ლუი ნიკოლა დავუ
ლუი ნიკოლა დ’ავუ (ფრანგ.: Louis-Nicolas d'Avoût), იგივე დავუ (ფრანგ.: Davoût), აუერშტეტის ჰერცოგი, ეკმიულის და იმპერიის თავადი (ფრანგ.: duc d'Auerstedt, prince d'Eckmühl et de l'empire) (დ. 10 მაისი, 1770, ანუ, ბურგუნდია — გ. 1 ივნისი, 1823, პარიზი) — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის პერი, საფრანგეთის მარშალი. იგი ითვლება ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად. მისი სიმკაცრისა და დისციპლინისადმი მეტსახელად „რკინის მარშალი“ შეარქვეს, ხოლო ჰამბურგის გუბერნატორობის დროს (1813–1814) გამოჩენილი სისასტიკისათვის — „ჰამბურგის რობესპიერი“.
ლუი ნიკოლა დავუ | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1770[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | Annoux |
გარდაცვალების თარიღი | 1 ივნისი, 1823[1] [3] [4] [5] [6] [9] [7] [8] |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[10] |
ჯარის სახეობა | საფრანგთის სახმელეთო არმია |
წოდება | Marshal of the Empire და გენერალი[11] |
ბრძოლები/ომები | საფრანგეთის რევოლუციური ომები და ნაპოლეონის ომები |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Marshal of the Empire, წმინდა ლუდოვიკოს ორდენის კავალერი, საფრანგეთის მარშალი, Grand Cross of the Order of Maria Theresa, names inscribed under the Arc de Triomphe, Godfather promotion of Special Military School of Saint-Cyr, Grand Cross of the Order of Military Virtue, რკინის გვირგვინის ორდენი, Order of Saint Stephen of Hungary, Order of Maria Theresa I და Knight Grand Cordon of the Order of Christ[12] |
ბიოგრაფია
რედაქტირებადავუ არისტოკრატული და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო და ნაპოლეონთან ერთად სწავლობდა ბრიენის კადეტთა სასწავლებელში. 1788 წელს მან სამხედრო სამსახური დაიწყო ლეიტენანტის წოდებით ერთ-ერთ კავალერისთა პოლკში. საფრანგეთის რევოლუციას დავუ აღფრთოვანებით შეხვდა და მიუხედავად არისტოკრატული წარმომავლობისა რევოლუციონერთა რიგებში ჩადგა. 1791 წელს იგი მოხალისეთა ბატალიონის მეთაური გახდა. იგი წარმატებით იბრძოდა ჟემაპთან და ნეერვინდენთან გენერალ დიუმურიეს ხელქვეით. 1793 წლის ივლისში მას ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა, თუმცა იძულებული გახდა არმია დაეტოვებინა, ვინაიდან ახალი რევოლუციური დეკრეტის მიხედვით ყოფილ არისტოკრატებს სამხედრო სამსახური ეკრძალებოდათ.
9 თერმიდორის შემდეგ იგი აღდგენილ იქნა თავის ყოფილ რანგში „მოზელის არმიაში“, 1795 წელს იბრძოდა გენერალ პიშეგრიუს ხელქვეით „რაინის არმიაში“ და მანჰაიმის აღების დროს ტყვედ ჩავარდა. დავუ მალე გაცვლილ იქნა გერმანელ გენერალში და 1796 წლის 20 აპრლის თავი გამოიჩინა გენერალ მოროს ხელქვეით მდინარე რაინის გადალახვისას.
დავუ იბრძოდა ნაპოლეონის იტალიურ არმიაში და ეგვიპტის ექსპედიციაში, რომლის დროსაც მან, როგორც კავალერიის გენერალმა ბონაპარტის ნდობა მოიპოვა. 1800 წელს მას დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა და დაინიშნა „იტალიური არმიის“ კავალერიის სარდლად. მარენგოსთან ბრძოლის შემდეგ იგი კონსულის გვარდიის გრენადერთა სარდალად, ხოლო ნაპოლეონის ტახტზე ასვლის შემდეგ იმპერატორის გვარდიის მთავარსარდლად დაინიშნა და საფრანგეთის მაშრლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1805 წლის ოქტომბერში ავსტრიის წინააღმდეგ ომში იგი საფრანგეთის არმიის მე-3 კორპუსს და აუსტერლიცის ბრძოლაში არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა. 1806 წლის ოქტომბერში თავისი კორპუსით დავუ დამოუკიდებლად მოქმედებდა პრუსიის წინააღმდეგ და იმავე წლის 14 ოქტომბერს მათი მთავარი ძალები დაამარცხა იენასთან და აუერშტეტთან. ამ გამარჯვების აღსანიშნავად ნაპოლეონმა მას აუერშტეტის ჰერცოგის ტიტული უბოძა. შემდგომში დავუმ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პრუსიაში წარმოებულ ბრძოლებში პრუსიულ აილაუსთან, ჰაილსბერგთან და ფრიდლანდთან, რის შემდეგაც იგი ვარშავის დიდი საჰერცოგოს გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
ავსტრიის წინააღმდეგ ახალ ომში 1809 წლის 22 აპრილს მან ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია ეკმიულთან ბრძოლაში, ხოლო ვაგრამთან ბრძოლაში სარდლობდა ნაპოლეონის არმიის მარჯვენა ფლანგს და თავისი შემოვლითი მანევრით უდიდესი წვლილი შეიტანა ფრანგების გარაჯვებაში. ამ დამსახურების გამო ბონაპარტმა ავტრიასთან ზავის დადების შემდეგ ლუი-ნიკოლა დავუს ეკმიულის თავადის ტიტული უბოძა და 1811 წელს ელბის შესართავების დეპარტამენტების გენერალ-გუბერნატორად დანიშნა.
