ლიან ციმბლერი
ლიან ციმბლერი ( დაბ. ჯულიანა ფიშერი; გერმ. Liane Zimbler ; დ. 31 მაისი, 1892, პრშეროვი — გ. 11 ნოემბერი, 1987, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია) — ავსტრიელი არქიტექტორი, ერთ-ერთი პირველი ქალი ევროპაში, რომელმაც მიიღო ხარისხი არქიტექტურაში (რამდენიმე ფინელმა, მათ შორის ზიგნე ჰორნბორგმა, ბევრად ადრე დაამთავრეს არქიტექტურის ფაკულტეტი) დაკავებული იყო სამეწარმეო საქმიანობით ვენაში, სანამ 1938 წელს არ წავიდა ემიგრაციაში აშშ-ში და გახდა ინტერიერის დიზაინერი. [1] [2]
ლიან ციმბლერი | |
---|---|
მშობლიური სახელი | გერმ. Liane Zimbler |
დაბადების თარიღი |
31 მაისი 1892 პრშეროვი, ჩეხეთი |
გარდაცვალების თარიღი |
11 ნოემბერი 1987 (95 წლის) ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პროფესია | არქიტექტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალიან ციმბლერი სწავლობდა ვენის ხელოვნების სკოლაში, სადაც ჯერ გრაფიკას ეუფლებოდა, შემდეგ კი — არქიტექტურას. ჯერ კიდევ სკოლაში, მან დაიწყო მუშაობა ემილია ფლოგეს სალონში ილუსტრატორად და დიზაინერად. 1916 წელს ცოლად გაჰყვა ადვოკატ ოტო ციმბლერს, რომელთანაც მოგვიანებით შეეძინა ქალიშვილი ევა. იმავე წელს მან სამსახური მიიღო ვენაში ავეჯის ქარხანა Bamberger-ში. პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე იგი გახდა როზენბერგის დიზაინის სტუდიის არქიტექტორი. 1920-იანი წლების დასაწყისში დააარსა საკუთარი კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას გადამუშავება, რეკონსტრუქცია და ინტერიერის გაფორმება წარმოადგენდა. ბიზნესი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 1928 წლისთვის ციმბლერმა შეძლო მეორე სტუდიის გახსნა პრაღაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი პარტნიორი ანი ჰერნჰაიზერი. ლიანა ასევე კითხულობდა ლექციებს ვენაში, მონაწილეობდა მშრომელი ქალების მხარდასაჭერად გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში. ლიანა ციმბლერმა სახელი გაითქვა თავისი ერთოთახიანი აპარტამენტებითა და სტუდიებით, რომელთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ვენაში მის ცნობილ პროექტებს შორისაა სილბერგასზე მდებარე ვილა, Ephrussi - ს ბანკის რეკონსტრუქცია და ინტერიერის გაფორმების რამდენიმე პროექტი. იგი ასევე იკავებდა საერთაშორისო საბინაო საზოგადოების ავსტრიის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას და კითხულობდა ლექციებს საცხოვრებლის სოციოლოგიურ და მხატვრულ ასპექტებზე. [3]
1938 წლის თებერვალში ციმბლერი გახდა პირველი ქალი ავსტრიაში, რომელმაც მიიღო სამოქალაქო არქიტექტორის ლიცენზია. მალე, ოტო ციმბლერის გავლენიანი კონტაქტების წყალობით, გერმანული ანშლუსის დროს მარტში ოჯახმა შეძლო ნიდერლანდებსა და ლონდონში გამგზავრება. იმავე წლის შემოდგომაზე ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ფილოსოფოს ჰაინრიჰ გომპერცის მეუღლის, ადა გომპერცის ჩარევის წყალობით, ციმბლერები დასახლდნენ ლოს-ანჯელესში, სადაც ლიანი მუშაობდა ინტერიერის დიზაინზე ანიტა ტურის ოფისში. მას შემდეგ, რაც მისი ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა და თავად ანიტა ტურიც გარდაიცვალა, ციმბლერი კომპანიას 1941 წელს ჩაუდგა სათავეში და კონცენტრირება კვლავ კონვერტაციის და დიზაინის პროექტებზე მოახდინა. მან ასევე დააპროექტა რამდენიმე ახალი შენობა და რეგულარულად მონაწილეობდა გამოფენებში. ლიან ციმბლერი ხშირად კითხულობდა ლექციებს და წერდა სტატიებს ინტერიერის დიზაინზე არქიტექტურისა და დიზაინის პერიოდულ გამოცემებსა და გაზეთებში, მათ შორის Los Angeles Times-ში. მისი ქალიშვილი ევა, რომელიც დედას შეგირდის რანგში შეუერთდა 1958 წელს, შემდგომში მისი პარტნიორი გახდა. 86 წლის ასაკში ლიან ციმბლერმა ინსულტი გადაიტანა, მაგრამ 90 წლამდე მუშაობას აგრძელებდა. იგი გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში 1987 წლის ნოემბერში, 95 წლის ასაკში.. [4]
ლიან ციმბლერი იყო ამერიკის ინტერიერის დიზაინის ინსტიტუტისა და არქიტექტორ ქალთა ასოციაციის წევრი. [5]
პროექტები
რედაქტირება(სია არასრულია)
- Toja Residence, სანტა მონიკა, კალიფორნია, 1941 წ.
- Panzer Residence, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, 1942 წ.
- Boswell Residence, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1944 წ.
- გნადენვალდის სახლი, 1934–1938 წწ.
- დალბერგის რეზიდენცია, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, 1945 წ.
- ფოსტერის საძინებელი და აბაზანა, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, 1950 წ.
- ბარბას რეზიდენსი, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, 1951 წ.
- რეზიდენცია დოქტორ ჯ. ბროდი, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, 1952 წ.
- მურის რეზიდენცია, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1955 წ.
- Stewart Residence, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, 1955 წ.
- Feldman's Kitchen, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1956 წ.
- შვარცის რეზიდენცია, კამარილო, კალიფორნია, 1956-1957 წწ.
- Huebscher Residence, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1959-1960 წწ.
- ელიოტ ევანსის კომპანიის მისაღები დარბაზი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, 1960 წ.
- Candianides Residence, Venture, კალიფორნია, 1961 წ.
- სილვერბერგის ბინა, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1962 წ.
- ბარაშ რეზიდენსი, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1960-1965, 1975 წ.
- ენგელმანის რეზიდენცია, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1965 წ.
- ლევი რეზიდენსი, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1965 წ.
- Wasserman Residence Foyer (ფოიე), ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, 1968 წ.
- გადამუშავებული სახლი, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, 1974 წ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Zacek, Patricia: Frauen in Der Technik Von 1900 bis 2000, Vienna, ARGE Architektinnen und Ingenieurkonsulentinnen, 1999. (in German)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Birgit Ben-Eli, "Austrian: Jewish Women Artists", Jewish Women's Archive. Retrieved 29 February 2012.
- ↑ "Liane Zimber", Architekten Lexikon Wien 1770–1945. (in German) Retrieved 29 February 2012.
- ↑ A Guide to the Liane Zimbler Architectural Collection, 1912-1982, 1993-1994 Zimbler, Liane, Architectural Collection Ms1988-005. ციტირების თარიღი: 2020-03-21.
- ↑ A Guide to the Liane Zimbler Architectural Collection, 1912-1982, 1993-1994 Zimbler, Liane, Architectural Collection Ms1988-005. ციტირების თარიღი: 2020-03-21.
- ↑ "Liane Zimbler Architectural Collection, 1912-1982, 1993-1994", Virginia Heritage. Retrieved 29 February 2012.