მაკა ასათიანი (ჟურნალისტი)

საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

მაკა (მაყვალა) ასათიანი (დ. 16 ოქტომბერი, 1948, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე.

მაკა ასათიანი
მშობლიური სახელი მაკა ასათიანი
დაბადების სახელი მაყვალა ასათიანი
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1948
თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ჟურნალისტი
აქტიური 1974 — დღემდე
დამსაქმებელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მშობლები მამა: ელიზბარ უბილავა
დედა: ვერა ხობელია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაკა ასათიანი დაიბადა 1948 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში. მამა — ელიზბარ უბილავა ქართველი მწერალი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ჟურნალისტი იყო.

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქეთის ისტორიის განხრით. 1974-1977 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1981 წლიდან 1990 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის საერთაშორისო ცხოვრების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი.

  • 1987-1990 — მოზამბიკის ტელევიზიის მოწვეული კონსულტანტი.
  • 1990-1995 — საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის საერთაშორისო პროგრამების მთავარი რედაქციის განყოფილების გამგე.
  • 1995-2004 — საქტელერადიომაუწყებლობის საერთაშორისო პროგრამების დირექციის დირექტორის მოადგილე.

1992 წლიდან 2004 წლამდე მაკა ასათიანი იყო საქტელერადიომაუწყებლობის საერთაშორისო პროგრამების დირექციის დირექტორის მოადგილე, ამზადებდა და მიჰყავდა საავტორო ტელეპროგრამა „საქართველო და გარესამყაროს“.

2005-2006 წლებში იყო ტელეკომპანია „მზის“ პროდიუსერი. 2006-2008 განახორციელა პროექტის „გზა ევროპისკენ“ — იყო მისი ავტორი და მთავარი პროდიუსერი.

2008-2010 წლებში ტელეკომპანია „მზეში“ იყო სატელევიზიო გადაცემა „სტუდენტური დემოკრატიის“ მთავარი პროდიუსერი. 2010 წლიდან 2017 წლამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოე არხის აღმასრულებელი პროდიუსერი და სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, მათ შორის „არგუმეტების დროს“ პროდიუსერი. 2017-2019 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო გადცემების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2019 წლიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგის ჯგუფის მკვლევარი.

ყოველკვირეული სატელევიზიო პროგრამა „საქართველო და გარესამყარო“

რედაქტირება

გადაცემა 1992 წლიდან 2004 წლამდე გადიოდა ეთერში და აშუქებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, და სხვა კონტაქტებს უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებსა და პროცესებს.

პროგრამა აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და უცხოურ მისიებთან. პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფი, ხვადასხვა დროს, მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ჩინეთში, ირანში, ეგვიპტეში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლიტვაში, მოსკოვში.

მომზადდა ექსკლუზიური გადაცემები გაეროს, ევროკავშირის და ნატოს ცენტრალური ოფისებიდან. მოგზაურობების შედეგად შექმნილი გადაცემები, ფილმები, კლიპები გადაიცა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით.

„გზა ევროპისკენ“

რედაქტირება

მაკა ასათიანის პროექტი „გზა ევროპისკენ“ 2005-2008 წლებში განხორციელდა ტელეკომპანია „მზეში“ და მოიცავდა 13-სერიან სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებს. მისი იდეა ევროკავშირის 2004-2007 წლების უპერეცედენტო გაფართოებას დაუკავშირდა. მიზანი იყო „ახალი ევროპის“ ანუ ევროკავშირში ახლადგაწევრიანებული 12 ქვეყნის (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, მალტა, კვიპროსი) პოლიტიკური, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური პორტრეტების წარმოჩენა, დოკუმენტური ფილმების სახით. ქართული აუდიტორიისთვის თვალსაჩინო უნდა გამხდარიყო, როგორ მიაღწია აღმოსავლეთ ევროპის თორმეტმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობას, რატომ გახდა ეს ქვეყნები ყველაზე მიმზიდველი ევროკავშირისთვის, რა აქვთ საერთო ამ ქვეყნებს საქართველოსთან, როგორ გრძნობენ თავს ახალი ევროპის მოქალაქეები დიდ ოჯახში და რა სიკეთე მოუტანა მათ ახალ ევროპულ სივრცეში ცხოვრებამ, რამდენად რთული იყო იმ მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულება, რომელსაც ევროკავშირი უყენებდა ახალი ევროპის ქვეყნებს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ფილმებში უნდა წარმოჩენილიყო, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზა, ამ ორგანიზაციების მოთხონების შესრულებასა და თანამშრომლობაზე გადიოდა.

ტელეკომპანია “მზის” გადამღებმა ჯგუფმა იმოგზაურა 13 ქვეყანაში, შეასრულა მასშტაბური გადაღებები, ინტერვიუ ჩამოართვა მრავალ ადამიანს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ევროპარლამენტარებს, უბრალო ადამიანებს, ტურისტული სააგენტოების და დეპარტამენტების წარმომადგენლებს, ტურისტებს, სტუდენტებს, განათლების სფეროს, პროფკავშირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელებს, ახალ ინვესტორებს, უდიდესი საწარმოების გენერალურ დირექტორებს, მენეჯერებს, შოუ- ბიზნესის წარმომადგენლებს, ხელოვნების მუშაკებს, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს და მრავალ სხვას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება