ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია

ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ლელიანის სამხრეთ-დასავლეთით, უბან ბებურიანში, სასაფლაოზე.

ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°49′09″ ჩ. გ. 45°57′13″ ა. გ. / 41.81917° ჩ. გ. 45.95361° ა. გ. / 41.81917; 45.95361
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება VI-XI საუკუნეები

ისტორიული ცნობები ტაძრის შესახებ ფრაგმენტულია: ვიცით მხოლოდ, რომ 1590 წელს რუსეთის მეფის ელჩები კახეთში მეფე ალექსანდრე მეორის მითითებით ჭიაურიდან შილდაში გადასვლისას აქ გაჩერებულან. მათივე აღწერით წმინდა თევდორეს ეკლესია მაშინ მონასტერი ყოფილა, ხოლო თავად შენობა დიდი და ძველი. არჩილ მეფის პოემის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“-ს მიხედვით, 1606 წელს ირანიდან კახეთში მობრუნებულ თეიმურაზ I-ს სოფელ არბუხში ღამე გაუთევია და დილით სოფელში მდებარე წმინდა თევდორეს ეკლესიაში ულოცია. ტაძარს ახსენებს ვახუშტი ბატონიშვილიც, რომელიც მას ძველ და დიდ მონასტრად მოიხსენიებს, თუმცა კი, წმინდა თევდორეს ნაცვლად წმინდა სტეფანეს უწოდებს.

ძეგლი X-XI საუკუნეებში უნდა აგებულიყო. XVI საუკუნის მეორე ნახევარში, კახეთის მეფის ალექსანდრე II დროს ის განახლდა და გადაკეთდა. ეკლესიას გ. ჩუბინაშვილი ეგრედ წოდებულ „სამეკლესიანი ბაზილიკების“ ერთ-ერთი გვიან ნიმუშად მიიჩნევდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის დარბაზული ეკლესიაა სამი მხრიდან მინაშენით. ტაძარი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე, ცენტრალური ნაწილის კედლებში გამოყენებულია უფრო დიდი ზომის რიყის ქვა, ხოლო მინაშენებში უფრო წვრილი. განსხვავებულია დუღაბიც. XVI საუკუნის განახლების დროს თაღებში, კამარად, კუთხეებში და ხერხულა კარნიზისთვის აგური გამოუყენებიათ. ცენტრალური ეკლესია მინაშენებთან შედარებით ორჯერ განიერი და მაღალია. შესასვლელი სამია: დასავლეთისა და სამხრეთის გაჭრილია კედლების შუაში, ჩრდილოეთის კარი კი აფსიდის წინაა. ყველა კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ტაძარს მინაშენების გაკეთებამდე სამხრეთის კედელში ორი, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში კი თითო გარედან თაღოვანი და შიგნიდან სწორკუთხა სარკმელი ქონია. XVI საუკუნის განახლების დროს ჩრდილოეთის და სამხრეთის სარკმლები მინაშენების გამო გაუქმდა, მათ ნაცვლად კი სამხრეთის კედელზე უკვე გაუქმებული სარკმლების თავზე ორი ასეთივე ფორმის სარკმელი გაიჭრა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდაა, ფართო მხრებით გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის ღერძზე შიგნიდან არქიტრავული, გარედან თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს, კონქის საფეხურის დონეზე, თითო მაღალი თაღოვანი ნიშია მოწყობილი. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი ნიშია. ტრაპეზი ახლა საკურთხევლის შუაშია მოწყობილი, ისტორიულად კი სარკმლის ქვეშ, კედელთან ყოფილა მიდგმული. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი ქვებით შედგენილი კაპიტელებით დასრულებულ აფსიდის მხრებს ეყრდნობა. სატრიუმფო თაღი აგურის ხერხულა კარნიზითაა დასრულებული, რომლის თავზე შუაში სამალავია მოწყობილი. თაღის გვერდებში რეზონატორებია გაკეთებული. კამარა და მისი საყრდენი ორი შეკიდული თაღი XVI საუკუნისაა და შესაბამისად, ისინი შეისრულია.

