კრეოლები
კრეოლები (ფრანგ. créole < ესპ. criollo) — შერეული წარმომავლობის სხვადასხვა ეთნიკური (ხშირად ეთნორასობრივი) ერთობები, რომლებიც კოლონიურ პერიოდში ჩამოყალიბდა, უმთავრესად ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში. საუბრობენ, როგორც წესი, კრეოლურ ენებზე.
- ლათინური ამერიკის ქვეყნებში — პირველი ევროპელი მოახალშენეების (უმთავრესად ესპანელების) შთამომავლები, რასობრიობის მხრივ — ევროპეიდები, თუმცა, მეტროპოლიების მკვიდრთაგან განსხვავებით, წარმოადგენენ იმ ესპანური კოლონიური კულტურის მატარებლებს, რომელმაც ინდიელთა და, მცირე დოზით, აფრიკული კულტურების გავლენა განიცადა.
- ბრაზილიაში და ინგლისისა და ნიდერლანდების ყოფილ კოლონიებში სამხრეთ აფრიკასა და ვესტინდოეთში — აფრიკელ მონათა შთამომავლები, რასობრიობის მხრივ — ნეგროიდები, რომელთა ენები და კულტურა ევროპული (ინგლისური, ფრანგული, ნიდერლანდური, ესპანური, პორტუგალიური) და აფრიკული ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს.
- საფრანგეთის გვიანაში — ფრანგი მამაკაცებისა და ნეგროიდი ქალების შერეული ქორწინებების შთამომავლები, რასობრიობის მხრივ — მულატები.
- ლუიზიანასა და ტეხასში — ფრანგი მამაკაცებისა და ინდიელი ქალების შერეული ქორწინებების შთამომავლები; რუსულ ამერიკაში — რუსი მამაკაცებისა და ინდიელი, ალეუტი ან ესკიმოსი ქალების შერეული ქორწინებებისა. რასობრიობის მხრივ — მეტისები. კულტურა ევროპული და ადგილობრივი ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს.
- აფრიკის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ოკეანეთის რიგ კუნძულოვან სახელმწიფოებში — ეთნიკურად და რასობრივად შერეული მოსახლეობა, როგორც წესი, ევროპიზირებული კულტურების მატარებლები: კაბო-ვერდელები (მწვანეკონცხელები, კრიოლუ), სან-ტომელები (ტონგაშები), ანობონელები (პაგალუელები), სეიშელელები (სესელვა, სეშელვა), მავრიკიელები, რეიუნიონელები, ბურგერები, აღმოსავლეთტიმორელები და მისთ.
- სიერა-ლეონეში, გამბიაში, სენეგალში, განასა და დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში — გათავისუფლებული მონების შთამომავლები (კრიოლები, აკუ, სარო ნიგერიაში და სხვ.), რომელთა ენა და კულტურა აფრიკული, ევროპული და ამერიკული ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Попов В. А. Креолы // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 690.