ლილი შავერზაშვილი
ლილი შავერზაშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 20 მარტი, 2018) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი 1966 წლიდან.
1964 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1965–1967 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოს მუსიკალურ რედაქტორად. 1967 წლიდან იყო მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში.
დაწერილი აქვს: ვოკალურ-სიმფონიური ციკლი (1968, ოთხ ნაწილად, ვაჟა–ფშაველას ტექსტზე) მეცო–სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოები „დიალოგი“ (1972, ხალხურ ტექსტზე) ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, სავიოლინო სონატა, Allegro ორკესტრისათვის, რომანსები, სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები; 1973 წელს დაასრულა ვოკალური ციკლი „მთების სიმღერა“ და „მუსიკა ორკესტრისათვის“.
თანამშრომლობდა ჟურნალ „დილასთან“.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Композиторы грузии: Издание второе, тб., 1973, გვ. 259
- Композиторы и музыковеды грузии, тб., 1984, გვ. 449