მაგრანეთის კოშკი
მაგრანეთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში შირიმის სწორკუთხა ქვებია გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვები, მონგრეულია სამხრეთ-დასავლეთ კუთხე, ჩამოშლილია გარეთა კუთხეების წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი და კედლების ზედა ნაწილები. კოშკი გეგმით სწორკუთხაა (7 x 4,4 მეტრი), შემორჩენილია ორსართულნახევრის სიმაღლეზე (სიმაღლე 7 მეტრი). პირველი და მეორე სართულის გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა დაყრდნობილი. ორივე სართულის ჩრდილო და სამხრეთ კედლებში, ერთმანეთის პირდაპირ, შემორჩენილია ხუთ-ხუთი საძელე ბუდე. პირველი სართულის კედლები ყრუა, მეორე სართულის ჩრდილო კედელში გაჭრილია სწორკუთხა კარი. აღმოსავლეთ კედელში ერთი სათოფურია, მესამე სართულის კედლებიდან მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 390.