მარიამ ყაუხჩიშვილი
მარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1866, ქუთაისი — გ. 20 მარტი, 1939, ქუთაისი)[1] — ქართველი პედაგოგი, ქუთაისის ქალთა კერძო გიმნაზიის დამაარსებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირებამარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილი დაიბადა ქუთაისში. 1886 წელს დაასრულა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის 8 კლასი პედაგოგიური განხრით. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო კათოლიკეთა პირველდაწყებით სკოლაში ყველა საგნის მასწავლებლად, სადაც 1892 წლამდე მუშაობდა. 1892 წელს იოსებ ოცხელმა ქუთაისში გახსნა საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით და მარიამი მასწავლებლად მიიწვია.
პედაგოგიკაში ცოდნის გასაღრმავებლად, მარიამი 1895 წელს პეტერბურგში გაემგზავრა გერმანელ პედაგოგ ფრიდრიხ ფრებელის (1782-1852) სისტემით მომუშავე საბავშვო ბაღების გასაცნობად. მან პეტერბურგში სამი თვე დაჰყო. ამის შემდგომ, 1896 წელს, მარიამმა სწავლა გააგრძელა ჟენევაში პედაგოგიურ კურსებზე. აქ იგი საფუძვილანად დაეუფლა საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების სტრუქტურას, მუშაობის შინაარსსა და მეთოდებს. ჟენევიდან იგი პარიზში ჩავიდა, სადაც გაეცნო ფრანგული სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასწავლო და აღმზრდელობით მიდგომებს.
ჟენევასა და პარიზში მიღებული გამოცდილებით 1898 წელს მარიამი სამშობლოში დაბრუნდა. იგი ლიდია ანჯაფარიძემ თავის კერძო სასწავლებელში მიიწვია მასწავლებლად.
პედაგოგიური მოღვაწეობა ქალთა გიმნაზიაში
რედაქტირებამარიამ ყაუხჩიშვილის მიზანი საკუთარი სკოლის დაარსება იყო, რათა დახმარებოდა ღარიბ ფენიდან გამოსულ ახალგაზრდობას, რომელიც ვერ ახერხებდა სწავლას მთავრობის მიერ გახსნილს გიმნაზიებსა და სასულიერო სასწავლებლებში.
1899 წელს მთავრობის ნებართვით ლიდია ანჯაფარიძემ და მარიამ ყაუხჩიშვილიმა ქუთაისში დააარსეს ქალთა კერძო ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიის კურსით. ამავე წლის სექტემბერში გაიხსნა მხოლოდ ორი მოსამზადებელი გამყოფილება და პროგიმნაზიული პირველი კლასი.[2][3]
1903 წელს მეორე ხარისხის კერძო სასწავლებელი სადაც მარიამ მსახურობდა, მის ხელმძღვანელობაში გადავიდა. პროგიმნაზია იზიდავდა ღარიბი მოსახლეობის შვილებს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უფლება ეძლეოდა გაეგრძელებინა სწავლა მთავრობის გიმაზიაში. მარიამის მიზანს წარმოადგენდა სასწავლებლი გიმნაზიად გადაეკეთებინა. მისი პირადი შუამდგომლობითა და სკოლაში სასწავლო პროცესის სანიმუშოდ მოწყობით 1908 წელს პროგიმნაზია პირველი ხარისხის სასწავლებლად გადაკეთდა, თანდათანობით მას დაემატა 5-6-7-8 კლასები. მარიამის მოთხოვნით, მთავრობის სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა სასწავლებელი. კომისიამ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სავსებით დამაკმაყოფილად ცნო. 1913 წელს მთავრობის ნებართვით სასწავლებელი სრულუფლებიან ქალთა გიმნაზიად დამტკიცდა და მას მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი მიენიჭა.
მარიამის პროგიმნაზია თბილისის ქუჩაზე, კერძო შენობაში იყო მოთავსებული. შენობა ეკუთვნოდა პეტრე გოკიელს, რომელმაც მხარი დაუჭირა მარიამის პატრიოტულ საქმიანობას და შეღავათიან ფასში დაუთმო შენობა. მარიამმა ქუთაისში მცოხვრები ქართველი კათოლიკეების დახმარებითა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკიდან აღებული სესხით 1909 წელს სასწავლებლისთვის ქალქის ცენტრში შენობა შეიძინა, მოზრდილი ხეხილის ბაღით. ბაღის შემოსავალი სასწავლებლის მატარიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდებოდა.
გიმნაზიაში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. იმ დროს, როდესაც ოფიციალურ სასწავლებლებში ქართული ენა და ლიტერატურა იდევნებოდა, მარიამთან ამ საგანს წამყვანი როლი ენიჭებოდა. ეს გიმნაზია ერთადერთი იყო, სადაც საქართველოს ისტორიას ასწავლიდნენ. მან გერმანიიდან გამოიწერა ფიზიკისა და ბიოლოგიის სრული კაბინეტი, შეუქმნა სასწავლებელს ქართული და რუსული გამოცემებით მდიდარი ბიბლიოთეკა. დიდი ყურადღება ექცეოდა მოსწავლეთა შრომით აღზრდას. მას გიმნაზიაში მოწყობილი ჰქონდა ჭრა-კერვის სახელოსნო. სწავლის გადასახადი სამთავრობო სასწავლებლებთან შედარებით მცირე იყო. ობლები და გაჭირვებული ოჯახის შვილები გადასახადისგან თავისუფლდებოდნენ. ღარიბ მოსწავლეებს სტიპენდიები ენიშნებოდათ. გიმნაზია ქალთა სასწავლებელი იყო, მაგრამ აქ სწავლით დაინტერესებულ ღარიბ ვაჟებსაც ღებულობდნენ.
გიმნაზიაში საქმიანობის გარდა, ქართველი პედაგოგი წლების მანძილზე უფასოდ ასწავლიდა საკვირაო სკოლაში. იყო აქტიური წევრი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქუთაისის ქალთა საზოგადოების. ოჯახი არ შეუქმნია, ცხოვრობდა საკუთარი გიმნაზიის შენობაში.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყაების შემდეგ, მარიამის კერძო გიმნაზიის ბაზაზე დაარსდა არასრული საშუალო სკოლა. 1937 წლეს მას სკოლა ჩამოართვეს და დირექტორის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, თუმცა სკოლის კედლებში დარჩენის უფლება მისცეს.[4]
მარიამი 1939 წლის 20 მარტს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარი სკოლის კედლებში. დაკრძალეს საფიჩხიის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლილუაშვილი კ., მარიამ ყაუხჩიშვილი. - თბილისი, 1973.
- სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 3. - თბილისი, 1968. - გვ. 146-149.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლილუაშვილი კ., მარიამ ყაუხჩიშვილი. - თბილისი, 1973.
- ↑ ქუთაისი. წელს პირველ სექტემბერს... / ივერია. – თბილისი, 1899. – 10 აგვისტო. – N169. – გვ. 2.
- ↑ ლილუაშვილი კ., მარიამ ყაუხჩიშვილი. - თბილისი, 1973. - გვ. 7.
- ↑ მარიამ ყაუხჩიშვილი - ქუთაისელი პედაგოგი ევროპული განათლებით (ვიდეო)