წელს შეხვდნენ ერთმანეთს მიუნხენში, ოჯახური ყრილობისას, თუმცა ამ დროს ამელია მხოლოდ შვიდი წლის იყო. მეორე შეხვედრამ დიდი გავლენა მოახდინა ორივეზე და მათ ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. მაქსიმილიანი მალევე მოიხიბლა მარია ამელიათი, რომელიც ძალიან ლამაზი, ახალგაზრდა და განათლებული ქალი იყო, ლურჯი თვალებითა და სამეფო წარმომავლობით. ყოველივე ამის გამო, მაქსიმილიანი და ამელია დაინიშნენ, თუმცა მათ შეუღლება ვერასდროს შეძლეს.

გარდაცვალება

რედაქტირება
 
მარია ამელიას გარდაცვალება

1852 წლის თებერვალში, მარია ამელიამ იმ დროისათვის მომაკვდინებელი წითურას ცხელება გადაიტანა. ეს სასწაულის ტოლფასი იყო, მაგრამ დაავადებასთან ბრძოლამ გაანადგურა მისი იმუნიტეტი. რამდენიმე თვეში დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება: დაეწყო მუდმივი ხველა და გამოავლინა ტუბერკულოზის ადრეული სტადიის ნიშნები. ექიმების რჩევით, 1852 წლის 26 აგვისტოს, ამელიამ დედასთან ერთად დატოვა ლისაბონი და კუნძულ მადეირაზე გაემგზავრა, სადაც ქალაქ ფუნშალში დასახლდა. ამ კუნძულის კლიმატს საოცარი რეპუტაცია ჰქონდა და ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ამელია აქ განიკურნებოდა. როგორც ცნობილია, მადეირაზე ჩასვლიდან მალევე ამელიამ გამოჯანმრთელება დაიწყო, რა დროსაც განაცხადა: „ხველა ქრება, როგორც ექიმები ამბობენ, თითქოს მაგიაა !“.

მარია ამელია, დედამისი და მათი მხლებლები ფუნშალში 31 აგვისტოს ჩავიდნენ. ქალაქში მათ ხალხი დიდი ზეიმით დახვდა და პრინცესა დიდი სიხარულით მიაცილეს სასახლემდე. მარია ამელია ძალიან მოიხიბლა ამ ტროპიკული კუნძულით და დედას უთხრა:

 
„თუ ერთ დღეს ჩემი ძლიერი ჯანმრთელობა დამიბრუნდება, ასე არ არის დედა?, ჩვენ დიდხანს დავრჩებით ამ კუნძულზე. ჩვენ ექსკურსიას მოვაწყობთ მის მაღალ მთებში. ბილიკებზე ვისეირნოთ, ისე, როგორც ეს შტაინში გავაკეთეთ !“

გამოკეთება დიდხანს არ გაგრძელდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშინლად დამძიმდა, უკვე ნოემბრისთვის კი ყველანაირი იმედი გაქრა. 1853 წლის დასაწყისში ამელია საწოლიდან საერთოდ ვეღარ დგებოდა და იცოდა, რომ სიკვდილი მოუახლოვდა. ამ დროს მან ასეთი რამ განაცხადა:

 
„ჩემი ძალა, დღითიდღე მცირდება. მე ვგრძნობ ამას... ვგრძნობ... დასასრულის დასაწყისისკენ მივდივარ.“

1853 წლის 4 თებერვლის ღამეს, კათოლიკე მღვდელმა ტრადიციული რიტუალები ჩაატარა. ამის შემდეგ, მარია ამელია საწოლზე წამოჯდა და დედას უთხრა:

 
„ნუ ტირი... ღვთის ნებას უნდა შეურიგდე. ბოლო თვეში იგი მე დამეხმარა, იქნებ შეძლოს და ანუგეშოს ჩემი საწყალი დედაც !“

მარია ამელია ბრაზილიელი ამავე დღეს, 1853 წლის 4 თებერვალს, დილის 04:00 საათზე გარდაიცვალა, 21 წლის ასაკში. პრინცესას ცხედარი დროებით ფუნშალის კათედრალში დარჩა, 1853 წლის 7 მაისს კი იგი პორტუგალიაში გადაასვენეს. 12 მაისს მისი კუბო ლისაბონში შეასვენეს და დაიწყო გრანდიოზული პანაშვიდიც. იგი დაკრძალეს ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში, მამამისის გვერდით. მისი დაკრძალვიდან 130 წლის შემდეგ, 1982 წელს ამელიას ნეშტი ბრაზილიაში გადაასვენეს და რიო-დე-ჟანეიროში, წმინდა ანტონიოს სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, სადაც ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებიც განისვენებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Almeida, Sylvia Lacerda Martins de (1973). Uma filha de D. Pedro I: Dona Maria Amélia (in Portuguese). São Paulo: Companhia Editora Nacional. OCLC 633948363.
  • Barman, Roderick J. (1999). Citizen Emperor: Pedro II and the Making of Brazil, 1825–1891. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 978-0-8047-3510-0.
  • Calmon, Pedro (1950). O Rei Cavaleiro (in Portuguese) (6 ed.). São Paulo, São Paulo: Edição Saraiva.
  • Calmon, Pedro (1975). História de D. Pedro II (in Portuguese). 5. Rio de Janeiro: José Olympio. OCLC 3577729.
  • Fleiuss, Max (1940). Dom Pedro Segundo (in Portuguese). Rio de Janeiro: Imprensa Nacional.
  • "História: Mausoléu Imperial" [History: Imperial Mausoleum]. Santuário e Convento de Santo Antônio (in Portuguese). Rio de Janeiro: Província Franciscana da Imaculada Conceição do Brasil. 2010. Archived from the original on 10 March 2011. Retrieved 2 April 2011.
  • Haslip, Joan (1971). The Crown of Mexico: Maximilian and His Empress Carlota. New York, New York: Holt, Rinehart and Winston. ISBN 978-0-03-086572-5.
  • Hyde, H. Montgomery (1946). Mexican Empire: the history of Maximilian and Carlota of Mexico. London: Macmillan & Co.
  • Laemmert, Eduardo (1849). Almanak Administrativo, Mercantil e Industrial (Almanaque Laemmert) (in Portuguese). Rio de Janeiro: Eduardo e Henrique Laemmert & C.
  • Laemmert, Eduardo (1853). Almanak Administrativo, Mercantil e Industrial (Almanaque Laemmert) (in Portuguese). Rio de Janeiro: Eduardo e Henrique Laemmert & C.
  • Longo, James McMurtry (2008). Isabel Orleans-Bragança: The Brazilian Princess Who Freed the Slaves. Jefferson, North Carolina: McFarland & Company. ISBN 978-0-7864-3201-1.
  • Lira, Heitor (1977) [1938]. História de Dom Pedro II (1825–1891): Ascenção (1825–1870) (in Portuguese). 1. Belo Horizonte: Itatiaia. OCLC 163324850.
  • Morato, Francisco de Aragão (1835). Memória sobre a soccessão da coroa de Portugal, no caso de não haver descendentes de Sua Magestade Fidelíssima a rainha D. Maria II (in Portuguese). Lisbon: Typographia de Firmin Didot.
  • Schmidt, Maria Junqueira (1927). Amelia de Leuchtenberg: A segunda imperatriz do Brasil (in Portuguese). São Paulo: Companhia Melhoramento de São Paulo.
  • Sousa, Octávio Tarquínio de (1972) [1954]. A vida de D. Pedro I (in Portuguese). 3. Rio de Janeiro: José Olympio. OCLC 634896259.
  • Torres, Lígia Lemos (1947). Imperatriz Dona Amélia (in Portuguese). São Paulo: Elvino Pocai.