მათუთა[1] (ლათ. Blitum virgatum, Chenopodium foliosum) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. იზრდება 70 სმ-მდე სიმაღლის. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, იშვიათად — მარტივი. ფოთლები ორივე მხარეს მწვანეა, ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები გრძელყუნწიანია, აქვთ კვერცხისებურ-სამკუთხა ფორმა. ყვავილედი გრძელი, თავთავისებური და წვერამდე შეფოთლილია. ყვავილსაფარი ძირითადად სამად არის გაყოფილი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, დასავლეთ ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, ირანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე — ქვიან ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში.[2] ზოგიერთი წყაროს მიხედვით შედის ნაცარქათამას (Chenopodium) გვარში.

მათუთა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  Blitum
სახეობა:  მათუთა
ლათინური სახელი
Blitum virgatum L., 1753

ქართლში ეწოდება ძაღლამარწყვა, კატამარწყვა, ძაღლყურძენა (ეს უკანასკნელი აგრეთვე რაჭაში); კახურად – მათუთელა; ქიზიყურად — ძაღლის თუთა; მესხურად – ძაღლმარწყვა, ძაღლის მარწყვი; თუშურად – ძაღლთჟოლა; მთიულურად – ძაღლის ჟოლო; მოხევურად – ძაღლიხილაი, ძაღლის ხუნწაი; ლეჩხუმურად – ძაღლიმაყვალა.[1]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., მათუთა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 20.