მამაშაურის ეკლესია

მამაშაურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე მღვრიეხევის მარცხენა ნაპირზე შემაღლებულ ადგილას. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა და კირის ხსნარით. გარეთა კედლების წყობაში ალაგ-ალაგ ლოდებიცაა ჩართული. წყობა ირეგულარულია, გარედან კედლების ზედაპირი ბათქაშით ყოფილა გასწორებული. შიგნით კედლები წვრილი რიყის ქვისაა და მთლიანად შელესილი ყოფილა. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდნის უმეტესი ნაწილი, განგრეულია ჩრდილოეთ კედელი, კამარის მთელ სიგრძეზე განიერი ბზარი გასდევს, ფასადებზე აქა-იქ ამოცვენილია საპირე ქვები. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელია და ორი მცირე ზომის სწორკუთხაა ნიშაა. საკურთხეველი დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითა და მათზე გადაყვანილი ნალისებრი თაღითაა გამოყოფილი. თაღების ქუსლებთან შირიმის ტლანქად ნაკვეთი იმპოსტებია, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს დასავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი თითო სარკმელიც აშუქებს. დასავლეთ სარკმელი ორივე მხრიდან თაღოვანია, სამხრეთისა კი თარაზულადაა გადახურული.

დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით საბჯენი თაღის გარეშე. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ნახევარწრიული თაღი გამოკვეთილია შირიმის ნახევარწრიული ფორმის ქვაში რომელზეც ამოკვეთილია ბოლოებგაფართოებული ტოლმკლავი ჯვარი. ქვას ზემოდან ევლება შირიმისავე ქვაში გამოკვეთილი რელიეფური თავსართი ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებში. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია რიყის ბრტყელი ქვებისგან ნაწყობი ორსაფეხურიანი ლავგარდნის ნაწილი.

ლიტერატურა რედაქტირება