ნევადო-დელ-რუისი

(გადამისამართდა გვერდიდან ლა-მესა-დე-ერვეო)

ნევადო-დელ-რუისი (ესპ. Nevado del Ruiz), ასევე ლა-მესა-დე-ერვეო[1] (ერვეოს მაგიდა) ან კუმანდაი კოლუმბამდელ ადგილობრივთა ენაზე — ვულკანი კოლუმბიაში, კალდასისა და ტოლიმის დეპარტამენტების საზღვარზე, დედაქალაქ ბოგოტიდან 129 კილომეტრით დასავლეთით. ნევადო-დელ-რუისი სტრატოვულკანია, შედგება ლავის მრავალი ფენისგან, რომელსაც ენაცვლება გაქვავებული ვულკანური ფერფლისა და პიროკლასტებისაგან. ვულკანი აქტიურია დაახლოებით ბოლო ორი მილიონი წლის მანძილზე, პლეისტოცენისა და გვიანდელი პლიოცენის ეპოქებში, გააჩნია ამოფრქვევის სამი ძირითადი პერიოდი. ამჟამინდელი ვულკანური კონუსი ჩამოყალიბდა ამოფრქვევის მიმდინარე პერიოდში, რომელიც 150 ათასი წლის წინ დაიწყო.

ნევადო-დელ-რუისი
კოორდინატები: 04°53′43″ ჩ. გ. 75°19′21″ დ. გ. / 4.89528° ჩ. გ. 75.32250° დ. გ. / 4.89528; -75.32250
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სიმაღლე 5321 
პირველი ასვლა 1936
ბოლო ამოფრქვევა 2013 წ.
ნევადო-დელ-რუისი — კოლუმბია
ნევადო-დელ-რუისი

როგორც წესი, ნევადო-დელ-რუისზე ხდება პლიანიანური ამოფრქვევები, რომლის დროსაც წარმოიქმნება გაზისა და კლდის პიროკლასტური ნაკადები. ეს ამოფრქვევები ხშირად განაპირობებს ლაჰარებს (ტალახისა და ნამსხვრევების ნაკადი), რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებსა და გარემოს. მსგავსი ამოფრქვევების საფრთხეს ზრდის ის ფაქტი, რომ ცხელი გაზი და ლავა ადნობს მთის თოვლის საფარს, რის შედეგადაც ნაკადს წყლის დიდი რაოდენობაც ემატება. 1985 წლის 13 ნოემბერს პატარა ამოფრქვევამ წარმოქმნა უზარმაზარი ლაჰარი, რომელმაც დაანგრია და დამარხა ტოლიმის დეპარტამენტის ქალაქი არმერო, რასაც 25 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მოვლენას მოგვიანებით არმეროს ტრაგედია უწოდეს. მსგავსი, მაგრამ ნაკლებად მსხვერპლიანი მოვლენები მოხდა 1595 და 1845 წლებში, როდესაც მცირე ამოფრქვევას უზარმაზარი ლაჰარი მოჰყვა.

ვულკანი მიეკუთვნება ლოს-ნევადოსის ბუნების ეროვნულ პარკს, რომელიც ასევე მოიცავს სხვა რამდენიმე ვულკანს. ნევადო-დელ-რუისის მწვერვალი დაფარულია ფართო მყინვარებით, რომლებმაც 1985 წლიდან, გლობალური დათბობის შედეგად მნიშვნელოვნად უკანდახევა დაიწყო. ვულკანი საფრთხედ რჩება მიმდებარე ქალაქებისა და სოფლებისათვის, შესაძლო ამოფრქვევებისა და ლაჰარების საფრთხის ქვეშ დაახლოებით 500 000 ადამიანი იმყოფება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. General Data – Los Nevados. Parques Nacionales Naturales de Colombia. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2007. ციტირების თარიღი: March 29, 2009.