მანდატური (ლათ. mandaturus) — ხელჯოხიანი, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. ტერმინი „მანდატური“ ქართულ ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, „მანდატური სამასი სახლი არის ამიერ და იმიერ... სამნი აზნაური არიან... და სხვაჲ ყველა გლეხია“. მანდატურები მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მათ ევალებოდათ სავაზირო შენობის დაცვა სხდომების დროს, საპატიო მგზავრის გაყოლა, სამეფო ზვრების სამუშაოთა ხელმძღვანელობა და სხვა. მანდატური თავის სამოხელო ნიშანს — არგანს ატარებდა. გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მანდატურის მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინები ბოქაული და იასაული.

თანამედროვე საქართველოში პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში არსებობს მანდატურის სამსახური, რომლის მიზანია პარლამენტის სასახლეში პარლამენტის პლენარული და კომიტეტების სხდომების მიმდინარეობისას დარბაზში და მის გარე პერიმეტრზე წესრიგის დაცვა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მანდატურის სამსახური. საქართველოს პარლამენტის საიტი