რუსული კამპანიის დროს დავუ არმიის 1-ელ კორპუსს სარდლობდა 1812 წლის 23 ივლისს მოგილევთან ბრძოლაში დაამარცხა პეტრე ბაგრატიონი. 27 ივლისს ვიტებსკთან ბრძოლაში თავისი არმიის მოქნილი ტაქტიკური სვლით გენერლების დოხტუროვის და ბაგრატიონის კორპუსები ჩამოაშორა ბარკლაი დე ტოლის დასავლეთის არმიას. „დიდი არმიის“ უკანდახევის დროს მან თავისი კორპუსის ნარჩენებს თავი საქსონიაში მოუყარა და მდ. ელბის ქვემო დინებისაკენ გადაისროლა. 1813 წლის 31 მაისს დავუმ აიღო აქამდე გენერალ ფრიდრიხ კარლ ფონ ტეტენბორნის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ჰამბურგი და საფრანგეთის ღალატის საფასურად 48 მილიონი ფრანკი რეპერაცია დააკისრა. ამ ჯარიმის ამოღებისას დავუმ უკიდურესი სისასტიკით გამოიჩინა თავი. მაგ.: 1813 წლის 5 ნოემბერს მისი ბრძანებით ჰამბურგის ბანკი დააცარიელეს და 7.489.343 მარკა ამოიღეს. იმავე წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოჯანყე სახალხოდ დახვრიტეს, 20.000-ზე მეტი ჰამბურგელი მოსახლე ქალაქიდან გააძევეს და 8.000-მდე სახლი დაწვეს.
დავუს ერთ-ერთი დიდ სამხედრო მიღწევად ითვლება მის მიერ ჰამბურგის დაცვა მოკავშირეთა არმიების წინააღმდეგ, რომლებმაც ქალაქი ალყაში მოაქციეს და ერთი წლის განმავლობაში უტევდნენ. დავუმ ჰამბურგი მხოლოდ 1814 წლის 31 მაისს დატოვა მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა და ლუი XVIII-ემ კაპიტულაცია მას პირადად უბრძანა.
ნაპოლეონის 100-დღიანი მმართველობის დროს იგი სამხედრო მინისტრი იყო, თუმცა ვატერლოოსთან ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ გადაუდგა ამ უკანასკნელს და 3 ივლისს ბლიუხერს და ველინგტონს შეუერთდა. 14 ივლისს დავუმ ფრანგული არმია მდ. ლუარის სამხრეთით გადაიყვანა, სარდლობა მარშალ მაკდონალდს გადასცა და ლუი XVIII ჩაბარდა. 1819 წელს მეფემ იგი საფრანგეთის პერის რანგში აიყვანა. ლუი-ნიკოლა დავუ 1823 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gallagher, John G.: The iron marshal :a biography of Louis N. Davout. - London :Greenhill, 2000
- Hulot, Frédéric: Le maréchal Davout. - Paris :Pygmalion, 2003
- Die Marschälle Napoleons I. von Désiré Lacroix, Übertragen von Oskar Marschall von Bieberstein; Verlag von Heinrich Schmidt & Carl Günther, 1898
- Marschälle, Generale, Soldaten Napoleons I. von Carl Bleibtreu, 2. Aufl., Verlag Alfred Schall, Berlin, vor 1911
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „დავუ და ნაპოლეონი: მათი პირადი ურთიერთობა“ – ჯონ გალაგერი, International Napoleonic Society (ინგლ.);
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Gallaher J. G. Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ GeneaStar
- ↑ Даву Луи Никола // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k204213k/f168.item
წინამორბედი: ანრი-ჟაკ-გიიომ კლარკი |
ომის მინისტრი 20 მარტი, 1815 – 7 ივლისი, 1815 |
შემდეგი: ლორან გუვიონ სენ-სირი |
ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე. |