კრისტინა ტოდ უიტმანი

კრისტინა ტოდ უიტმანი (ინგლ. Christine Todd Whitman, დ. 26 სექტემბერი, 1946) — ამერიკელი პოლიტიკოსი და მწერალი, 1994 წლიდან 2001 წლამდე ნიუ-ჯერსის შტატის 50-ე გუბერნატორი. 2001 წლიდან 2003 წლამდე გარემოს დაცვის სააგენტოს მეთაური ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში. იგი არის ნიუ-ჯერსის შტატის პირველი არჩეული ქალი გუბერნატორი. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.

კრისტინა ტოდ უიტმანი
Christine Todd Whitman
კრისტინა ტოდ უიტმანი Christine Todd Whitman
ნიუ-ჯერსის შტატის 50-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 იანვარი, 1994 – 31 იანვარი, 2001
წინამორბედიჯეიმზ ფლორიო
მემკვიდრედონალდ დიფრანჩესკო

გარემოს დაცვის სააგენტოს მე-9 ადმინისტრატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 იანვარი, 2001 – 27 ივნისი, 2003
პრეზიდენტიჯორჯ უოკერ ბუში
წინამორბედიკეროლ ბრაუნერი
მემკვიდრემაიკლ ლივიტი

დაბადებული26 სექტემბერი, 1946
ნიუ-იორკი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეჯონ უიტმანი
განათლებავითონის კოლეჯი
რელიგიაპრესვიტერიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრისტინა ტოდ უიტმანი დაიბადა 1946 წლის 26 სექტემბერს ნიუ-იორკში, ჰანტერდონის ოლქში, ელეონორ პრენტის ტოდისა (დაბადებით შლი) და ბიზნესმენ ვებსტერ ტოდის ოჯახში. მისი ორივე მშობელი რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. კრისტინა სწავლობდა ფარ-ჰილსის დღის სკოლაში და ასევე მანჰეტენის სკოლა The Chapin School-ში. უიტმანმა 1968 წელს დაასრულა კოლეჯი და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ნელსონ როკფელერის (შემდეგ აშშ-ის 41-ე ვიცე-პრეზიდენტი) საპრეზიდენტო კამპანიაში.

კრისტინა ტოდ უიტმანი ნიუ-ჯერსის ორი პოლიტიკური ოჯახის, ტოდებისა და შლიების, შთამომავალი არის და ქორწინებით დაკავშირებულია პოლიტიკურად აქტიურ ნიუ-იორკელ უიტმანებთან. იგი გათხოვილია ჯონ უიტმანზე, რომელიც ინვესტორია, მათ ჰყავთ ორი შვილი. კრისტინა უიტმანი ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორის ჩარლზ უიტმანის შვილიშვილია. პაპამისი, დედის ხაზით, რივა შლი, იყო იელში მოქმედი საიდუმლო ორგანიზაციის „მგლის თავი“ წევრი და ბანკ „ჩეიზის“ ერთადერთი ვიცე-პრეზიდენტი. იგი ასევე იყო რუსულ-ამერიკული სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

1988 წლიდან 1990 წლამდე მას ეკავა ნიუ-ჯერსის კომუნალური მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. 1993 წელს კენჭი იყარა ნიუ-ჯერსის გუბერნატორად და დაუპირისპირდა მოქმედ გუბერნატორს ჯეიმზ ფლორიოს, დაამარცხა იგი ერთპროცენტიანი სხვაობით (26 ათასი ხმით) და გახდა ნიუ-ჯერსის შტატის ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი. კრისტინა ტოდ უიტმანი ხელმეორედ აირჩიეს 1997 წელს გამართულ არჩევნებზე. ამჟამადაც ერთ პროცენტიანი სხვაობით მოუგო არჩევნები დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, ჯიმ მაკ-გრივს. 2001 წლის 31 იანვარს თანამდებობა გადააბარა ასევე რესპუბლიკელ დონალდ დი ფრანჩესკოს.

2001 წლის 31 იანვარს ჯორჯ ბუშმა უმცროსმა დანიშნა გარემოს დაცვის სააგენტოს მეთაურად. დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2003 წლის 27 ივნისს, მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურორმა კრისტინა ტოდ უიტმანი დაადანაშაულა კონკრეტული გადაწყვეტილების გამო. კერძოდ, საქმე ეხებოდა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კრისტინას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ხალხს მოუწოდა დაბრუნებოდნენ საკუთარ სახლებს და ოფისებს, რომლებიც ტერორისტების მიერ განადგურებული სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარეობდნენ. ამ გადაწყვეტილებით მან მოსახლეობის გარკვეული ფენის ცხოვრება და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. 2007 წელს დაიწყო აღნიშნული საქმის განხილვა. 2008 წლის აპრილში სასამართლომ იგი გაამართლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება