ლამარა ავალიშვილი
ლამარა ავალიშვილი (დ. 17 ივლისი, 1940, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიტატი , ასოცირებული პროფესორი.
ლამარა ავალიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 ივლისი, 1940 (84 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ინჟინერი და მეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1962 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტი.
1962 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე მუშაობს, სადაც ლაბორანტობიდან დაწყებული, დოცენტამდე დამთავრებული გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური. 1965-1968 წლებში იყო ამავე კათედრის ასპირანტი და აქვე, რეფორმირებულ სტრუქტურაში-სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის დეპარტამენტში მუშაობს. 1981-1990 წლებში შეთავსებით მუშაობდა კოსმოსურ ნაგებობათა კვლევის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ავტორია 50-მდე სამეცნიერო შრომისა, რომლებიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სეისმომედეგობის შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანწვლილად არის აღიარებული. მისი მოხსენება (პროფესორ გ. ქარცივაძის თანაავტორობით) რკინა-ბეტონის ჩარჩოვანი კონსტრუქციის მუშაობის შესახებ 1969 წელს ჩილეს დედაქალაქში, სანტიაგოში მიმდინარე IV საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა წარდგენილი. 1990-1995 წლებში მონაწილეობდა ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი გამოცემის მომზადებაში, ამზადებდა და რესპუბლიკურ გაზეთ „მშენებელში“ აქვეყნებდა პუბლიკაციებს. ქართველ მეცნიერს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. კითხულობს ლექციებს რკინა-ბეტონის კონსტრიქციების ზოგად და სპეციალურ კურსებში ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში, ხელმძღვანელობს საკურსო პროექტირებას, მაგისტრანტებს, გამოცემული აქვს 9 მეთოდური მითითება. იგი წლების მანძილზე იყო სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი, ფაკულტეტის მეთოდსაბჭოს სწავლული მდივანი, სტუ-ს მონიტორინგის საფინანსო-ეკონომიკური ჯგუფის წევრი, 2002-2005 წლებში. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ფაკულტეტის საგამომცემლო კომისიას. იყო სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისიის წევრი, რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის რეცენზენტი და ოპონენტი. ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს განათლების სამინისტროსა და სტუ-ს ხელმძღვანელობისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული (საკავშირო კონკურსში გამარჯვებული 5 სტუდენტის ხელმძღვანელობისთვის მიღებული აქვს I ხარისხის დიპლომი, 1982).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ინჟინერი ქალები, თბ., 2008, გვ. 5-7
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 38-39