კრეოლური ენა
კრეოლური ენა (ლათ. criare "შექმნა") — ენა, რომელიც წარმოიშობა მოცემულ საზოგადოებაში კონკრეტული ენობრივი სისტემის არასრულყოფილი სახით გამოყენების შედეგად მიღებული ტრანსფორმაციებისგან. ამ ტრანსფორმაციებზე გავლენს ახდენს მოცემული საზოგადოების წევრების ადგილობრივი მშობლიური ენა. ამგვარი ენა ვითარდება ძირითადად შერეული წარმოშობის საზოგადობებში, თანდათან მშობლიური ხდება მისთვის და ზოგიერთი დამოუკიდებელ ენადაც ყალიბდება. კრეოლური ენების უმეტესობა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის კოლონიზაციის შედეგად წარმოიშვა XV-XX საუკუნეებში. თანამედროვე კრეოლური ენების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ამოსავალ ენასთან კავშირს. ბევრი კრეოლური ენა გადაშენების პირასაა (მაგ. აზიის პორტუგალიურ-კრეოლური ენები), ზოგიერთი მათგანი უკვე გამქრალია, ზოგი კი ამოსავალ ენასთან დაახლოების ტენდენციას ავლენს, რასაც დეკრეოლიზაციის პროცესი ეწოდება.
სახელწოდების ისტორია
რედაქტირებატერმინი კრეოლური მომდინარეობს ფრანგული სიტყვისგან créole, ესპანური criollo, პორტაუგალიური crioulo-საგან. ყველა ეს სიტყვა კი დასაბამს პოულობს ლათინურ სიტყვაში creare "წარმოქმნა, შექმნა". ტერმინი წარმოიშვა XVI საუკუნეში ევროპელების მიერ აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში კოლონიების შექმნის შედეგად.
თავდაპირველად "კრეოლს" უწოდებდნენ კოლონიაში დაბადებულ ადამიანებს, განსხვავებით უფრო მაღალი კლასის - ევროპაში დაბადებული იმიგრანტებისგან. "კრეოლური ენა" კი კრეოლთა სალაპარაკო ენას ერქვა.
კრეოლური ენის განვითარება
რედაქტირებაპიჯინისგან განსხვავებით კრეოლური ენა არის ცალკე ენა, რომელსაც გააჩნია თავისი გრამატიკა და ლექსიკა და რომელიც მოცემული საზოგადოების მშობლიურ ენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კრეოლური ენის ლექსიკა თითქმის მთლიანად ნასესხები სიტყვებისგან არის შექმნილი, ამოსავალი ენის წარმომადგენლისთვის მაინც რთულია მისი გაგება. ნასესხები სიტყვები განიცდიან გარკვეულ მოდიფიკაციებს (ფონეტიკურს, სემანტიკურს და ა.შ), რაც კრეოლურ ენას თავისთავადობას სძენს. მიუხედავად გავრცელებული აზრისა იმის შესახებ, რომ კრეოლური ენები კარგად განვითარებული პიჯინებია, არსებობს გარკვეული სოციო-ეთნიკური და ლინგვისტური განსხვავებები პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის პროცესებს შორის. თუმცა ის ფაქტი რომ მათ შორის არსებობს ბევრი საერთო ნიშანი და მსგავსება, მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავება პიჯინსა და კრეოლურ ენას შორის არ არის მყარი და მათი გამომწვევი მოვლენები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
სოციალური პირობები
რედაქტირება- კრეოლიზაცია ხდება მრავალენობრივ საზოგადოებაში (ანუ იქ,სადაც არანაკლებ ორი ენა თანაარსებობს).
- არსებობს უმცირესობაში მყოფი ეკონომიკურად დომინანტი სოციალური ჯგუფი, რაც ძირითადად ხდება მონობის პირობებში.
- სუპერსტრატის ენა ძნელად მისაწვდომია სუბსტრატის ენათა წარმომადგენლებისთვის.
- სუბსტრატის ენაზე მოსაუბრეთა შორის კომუნიკაცია სუსტდება ამ ენაზე მოსაუბრე თაობათა შემცირების გამო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Society for Pidgin and Creole Linguistics (SPCL) დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine.
- Association for Portuguese and Spanish Lexically Based Creoles (ACBLPE)
- Language Varieties Web Site დაარქივებული 2009-05-31 საიტზე Wayback Machine.
- Groupe Européen de Recherches en Langues Créoles
- Groupe d'Etude et de Recherche en Espace Créolophone (GEREC)
- Associação Brasileira de Estudos Crioulos e Similares (ABECS) დაარქივებული 2006-10-14 საიტზე Wayback Machine.
- Society for Caribbean Linguistics (SCL)
- The Online Dictionary of Language Terminology
- Answer.com: Definition "Creoles"