XVI საუკუნის მეორე ნახევარში ტაძრის აღდგენის დროს, ტაძარი ქვისა და აგურის თაღოვანი კანკელით შეუმკიათ. ეს კანკელი ტაძარს XX საუკუნის შუა ხანებამდე შემორჩა, შემდეგ კი მოშალეს და მის ნაცვლად რუსულ სტილზე გაწყობილი ხის კანკელი გაუკეთეს. ტაძარს ახლაც ხის კანკელი აქვს. ტაძარს მომდევნო ეტაპზე სამი მხრიდან მინაშენები გაუკეთეს. არის მოსაზრება, რომ ჩრდილოეთის ეკლესია მთელ სიგრძეზე გასდევდა ტაძარს, 1912 წელს კი მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი - სამსხვერპლო იქნა აღდგენილი, თუმცა, დანარჩენი მინაშენის კვალი დღეს არსად იკითხება. სათავსი გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით ნალისებური ფორმის აფსიდით. ის მთავარ ტაძარს ტაძრის ჩრდილოეთის კარით უკავშირდებოდა, რომელიც შემდეგ ამოუშენებიათ. დამოუკიდებელი კარი აქვს დასავლეთის მხრიდან. ის თაღოვანია. ჩრდილოეთ კედელში ორი, ხოლო დასავლეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. თაღოვანი სარკმელია გაჭრილი აფსიდის ღერძზეც, რომლის ორივე მხარეს თითო არქიტრავული ნიშია მოწყობილი. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. სამხრეთის კედლის შუაში პოსტამენტზე აღმართული ფართო პილასტრიდან დეკორატიული თაღებია გადაყვანილი, რომელსაც სამსხვერპლოს კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა. სამხრეთის მინაშენი, რომელიც ჩრდილოეთის მინაშენთან შედარებით უფრო დაბალია, მთელ სიგრძეზე გაუყვება ტაძარს. ის დასავლეთის გარშემოსავლელს კარით უკავშირდება. ნავს ნახევარწრიული აფსიდა აქვს, რომლის ღერძზეც სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედელზე ამოყვანილი პილასტრებიდან კედლის გასწვრივ თაღები იშლება, რომლებსაც სხმული ცილინდრული კამარა ეყრდნობა. ნავის სამხრეთი კედელი გახსნილი იყო მრგვალ ბოძებზე გადაყვანილი თაღებით, რომლებიც XVI საუკუნის გადაკეთებააღდგენის დროს ამოაშენეს, ხოლო თავად ნავი სამ ნაწილად გაყვეს. ცენტრალური ნაწილი კარიბჭედ აქციეს, აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილები კი დამოუკიდებელ სამლოცველოებად იქცა. დასავლეთის გარშემოსავლელი დასავლეთიდან ორმალიანი თაღითაა გახსნილი. თაღები ფართო სწორკუთხა ბურჯს ეყრდნობა. გარშემოსავლელი ტაძარს და სამხრეთის მინაშენს კარებით უკავშირდება. ტაძრის დასავლეთ კედელზე ორი პილასტრია ამოყვანილი, რომლებზეც კედლის გასწვრივ გარშემოსავლელის სხმული კამარის საყრდენი თაღებია გადაყვანილი. ტაძარს ჩუქურთმა არ გააჩნია. კარნიზი ამოყვანილია აგურის კბილანისებრი წყობით. გადახურულია კრამიტით. სამრეკლო XVI საუკუნის ტაძრის განახლების დროისაა. ის ორსართულიანია და სამხრეთის მინაშენშია ჩართული: პირველი სართული სამხრეთის ნავის გადატიხვრითა და ამაღლებითაა შექმნილი. ის კარიბჭეა. მეორე სართული კი აგურით ამოყვანილი ექვს თაღიანი ფანჩატურია. ნახევარწრიული თაღები დადაბლებულ ჩარჩოშია გამოყვანილი. ფანჩატურში ასასვლელი სამხრეთი მინაშენის დასავლეთის ნაწილის სახურავზეა მოწყობილი. სამრეკლოს აგურის პირამიდული წყობის გუმბათი ქონდა. დღეს კი გადახურულია თუნუქით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 39-42 ISBN 978-9941-8-3699-2