კრეტის ბრძოლა
კრეტის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
საბერძნეთის ბრძოლისა და ხმელთაშუა ზღვის თეატრის ნაწილი | |||||
გერმანელი მედესანტეები და ცეცხლმოდებული (JU-52) სადესანტო თვითმფრინავი კრეტის თავზე | |||||
თარიღი | 20 მაისი,1941 – 1 ივნისი,1941 (13 დღე) | ||||
მდებარეობა | კრეტა, საბერძნეთი | ||||
შედეგი | ღერძის ქვეყნების გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
კრეტის ბრძოლა ვიკისაწყობში |
კრეტის ბრძოლა, ასევე ცნობილი, როგორც „ოპერაცია მერკური“ — გერმანიის მიერ ჩატარებული ოპერაცია კუნძული კრეტის ასაღებად მეორე მსოფლიო ომის დროს. შეტევა დაიწყო 1941 წლის 20 მაისს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ კუნძულზე მედესანტეები გადასხა. კუნძულს იცავდნენ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტში მყოფი ბერძნები, მოკავშირეები და კრეტელი მოქალაქეები. მატერიკული საბერძნეთის დაცემის შემდეგ კრეტა იყო საბერძნეთის ბოლო გამაგრებული წერტილი, რომელსაც ჯერ კიდევ მოკავშირეები აკონტროლებდნენ და რომლიდანაც ბრიტანელებს საავიაციო დარტყმებით საფრთხის შექმნა შეეძლოთ გერმანიის ნავთობით მომმარაგებელი რუმინეთის საბადოებისთვის.
შესავალი
რედაქტირებაგერმანიის მაღალი სამხედრო სარდლობა საბჭოთა კავშირში შეჭრის ოპერაცია ბარბაროსას დაგეგმვით იყო დაკავებული და მათი უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა კრეტაზე შეტევას. თუმცა ჰიტლერი შიშობდა მტრისგან შემოტევებს სხვა მიმართულებებიდან, მას განსაკუთრებით აფიქრებდა ნავთობის საბადოები რუმინეთში. ამავდროულად, საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს, მეთაურები შეპრყობილნი იყვნენ კრეტაზე მედესანტეებით შეტევის იდეით და რადგანაც მედესანტეები საჰაერო ძალების ნაწილი იყვნენ, ლუფტვაფეს მეთაურობა იმედოვნებდა საჰაერო ძალების პრესტიჟის აღდგენას ბრიტანეთის ბრძოლაში წარუმატებლობის შემდეგ. საბოლოოდ ჰიტლერი დაითანხმეს კრეტის აღების აუცილებლობაზე. ჰიტლერის აზრით, კრეტა იქნებოდა საჰაერო ბაზა ოპერაციებისთვის, რომლიდანაც გერმანია ომს გააგრძელებდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. შეტევამდე გერმანელებმა კრეტა დაბომბეს, რათა საჰაერო უპირატესობა მოეპოვებინათ და ამით აიძულეს ბრიტანეთი, სამეფო საჰაერო ძალების დარჩენილი თვითმფრინავები ეგვიპტეში გადაეყვანათ.
