პიერ დე კუბერტენი
პიერ დე კუბერტენი (დ. 1 იანვარი, 1863, პარიზი — გ. 2 სექტემბერი. 1937, ჟენევა) — ფრანგი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ისტორიკოსი, ლიტერატორი, ანტიკური ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების სახით აღორძინების ინიციატორი.
განათლება მიიღო სენ-სირის სამხედრო სკოლაში, იურიდიულ კოლეჯსა და პარიზის პოლიტიკურ მეცნ. სკოლაში. მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა ეროვნული განათლების რეფორმის შემუშავებას, ფიზიკური აღზრდის პრობლემას, საერთაშორისო სპორტული მოძრაობის განვითარებას და სხვ.
1894 პარიზში მისი თაოსნობით შედგა საერთაშორისო სპორტული კონგრესი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების აღორძინების შესახებ. 1894-96 კუბერტენი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო, 1896-1925 ― პრეზიდენტი, ხოლო 1925-იდან ― საპატიო პრეზიდენტი. კუბერტენმა შეიმუშავა ოლიმპიური თამაშების ჩატარების ძირითადი წესები, დაწერა სპორტსმენ-ოლიმპიელების ფიცის ტექსტი. კუბერტენს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი სპორტსა და ფიზიკურ აღზრდაზე. 1912 V ოლიმპიადის თამაშებისადმი მიძღვნილ ხელოვნებათა კონკურსზე წარადგინეს კუბერტენის (ფსევდონიმით) "ოდა სპორტს", რომელმაც ოქროს მედალი დაიმსახურა.
დაკრძალულია ლოზანაში, ხოლო მისი გული ― მისივე სურვილისამებრ ― ანტიკური ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ ოლიმპიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 53.