ლუკა ისარლიშვილი
ლუკა სტეფანეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) (დ. 23 ნოემბერი, 1814 — გ. 11 სექტემბერი, 1893, თბილისი) — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე (ცენზორი).
მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია (1833), სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად სწავლობდა და პოეტის შესახებ საინტერესო მოგონება დატოვა. სხვადასხვა პერიოდში მსახურობდა თბილისის, ქუთაისის, გორის, ახალციხის ადმინისტრაციულ, სასწავლო და სასამართლო დაწესებულებებში. იყო ცარიზმის ოფიციალური პოლიტიკის ერთგული დამცველი და გამტარებელი, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა 1881-1888 წლებში, როცა ისარლოვი „კავკასიის საცენზურო კომიტეტში“ სახურობდა უმცროს ცენზორად და მდივნად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ის ქართულ ჟურნალ-გაზეთებს უკრძალავდა ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნებას, რომელიც არ ეთანხმებოდა გაბატონებულ სახელმწიფო იდეოლოგიას. თანამედროვენი მას მიაწერენ გაზეთ „დროების“ დახურვის ინიციატივას.
ისარლოვი თანამშრომლობდა ქართულ- („ცისკარი“) და რუსულენოვან („კავკაზ“, „ტიფლისსკი ვესტნიკ“, „ტიფლისსკი ლისტოკ“, „გოლოს“ და სხვ.) პრესასთან, აქვეყნებდა ორიგინალურ და ნათარგმნ ლექსებს, ქართველოლოგიურ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის თხზულებებს, მემუარებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ლექსნი, თქმულნი ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვისა, ზ. ჭიჭინაძი გამოც., ტფ., 1895;
- კათოლიკენი საქართველოში, ტფ., 1898;
- მოკლე კანონნი ქართულის პოეტიკისა ანუ ლექსთა თხზულებისანი, წგ.: ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.), თბ., 1954;
- Письма о Грузии, Тфл., 1899.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბექირიშვილი ი., ნარკვევები აჭარის წარსულიდან, ბათ., 1982;
- მანსვეტაშვილი ი., მოგონებები, თბ., 1985;
- ხელთუბნელი მ., სალიტერატურო-საზოგადოებრივი წარსულიდან, თბ., 1938;
- ჯოლოგუა თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 359.