კუკური ხუნდაძე
გიორგი (კუკური) სილოვანის ძე ხუნდაძე (დ. 1888, ქუთაისი, — გ. 17 მარტი, 1938) — ქართველი ინჟინერი, სახელმწიფო მოხელე.
დაიბდა პედაგოგ სილოვან ხუნდაძის ოჯახში. დაამთავრა გეტენის პოლიტექნიკური ინსტიტუტი გერმანიაში (1912). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი. 1918 წლის აპრილში, თურქეთის ჯარების მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ, ხუნდაძე სათავეში ჩაუდგა შორაპნის მუშათა 84-კაციან მოხალისეთა რაზმს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ჩოლოქის ბრძოლაში. 1918-1921 წლებში ხუნდაძე იყო ბორჯომში სამთავრობო მამულების გამგე. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების (1921) შემდეგ მუშაობდა მანგანუმის მრეწველთა საბჭოში (1921-1923), ინგლისური კონცესია „დიუპრეში“ (1923-1926), შემდეგ — რიონისა და ხრამის სადგურების მშენებლობაზე (1926-1935). 1938 წლის მარტში დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური“ საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხუნდაძე გიორგი სილოვანის ძე — სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა]. — 2013.
- კუკური ხუნდაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- ლია ხუნდაძის კოლექცია დაარქივებული 2023-04-05 საიტზე Wayback Machine. — ქართულ-გერმანულ არქივი. – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.