ბრძოლა
რედაქტირებაბრძოლის პირველი დღე გერმანელებისთვის მძიმე გამოდგა მედესანტეთა რიგებში დიდი დანაკარგების გამო. ზოგადად, მედესანტეთა გადასხმას ახლავს რისკი, რომ ჰაერში პარაშუტით ყოფნისას მათ მიწიდან ცეცხლი გაუხსნან, ამ დროს მედესანტეები მოწყვლადი არიან. ეს რისკი რეალობად იქცა კრეტის ოპერაციისას, ფალშირმიაგერის ასობით წევრი კრეტის დამცველებმა ჰაერში დაშვებისას დაცხრილეს, სანამ მიწამდე მოაღწევდნენ. ამას ემატებოდა ფაქტი, რომ ხმელეთზე დაშვებულ მედესანტეებს დანისა და პისტოლეტის მეტი სხვა იარაღი არ გააჩნდათ, შაშხანებსა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს მათ თვითმრინავები ცალკე უყრიდნენ ტვირთების სახით და შეიარაღება ხმელეთზე დაშვების შემდეგ ხდებოდა. მიწაზე დაშვებულ, ფაქტობრივად, უიარაღო გერმანელ მედესანტეებს ახალზელანდიელმა და კრეტელმა დამცველებმა მძიმე დანაკარგები მიაყენეს. გერმანელთა დანაკარგებით შეგულიანებული მოკავშირეები ფიქრობდნენ, რომ შეტევის მოგერიებას შეძლებდნენ, თუმცა შემდეგ დღეს კომუნიკაციის პრობლემების, მოკავშირეთა ტაქტიკური დაყოვნებისა და გერმანელთა განახლებული შეტევითი მოქმედებების წყალობით კრეტის დასავლეთ ნაწილში მდებარე მალემეს აეროპორტი მედესანტეებმა დაიკავეს. აეროპორტმა საშუალება მისცა გერმანიას დამხმარე ძალები გადმოეყვანა კუნძულზე და მოკავშირეთა თავდაცვითი პოზიციები გადაელახა კუნძულის ჩრდილოეთში. მომდევნო დღეებში მოკავშირეებმა სამხრეთ სანაპიროსკენ დაიხიეს, მათი ძალების ნახევარზე მეტის ევაკუაცია ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებმა მოახერხა, დანარჩენები კი ან ტყვედ ჩავარდნენ, ან კრეტელთა პარტიზანულ წინააღმდეგობას შეუერთდნენ. ევაკუაციის მიმდინარეობისას მოკავშირეებს ზურგს უმაგრებდნენ ახალზელანდიელები, რომლებმაც გარკვეული ხნით შეაკავეს ფალშირმიაგერის იერიშები, რისი წყალობითაც მოკავშირეთა დიდმა ნაწილმა მაინც მოასწრო ევაკუირება. კრეტის დაცვა გადაიზარდა მძიმე საზღვაო შეტაკებაში, კამპანიის ბოლოს ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ორ სახაზო გემამდე და სამ კრეისერამდე შემცირდა.
ბერძენი სამოქალაქო პირების დახვრეტა
რედაქტირებაოკუპაციის შემდეგ მათთვის მედგარი წინააღმდეგობის გაწევით გაღიზიანებულმა გერმანელებმა სოფელ ალიკიანოსში, კონდომარსა და კანდანოსში 500-ზე მეტი ბერძენი მოქალაქე დახვრიტეს. ომის შემდეგ კურტ შდუტენტი, რომელმაც მოქალაქეების დახვრეტის ბრძანება გასცა, გასამართლებას გადაურჩა საბერძნეთის მთავრობის მცდელობების მიუხედავად, რომ მისი ექსტრადაცია მომხდარიყო.
შედეგები
რედაქტირებაკრეტის ბრძოლა იყო პირველი სამხედრო დაპირისპირება, რომელშიც გერმანელი მედესანტეები დიდი რაოდენობით მონაწილოებდნენ, პირველი ფართომასშტაბიანი სადესანტო ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში და პირველი შემთხვევა, როცა მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გამოიყენეს გერმანული ენიგმას გაშიფრული კოდური შეტყობინებები. კრეტის ბრძოლა ასევე იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია სამოქალაქო პირების მასობრივ წინააღმდეგობას წააწყდა. დიდი დანაკარგებისა და შექმნილი წარმოდგენის გამო, რომ მედესანტეებს აღარ ჰქონდათ მოულოდნელობის ეფექტი, ადოლფ ჰიტლერმა სკეპტიკურად დაუწყო ყურება შემდგომ ფართომასშტაბიან სადესანტო ოპერაციებს და ამიერიდან ამჯობინებდა ფალშირმიაგერი სახმელეთო ჯარების მსგავსად გამოეყენებინა. თუმცა მოკავშირეებში კრეტის ბრძოლამ საპირისპირო შედეგი გამოიღო: ისინი მოიხიბლნენ გერმანელ მედესანტეთა შესაძლებლობებით და დაიწყეს საკუთარი მედესანტეთა ნაწილების ფორმირება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Daniel M. Davin (1953). "The Official History of New Zealand in the Second World War 1939–1945". Victoria University of Wellington.
- Clark, Alan (1989) [1962]. The Fall of Crete. London: Anthony Blond
- Comeau, M. G. (2000). Operation Mercury: Airmen in the Battle of Crete. J & K. H. Publishing.
- Buckley, Christopher (1952). Greece and Crete 1941. Second World War, 1939–1945