ლეონ თუმანოვი (დ. 11 ოქტომბერი, 1890, თბილისი — გ. 10 ივნისი, 1938, მოსკოვი) — რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ბანკის დირექტორის, თბილისელი თავადის, გიორგი თუმანოვის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ნაფიცივექილის თანაშემწედ. სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. პოლიტიკური საქმიანობის გამო 1911 წელს ოხრანკამ დააპატიმრა.

რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1917 წელს აირჩიეს კავკასიის ფრონტის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. რუსეთის დამფუძნებელი დუმის არჩევნებში კავკასიის ესერთა სიის მე-3 ნომერი იყო და აირჩიეს დუმაში. 1918 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად 1918 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით. 1918 წლის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დადგა მისი და მისი თანაპარტიელის, ნიკოლოზ თარხანოვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ბრალად ედებოდა მცხეთაში, ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი.

საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა რუსეთში, მუშაობდა ჯერ სამეცნიერო მიმართულებით, ხოლო შემდეგ - საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში. 1938 წელს დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 198-199.