ლაგოდეხის ყაზარმა

ლაგოდეხის ყაზარმა — არქტიტექტურული ძეგლი კახეთის მხარის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ლაგოდეხში. თარიღდება XIX საუკუნის ბოლო პერიოდით.

ლაგოდეხის ყაზარმა

ყაზარმის დიდი ზომის ნაგებობა მდებარეობს ქალაქ ლაგოდეხის ცენტრის სიახლოვეს თავისუფლების ქუჩაზე. ტერიტორია რომელზეც შენობაა განთავსებული მართკუთხა ფორმისაა და საკმაოდ ვრცელია. ნაგებობა ამ ტერიტორიის შუაში დგას. დიდი ზომის ყაზარმა აგებულია XIX საუკუნის ბოლოს სამხრეთ კავკასიური პოლკისთვის, სადაც ძირითადად პოლენელები მსახურობდნენ. ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაგებობაა შენორჩენილი, ძირითადად ნანგრევების სახით. უკეთ არის გადარჩენილი იმავე პერიოდში აგებული დამხმარე ნაგებობა. ნაგებობა ორსართულიანია, აგებულია აგურით. მთავარი ფასადი სამხრეთ მხარეს გრძელია. ორივე სართული დაცხრილულია ფანჯრებით, რომლებსაც მშვილდა თაღის ფორმა აქვს. ფასადის ძირითად გაფორმებას წარმოადგენს ხუთი როზალიტი. ცენტრში გამოსული როზალიტი ყველაზე განიერია. მისი კუთხეები გაფორმებულია აგურშივე გამოყვანილი რუსტის სახის წყობით. როზალიტის შუა მონაკვეთი დამატებით გამოიყოფა ორი პილასტრით, რომლებიც ასევე რუსტის სახით არის გაფორმებული. სამ მონაკვეთად გაყოფილ ამ როზალიტში, პირველ სართულზე შუაში ერთი დიდი კარია, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებში ორ-ორი ფანჯარა გამოდის როზალიტის ფარგლებში გამოსულ ყველა ღიობს აგურის წყობაშივე გამოყვანილი საჭექი ქვების იმიტაცია აფორმებს. როზალიტს ასრულებს ძლიერ შვერილი კარნიზი. კარნიზი შედგება აგურის წყობითვე გამოყვანილი პატარა პროფილირებული კონსოლებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პაწაწინა თაღებით. კარნიზის ზედა ზოლი გაფორმებულია კბილანებით. კარნიზის ზემოთ პარაპეტია, შუა მონაკვეთში კი ფრონტონით სრულდება. პარაპეტი გაფორმებულია ოვალური ფორმის პატარა ღიობებით. ფრონტონის შუაში ნახევარწრიული ლუნეტია ჩასმული და გაფორმებულია იმავე სახის კარნიზით, როგორც მთავარ როზალიტს აქვს, თუმცა იგი მიუყვება ფრონტონის დამრეც ხაზს. იდენტურად არის გაფორმებული ამ ფასადის კუთხის როზალიტები, თუმცა ისინი შედარებით ვიწროა და მათზე გამოდის ორ-ორი ფანჯარა. შუა ფრონტონის მსგავსია ამ როზალიტების ფრონტონების გაფორმებაც, მხოლოდ, მათ გვერდით პარაპეტი არ აქვს. ცენტრალურ და კუთხის როზალიტებს შორის ფასადზე დამატებით გამოდის კიდევ თითო, შედარებით ნაკლებ შვერილი როზალიტი. პილასტრებით მოსაზღვრული არეში, თითო სართულზე მხოლოდ ერთი ფანჯარა გამოდის. ეს მცირე როზალიტებიც სრულდება ფრონტონით, თუმცა შედარებით დაბალი და ნაკლები ქანობით. ფრონტონის გაფორმებაც დაკლებია - მხოლოდ შუაშია განთავსებული პატარა წრიული ლუნეტი.

ფასადის დანარჩენი ფანჯრის ღიობებს პირველ სართულზე აფორმებს პროფილირებული თავსართი, ხოლო მეორე სართულის ფანჯრების ზედა ნაზილს გადაევლება ვიწრო ჩარჩო. თითქმის ანალოგიურად არის გაფორმებული უკანა გრძივი ფასადი, თუმცა შედარებით მცირე დეკორით. ცენტრალური როზალიტი აქაც სამად არის გაყოფილი, თუმცა გვერდით მონაკვეთებში ორის მაგივრად თითო ფანჯარა გამოდის. შუა მონაკვეთში კი ორი დიდი ფანჯარაა განთავსებული ფასადის შუაში — კიბის უჯრედის გასანათებლად. როზალიტს აქაც ფრონტონი ასრულებს, თუმცა მისი გაფორმება სადაა. გვერდით როზალიტებსაც ანალოგიური ფრონტონი აქვს, თუმცა ფრონტონში ნახევარწრიული ლუნეტის მაგივრად თაღოვანი კარია ჩასმული. ამ ფასადზე კუთხის როზალიტებში სართულებზე ფანჯრები არ გამოდის. რაც შეეხება დამატებით პატარა როზალიტს — იგი ამ ფასადზეც გამოდის, თუმცა უკვე ფრონტონის გარეშე. გვერდითი მოკლე ფასადები სადაა. მხოლოდ მათ შუა მონაკვეთებშია განთავსებული ერთი კარი და ერთი ფანჯარა. ამ მონაკვეთებსაც ფრონტონი ასრულებს, რომელშიც თაღოვანი ღიობია გაჭრილი. ამ ფასადების გაფორმება შედგება მხოლოდ პილასტრებისგან და კბილანებიანი კანიზისგან. აღმოსავლეთ მოკლე გასადზე მიდგმულია პატარა ერთსართულიანი სავარაუდოდ დამხმარე ნაგებობა მის კუთხეებს აუყვება პილასტრები, ხოლო აღმოსავლეთი ფასადი სრულდება დაბალი ფრონტონით, რომლის შუაში პატარა წრიული სარკმელია გაჭრილი. ინტერიერი ორივე სართულზე კალიდორული სისიტემით არის მოწყობილი. შუაში განიერი დერეფანია, რომლის ორივე მხარეს დალაგებულია ოთახები. ამჟამად ოთახებში გაკეთებულია რემონტი სასტუმროს შესაბამისად. დერეფნის ორივე მხარეს კედლები წარმოადგენს მზიდ კედლებს გაყრდნობის განიერ ნახევარწრიულ თაღებზე. ოთახებში შესვლა ამ თაღებში მოწყობილი კარით არის შესაძლებელი. ახალი რემონტის შემდგომ შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნებიათ სიძველე. თაღის განიერი ბურჯები არ შეულესავთ და დაუტოვებიათ აგურის წყობა. კუთხეებში მოწყობილია კუბის უჯერედი. რომელსაც ამჟამად ლითონის ახალი მოაჯირი მიუყვება. ყაზარმის სამხრეთის, ეზოს შესასვლელთან დგას კიდევ ერთი სავარაუდოდ იმავე პერიოდის ერთსართულიანი ნაგებობა. აგებული იმავე აგურით და სტილით. სავარაუდოდ ეს შენობა უნდა ყოფილიყო სამხედრო ნაწილის სამზარეულო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26672