ლეუარსან კასლანძია

ლეუარსან შარდინის ძე კასლანძია (დ. 25 მაისი, 1912, სოფ. კუტოლი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 30 აგვისტო, 1996) — აფხაზი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1954), აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეუარსან კასლანძია 1929–33 წლებში სწავლობდა სოხუ­მის თეატრალურ სტუდიაში. 1931 წლიდან სო­ხუ­მის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოტელო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), დაური (დიმიტრი გულიას „გმირის კლდე“), გიორგი (ვიქტორ გაბესკირიას „სამი მეგობარი“), ჯემალი (ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), თარაში (გიორგი გაბუნიას „მზის ამოსვლის წინ“), მაცი (სამსონ ჭან­ბას „კე­რაზი“), მოხუცი (მ. კოვეს „კეხხაჯარათი“), კომისარი და კონტრადმირალი (ალექსანდრე კორნეი­ჩუკის „ესკადრის დაღუპვა“), განდეგილი რაში (სამსონ ჭანბას „ახმაჯირი“), ბაროვსკი (ბორის ლავრენიოვის „ვინც ზღვაშია“), კაკუტა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), უჩა (ვასო პატარაიას „უჩა უჩარდია“), შაბატი (ბაგრატ შინქუბას „კლდის სიმღერა“), მეფე (ევგენი შვარცის „შიშველი მეფე“), მუროვი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), არდაშელი (ა. ლასურიას „სპეტაკი სიყვარული“), რაული (გიორგი მდივანის „კეთილი ნების ­ადამიანე­ბი“), რეჯებ ბეი (ნაზიმ ჰიქმეთის „ახირებული“), იაკობი (ქ. აგუმას „დიდი მიწა“) და სხვა.

კასლანძიას შემოქმედება გამოირჩეოდა ფართო დიაპაზონით. ის ერთნაირი სიძლიერით ქმნი­და დრამატულ, სახასიათო და კომედიურ სახე­ებს. მისი სცენური გმირები სხვა­და­სხვა ეროვნების, მსოფლშეგრძნებისა და სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები იყვნენ, გამოირჩეოდნენ სული­ერი სიძლიერით, ჰუმანურობით, სამართლიანობისათვის ბრძოლის სულისკვეთებით და მიზნისაკენ დაუოკებელი ლტოლვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არგუნი ა., ლეუარსან კასლანძია, თბ., 1970.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება