კრასნოდარის მუსიკალური თეატრი

კრასნოდარის მუსიკალური თეატრი (რუს. Краснодарский музыкальный теат) — მუსიკალური თეატრი ქალაქ კრასნოდარში. 2002 წლიდან არის ლეონარდ გატოვის სახელობის კრასნოდარის შემოქმედებითი ასოციაცია „პრემიერას“ წევრი.[1] შენობაში ფუნქციონირებს ორი თეატრალური ჯგუფი: მუსიკალური თეატრი და იური გრიგოროვიჩის ბალეტის თეატრი, ასევე გიორგი გარანიანის ბიგ-ბენდი; ყუბანის სახელმწიფო ანსამბლი „კრინიცა“; ყუბანის სახელმწიფო სასულე ბენდი და მუსიკალური თეატრის საბავშვო სტუდია.

კრასნოდარის მუსიკალური თეატრი

კრასნოდარის მუსიკალური თეატრის შენობა
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთი
მდებარეობა კრასნოდარი, რუსეთი
მისამართი г. Краснодар, ул. Красная, 44
კოორდინატები 45°01′40″ ჩ. გ. 38°57′56″ ა. გ. / 45.02778° ჩ. გ. 38.96556° ა. გ. / 45.02778; 38.96556

თეატრის დაარსების წლად ითვლება 1933 წელი, როდესაც ოპერეტის ანტრეპრიზიდან შეიქმნა არმავირის ლუნაჩარსკის სახელობის მუსიკალური კომედიის საქალაქო თეატრი. 1934 წელს, აზოვ-შავიზღვისპირა მხარის ჩრდილო-კავკასიის მხარიდან გამოყოფით, თეატრს ეწოდა აზოვ-შავიზღვისპირეთის მუსიკალური კომედიის. 1935-1936 წლების სეზონისთვის თეატრის რეპერტუარში შედიოდა 20-მდე სპექტაკლი. მათ შორის: ოპერეტები „ლურჯი მაზურკა“, „ბოშას სიყვარული“, „მადემუაზელ ნიტუში“, „ბოშების ბარონი“, „გეიშა“, „უკანასკნელი ჩარდაში“, „მხიარული ქვრივი“, „მსახური“, „როზ-მარი“. მთავარი რეჟისორი იყო ა. ელისავეცკი, დირიჟორი — ე. ისკანდერი, სამხატვრო ხელმძღვანელი — ა. ედიგაროვი. სამსახიობო ჯგუფში გამოდიოდნენ ლეონიდ ორლოვი, ალექსანდრე და ელვირა ალექსანდროვები, პავლე გერასიმოვი, ევგენი ტუმანოვი, ევგენი კუროჩკინი, ანტონინა ბოიარსკაია. სპექტაკლების განუყოფელი ნაწილი იყო ბალეტი, რომელიც ცალკე იყო მითითებული პლაკატებში: ექსცენტრიული და ეგვიპტური ცეკვები.

1937 წელს ჩამოყალიბდა კრასნოდარის მხარე და თეატრმა შეიცვალა სახელი. გახდა კრასნოდარის მუსიკალური კომედიის თეატრი და გადავიდა კრასნოდარში. თეატრი განთავსდა შენობაში, რომელიც სპეციალურად ვაჭარ ლიხატსკის მიერ აშენდა თეატრალური წარმოდგენების გასამართად. ის მდებარეობდა „კრასნაიასა“ და „დლინნაიას“ ქუჩების კუთხეში. თეატრის შენობა კლასიკური ფრესკებით იყო გაფორმებული და მას სპეციალური აპარატი ანათებდა ჩრდილოეთის ციალის განათების სახით. დარბაზში ასევე იყო ფერადი განათება. კრასნოდარის თეატრალური სეზონი 1937 წელს გაიხსნა ოპერეტით „ხოლოპკა“.

1937-1938 წლებში თეატრმა განაახლა თავისი რეპერტუარი. დაიდგა ა. რიაბოვის „სოროჩინი ბაზრობა“ და „კოლუმბინა“, ბ. ალექსანდროვის „ქორწილი მალინოვკაში“ და „მეასე ვეფხვი“ და სხვა. თეატრის შემადგენლობაში არის რეჟისორი ნიკოლაი ედიგაროვი. 1942 წლის 12 აგვისტოს დაიწყო გერმანიის ჯარების მიერ ქალაქ კრასნოდარის ოკუპაცია. 10 თებერვალს უკანდახევისას გერმანულმა შენაერთებმა ააფეთქეს თეატრის შენობა. მუსიკალური კომედიის თეატრის აღდგენა მხოლოდ 1944 წელს მოხერხდა. 1945 წელს დირექტორი გახდა ანდრონიკ ისაგულიანი. რეპერტუარში იყო ი. კალმანი, ფ. ლეგარი, ი. შტრაუსი, ი. დუნაევსკი, ბ. ალექსანდროვი, ი. მილუტინი.

1954 წელს თეატრი კვლავ გადავიდა, ის განთავსდა ყოფილი კინოთეატრ „კოლოსის“ შენობაში. (კრასნაიას ქ. # 44). 1952-1956 წლებში. თეატრის მთავარი რეჟისორი იყო ფიოდორ კოვროვსკი. 1956 წლიდან კი — მატვეი ოშეროვსკი. 1960 წელს თეატრი პირველად გაემგზავრა დიდ გასტროლებზე მოსკოვში. 1964 წელს დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გადაიზარდა ახალი შენობის მშენებლობაში. ახალი, 1432 ადგილიანი თეატრის პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ა. ტიტოვი.

1966 წლის 6 ნოემბერს თეატრი გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც იმავე ადგილას აშენდა და მიიღო ახალი სახელი - კრასნოდარის მხარის ოპერეტის თეატრი. ამ დროის სპექტაკლებია: „ალიონზე“, „შავი დრაკონი“, „ბოშური სიყვარული“. 1969 წელს თეატრი დატოვეს დირექტორმა ანდრონიკ ისაგულიანმა და დირიჟორმა მიხაილ კირაკოსოვმა, რომელიც თეატრში 1947 წლიდან მოღვაწეობდა. 1959 წელს თეატრში მოვიდა მთავარი ქორემაისტერი ვალენტინ ტრამბაჩი. ამ პერიოდში დაიდგა: „ფრასკიტა“, „ბოშური სიყვარული“, „მონმარტრის იისფერი“, „ბოშების ბარონი“, „ლირა და ხმალი“. 1972 წელს თეატრს სათავეში ჩაუდგნენ რეჟისორი იული ხმელნიცკი და დირიჟორი ერიხ როზენი. დაიდგა სპექტაკლები: „მხიარული ქვრივი“, „ბაიადერი“, „ღამურა“.

თანამედროვეობა

რედაქტირება

1997 წლის 1 ოქტომბერს ხელი მოეწერა დადგენილებას სამხარეო ოპერეტის თეატრის სტატუსის შესაცვლელად და იგი გახდა კრასნოდარის მუსიკალური თეატრი. 2002 წლის იანვრის შუა რიცხვებში, კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მუსიკალური თეატრი გახდა კრასნოდარის სახელმწიფო შემოქმედებითი ასოციაციის „პრემიერას“ ნაწილი. ფაქტობრივად, მას „პრემიერას“ გენერალური დირექტორი, რუსეთის სახალხო არტისტი ლეონარდ გატოვი ხელმძღვანელობდა.

შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სარემონტო სამუშაოები მარტში დაიწყო და ახალი სეზონისთვის თეატრი წარსდგა მაყურებლის წინაშე. მაყურებელთა დარბაზი მთლიანად იქნა რეკონსტრუირებული, გაფართოვდა ჩაღრმავება ორკესტრისთვის. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი მიზანი აკუსტიკის გაუმჯობესება იყო. შეიცვალა სცენის ყველა განათება, გარემონტდა შენობის ფოიე და ფასადები, ასევე თეატრის მიმდებარე ტერიტორია, აშენდა საბალეტო დარბაზები, მთელ შენობაში გარემონტდა არტისტების ოთახები. რეკონსტრუირებული თეატრი გაიხსნა 2002 წლის 31 აგვისტოს იური გრიგოროვიჩის ბალეტის თეატრის მიერ დიმიტრი შოსტაკოვიჩის ბალეტ „ოქროს ხანას“ პრემიერით. ერთი კვირის შემდეგ შედგა ბიზეს ოპერის „კარმენის" პრემიერა პეტერბურგელი რეჟისორის ა. სტეპანიუკის და დირიჟორ ვლადიმერ ზივას დადგმით.

ორი კვირის შემდეგ კრასნოდარის მცხოვრებლებმა ნახეს პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ დადგმული „ჰელიკონ-ოპერის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დიმიტრი ბერტმანისა და რუსეთის სახალხო არტისტის, ყუბანის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის ვლადიმერ პონკინის მიერ.

ლ. გატოვმა შესთავაზა რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ვლადიმერ ზივას გამხდარიყო განახლებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ლ. გატოვი და ვ. ზივა მუდმივად მუშაობდნენ თეატრის რეპერტუარის გაუმჯობესებაზე, ახალი ვოკალისტების, მუსიკოსების, ცნობილი რეჟისორების, მხატვრებისა და ქორეოგრაფების მოზიდვაზე. მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა თეატრის მრავალი საგანმანათლებლო პროექტი ცნობილი მუსიკოსებისა და რუსული კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით. მათ შორის არიან: ანდრეი დიევი, დენის მაცუევი, ლიუბოვ კაზარნოვსკაია, სერგეი იურსკი, პავლე ლიუბიმცევი და მრავალი სხვა.

ლ. გატოვის ძალისხმევის წყალობით კრასნოდარში ქვეყნის საუკეთესო მუსიკალურმა ძალებმა დაიწყეს შეკრება: რეჟისორები - ალექსეი სტეპანიუკი, დიმიტრი ბერტმანი, რომან ვიკტიუკი, ვალერი მერკულოვი, კირილ სტრეჟნევი, ვადიმ მილკოვი. სპექტაკლებზე მუშაობენ ცნობილი მხატვარ-დიზაინერები: ანა და ანატოლი ნეჟნი, ტატიანა ტულუბიევა, იგორ ნეჟნი, იგორ გრინევიჩი, ანდრეი კლიმოვი, ოლგა რეზნიჩენკო, ვიაჩესლავ ოკუნევი, სვეტლანა ლოგოფეტი.

თეატრის დასში ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად შედიან დამსახურებული და სახალხო არტისტები: იური დროჟნიაკი, ნატალია კრემენსკაია, ანასტასია პოდკოპაევა, ვიაჩესლავ ეგოროვი, ანატოლი ბოროდინი. თეატრის წამყვანი სოლისტები არიან მარინა შულგა, ოქსანა სილაევა, კარინა პეტროვსკაია, ტატიანა ზახოჟა, ვლადიმერ კუზნეცოვი, ვლადიმერ ბულატოვი, ვლადიმერ გადალინი. თეატრის გუნდი, მთავარი ქორმეისტერის, იგორ შვედოვის ხელმძღვანელობით, სულ უფრო მეტ დამოუკიდებელ ხმას იძენს. გამარჯვების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით თეატრის გუნდმა, ორკესტრმა, სოლისტებმა ვლადიმერ ზივას ხელმძღვანელობით შეასრულეს ორატორია ა. ჩაიკოვსკის „რუსული რექვიემი“, რომელიც დაიწერა თეატრის დაკვეთით.

თეატრში შემოსვლა დაიწყეს ახალგაზრდა შემოქმედებითმა ძალებმა: სადირიჟორო სცენაზე დადგა ანდრეი ლებედევი, თეატრში მოვიდნენ სოლისტები: ნ. ბიზეევა, ნ. არზიაევა, ვ. ემელინი, ა. გრიგორიევი, გ. ნიზამოვა, მ. როდიონოვი.

შემოქმედებით ასოციაციას ხელმძღვანელობს რუსეთის დამსახურებული არტისტი ტატიანა გატოვა. მისი უშუალო მონაწილეობით, რეპერტუარი შეივსო სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სპექტაკლებით: ოპერა „ალეკო“, ოპერეტები „ღამურა“ და „სილვა“, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია მუსიკალური თეატრი, სპექტაკლი მსოფლიოს.საუკეთესო ოპერეტებისა და მიუზიკლების ფრაგმენტებიდან „ბრავო! ბრავისიმო!“, რომელიც ყოველთვის ავსებს დარბაზს; ბალეტები „შავ-თეთრი კინო“, „გზა“, „ნოველები: მხოლოდ სიყვარულზე“ - დადგმული თეატრის მთავარი ქორეოგრაფი ალექსანდრე მაცკოს მიერ, საბავშვო სპექტაკლები „კონკია“ და „ჯუჯა ცხვირი“. სწორედ კრასნოდარში შედგა ცნობილი კომპოზიტორის ეფრემ პოდგაიეცის ოპერის „ჯუჯა ცხვირის“ პრემიერა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლი საინტერესოა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. მასში ახლებურად გამოვლინდნენ თეატრის წამყვანი სოლისტები.

დიდი ყურადღება ეთმობა საინტერესო მუსიკალურ პროგრამებს. მათ შორის არის კონცერტების სერია „სცენები რუსული ოპერებიდან“. პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელს საშუალება აქვს ერთ საღამოს საკონცერტო სპექტაკლში მოისმინოს ცნობილი რუსული ოპერების ყველაზე თვალსაჩინო ფრაგმენტები, რომლებიც, მათი მასშტაბისა და დანიშნულების გამო (განკუთვნილია დიდი რაოდენობით იშვიათი ხმისთვის), იშვიათი სანახაობაა თუნდაც დიდი დედაქალაქების თეატრებში. ამ ციკლის ოთხივე პროგრამას დიდი წარმატება ხვდა წილად მაყურებლებს შორის და გადაწყდა გალა კონცერტის ჩატარება: „რუსული ოპერები: საუკეთესო საუკეთესოთაგან“. ამ კონცერტის პროგრამის შედგენისას გათვალისწინებული იყო თავად მაყურებლის სურვილი.

აკადემიის „ახალი პერედვიჟნიჩესტვოს“ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მუსიკალური თეატრის სცენაზე გაიმართა ცნობილი „ტერემ კვარტეტის“, პიანისტ ანდრეი დიევის კონცერტები ყუბანის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი — ვლადიმერ ზივა), ალექსანდრე ზახაროვის (დიდი თეატრი) კონცერტი. დიდი თეატრის სოლისტებმა ლოლიტა სემენინამ, ოლეგ დოლგოვმა და ანდრეი გრიგორიევმა მთავარი როლები შეასრულეს თეატრის სპექტაკლში „ევგენი ონეგინი“. გაზაფხულზე კი კრასნოდარის მაყურებლებმა პრაღის ოპერის სოლისტი დამირ ბასიროვი იხილეს ონეგინის როლში. შემოქმედებითი საზოგადოების ასეთი გამოცდილება უდავოდ სასარგებლო გახდა კრასნოდარის მუსიკალური თეატრის სოლისტებისთვის.

გაზაფხულზე, ყუბანის მთავარ მუსიკალურ სცენაზე, მოსკოვის მუსიკალურმა თეატრმა „ჰელიკონ-ოპერა“ წარმოადგინა პრემიერა დავიდ ტუხმანოვის ოპერისა „დედოფალი“. სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის აუდიტორიის შემდეგ კრასნოდარის მცხოვრებლებმა პირველებმა ნახეს წარმოდგენა რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნების — იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ცხოვრებაზე. რეკონსტრუირებული დარბაზის ტექნიკურმა შესაძლებლობებმა სასიამოვნოდ გააკვირვა თეატრის სტუმრები.

მუსიკალური კომედიის — „გამარჯობა, მე თქვენი დეიდა ვარ!“ პრემიერა გაიმართა სოფელ ლორისში, კულტურის სასახლის ბაზაზე. ასეთი გასვლითი პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ცოტა ხანია არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის სასიხარულოდ, უკვე ნაყოფს იძლევა. ახლა ეს კაშკაშა და დაუვიწყარი სპექტაკლი გადავიდა სტაციონარულ პლატფორმაზე.

ქალაქ კრასნოდარის დღის აღსანიშნავად შედგა დიდი ხნის ნანატრი პრემიერა, ცნობილი ოპერა პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“. ეს არის სერიოზული ეტაპი თეატრის ისტორიაში, ნიშანი იმისა, რომ მისი დასი დედაქალაქის მაღალ დონეს შეესაბამება. სპექტაკლი დადგა ცნობილი რეჟისორის, ბორის პოკროვსკის მემკვიდრემ ოლგა ივანოვამ.

2011 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოვიდა ახალი პროექტი სახელწოდებით „ოპერის სამი საუკუნე. ახალგაზრდები — ახალგაზრდებს“. ეს არის კრასნოდარის მუსიკალური თეატრის, რუსეთის ფედერაციის თეატრის მუშაკთა კავშირისა და სანქტ-პეტერბურგის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში იმართება სამი ნაკლებად ცნობილი ოპერის სამი პრემიერა: გ. დონიცეტის „ზარი, ანუ როგორ უნდა დაქორწინდე სწორად“, ჯ. პერგოლეზის „Stabat mater“ და ვ. ჰოდოშის სახუმარო ოპერა „დათვი“. პროექტის მთავარი მიზნები და ამოცანები იყო კრასნოდარის აუდიტორიისთვის გაეცნო უნიკალური მუსიკალური მასალა, ასევე ახალგაზრდა რეჟისორები, რომლებსაც დაევალათ ამ ოპერების დადგმა. ესენი არიან პეტერბურგის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები (პროფესორ ი. ტაიმანოვას კლასი). ამ შემოქმედებითი აქციის უჩვეულოობა ის არის, რომ ის ტარდება კრასნოდარის მუსიკალური თეატრის თეატრალურ დარბაზში „თეთრ როიალთან“.

2012 წლის აპრილიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა ყუბანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანდრეი ლებედევი.

რეპერტუარში გაჩნდა ახალი საკონცერტო პროგრამა „მომხიბლავი ოპერეტა“. ასევე ყუბანის საზოგადოების საყვარელი ოპერეტა ი. შტრაუსის „ბოშების ბარონი“ დადგმული მუსიკალური თეატრის რეჟისორისა და მთავარი ქორეოგრაფის ალექსანდრე მაცკოს მიერ. მასვე ეკუთვნის ახალი ერთმოქმედებიანი ბალეტების: „მოცარტი“ და „ბოლერო“ პრემიერები, ასევე საოჯახო მუსიკალური ზღაპარი „ალი-ბაბა, ანუ სპარსული ბაზრის ორმოცი სიმღერა“.

2013 წლის 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, მუსიკალურმა თეატრმა უმასპინძლა თანამედროვე ქორეოგრაფიის I საერთაშორისო ფესტივალს, „კრასნოდარი-13“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: პერმის ხელოვნების ცოცხალმა ლეგენდამ — „ევგენი პანფილოვის ბალეტი", ეკატერინბურგის ორიგინალურმა ავანგარდულმა ტატიანა ბაგანოვას ჯგუფმა „პროვინციული ცეკვები“ და რადუ პოკლიტარუს საავტორო თეატრმა „კიევ-მოდერნბალეტი“. ფესტივალი გაიხსნა მუსიკალური თეატრის საბალეტო ჯგუფის ორი პრემიერით: ევგენი აკიმოვის ბალეტი-ტანგო „Historia de un amor“, ანუ „ცეცხლოვანი ტანგო“ და ალექსანდრე მაცკოს ბალეტი-ბენდი „The Beatles. Love…“, რომელთა დადგმით თანამედროვე ქორეოგრაფიის ქრონოლოგია დაიწყო კრასნოდარში.

79-ე სეზონში თეატრის რეპერტუარში გამოჩნდა რიგით მე-10 ახალი ოპერა — დონიცეტის „სასიყვარულო სასმელი“ — დადგმული რუსეთის სახალხო არტისტის, ეროვნული თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“-ს ლაურეატის ალექსანდრე პეტროვის (სანქტ-პეტერბურგი) მიერ.

მუსიკალურმა თეატრმა 2013 წლის სექტემბერში გახსნა მე-80 საიუბილეო სეზონი. კრასნოდარის მუსიკალური თეატრის მრავალჟანრიანი რეპერტუარის პალიტრა ავტომატურად კარნახობდა საიუბილეო სეზონის მთელი წლის განმავლობაში აღნიშვნის იდეას. ასე რომ, შენობის ფასადზე გამოსახული იყო ოთხი მინიფესტივალის პლაკატი „ოთხი სეზონი: შემოდგომა — ოპერეტა. ზამთარი — ოპერა. გაზაფხული — თანამედროვე ქორეოგრაფია. ზაფხული — მიუზიკლი“. თითოეული ფესტივალი მოიცავდა მოწვევას დედაქალაქის თეატრების ვარსკვლავებისთვის, მონაწილეობა მიეღოთ კრასნოდარის მუსიკალური თეატრის სპექტაკლებში. ოპერეტის ფესტივალის სტუმრები გახდნენ მოსკოვის ოპერეტას სოლისტები სვეტლანა კრინიცკაია, ანა ნოვიკოვა და ოლეგ კორჟი, სოლისტები პეტერბურგიდან ოლგა ლოზოვაია და ივან კორიტოვი. მოსკოვის ოპერეტის ლეგენდების — რუსეთის სახალხო არტისტების, რუსული ოპერეტის ლეგენდების სვეტლანა ვარგუზოვას და იური ვედენეევის მონაწილეობა — ფესტივალის გალა კონცერტის ნამდვილი მშვენება გახდა.

კრასნოდარში ოპერის ფესტივალი პეტერბურგის მარიინსკის თეატრის მხარდაჭერით გაიმართა. მისი სტუმრები გახდნენ მარიინსკის თეატრის სოლისტები — რუსეთის დამსახურებული არტისტი ახმედ აგადი, ოქსანა შილოვა და ვლადიმერ მოროზი. გალა კონცერტის რეჟისორი იყო მარიინსკის თეატრის დირექტორი — რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ირკინ გაბიტოვი. ოპერის ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა ახალგაზრდა ოპერის მომღერლების I საერთაშორისო კონკურსი „ოპერა საზღვრებს გარეშე“, მარიინსკის თეატრის აკადემიის ახალგაზრდა ოპერის მომღერლებისა და პირადად აკადემის სამხატვრო ხელმძღვანელის, რუსეთის სახალხო არტისტის, ლარისა გერგიევას მხარდაჭერით. რომელიც ასრულებდა საოპერო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას და სათავეში ედგა საერთაშორისო ვოკალური კონკურსის კომპეტენტურ ჟიურის.

გაზაფხულზე, საიუბილეო სეზონის აღნიშვნის ფარგლებში, გაიმართა თანამედროვე ქორეოგრაფიის II საერთაშორისო ფესტივალი. მისი სტუმარი იყო მოსკოვის სტანისლავსკის და ვ. და. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის აკადემიური მუსიკალური თეატრი, რომელმაც მოიტანა სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი „ტყეში“ ნაჩო დუატოს (ესპანეთი) რეჟისურით, „პატარა სიკვდილი“ და „ექვსი ცეკვა“ ირჟი კილიანის (ჩეხეთი, ნიდერლანდები) რეჟისურით. ფესტივალის სტუმრები იყვნენ ასევე ეროვნული თეატრის პრემია „ოქროს ნიღაბის“ მფლობელები ვლადიმერ ვარნავა (სანქტ-პეტერბურგი) და ტატიანა ბაგანოვა (ეკატერინბურგი). მათი წარმოდგენილი ბალეტების — „ფანჯარა შუა ზამთრისაკენ“ და „ილუზია“ პრემიერები დაემატა კრასნოდარელთა საყვარელ ბალეტს „ნოველები: მხოლოდ სიყვარულზე“, მუსიკალური თეატრის მთავარი ქორეოგრაფის, ალექსანდრე მაცკოს მიერ დადგმული.

კრასნოდარის მუსიკალური თეატრის მე-80 სეზონის საიუბილეო აღნიშვნის ჯადოსნური ჯოხის ბოლო ტალღა იყო ფესტივალი „ოთხი სეზონი. ზაფხული. მუსიკალური“. ფესტივალი გაიხსნა სეზონის პრემიერით — მსუბუქი ოპერით „გოგოლი. ჩიჩიკოვი. სულები“ (რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მუშაკის, ოქროს ნიღბის მფლობელის ალექსანდრე პანტიკინის მუსიკა, ალექსანდრე მაცკოს დადგმით პრემიერა შედგა 2014 წლის 23 მარტს). სწორედ ამ წარმოდგენით კრასნოდარის მხარემ ოფიციალურად გახსნა კულტურის წელი რუსეთში. ფესტივალის სტუმრები იყვნენ: დედაქალაქის მიუზიკლის ვარსკვლავები — თეატრის მსახიობი ა. რიბნიკოვა (მოსკოვი) ანა კურკოვა, თეატრის მსახიობი რ. ვიქტიუკი (მოსკოვი) ვალერი გვიმრაძე (სეხპოსოვი), მოსკოვის მუსიკალური კომედიის თეატრის არტისტები როსტისლავ კოლპაკოვი და ელენა გაზაევა და პეტერბურგის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი ივან კორიტოვი.

სეზონის შესაჯამებლად, დასის საერთო შეკრებაზე მივიდა კრასნოდარის მხარის კულტურის მინისტრი გ. სოლიანინა. მისი ხელითვე მიიღო მუსიკალური თეატრის ოთხმა სოლისტმა ყუბანის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება (ნატალია ბიზეევა, ოქსანა ავაკიანი, ვლადისლავ ემელინი და ვლადიმერ კუზნეცოვი). თეატრის მთავარ ქორეოგრაფს და რეჟისორს ალექსანდრე მაცკოს მიენიჭა ყუბანის ხელოვნების დამსახურებული მუშაკის წოდება, ხოლო კონცერტმაისტერ ლუდმილა თეკოევას მიენიჭა ყუბანის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება.

სეზონის ბოლოს ანდრეი ლებედევმა დატოვა თეატრი. 2014 წლის აგვისტოში მთავარი დირიჟორის პოსტი დაიკავა ვიქტორ ოლინმა, რომელიც ჩამოვიდა ეკატერინბურგიდან, სადაც ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა სვერდლოვსკის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

კრასნოდარის მუსიკალური თეატრი ყუბანის უძველესი თეატრია, რომელმაც თავისი არსებობის გზაზე თავბრუდამხვევი აღმავლობა და ურთულესი პერიოდები გამოიარა, რამდენჯერმე შეიცვალა სტატუსი უფრო მაღალით. ამჟამად თეატრი არის განვითარების იმ ეტაპზე, როცა გაზვიადების გარეშე შეიძლება ლაპარაკი ყუბანის მუსიკალური კულტურის განვითარებისა საკმაოდ მაღალ დონეზე.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.to-premiera.com/about/ О «Премьере»
  2. Министерство культуры Краснодарского края. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-13. ციტირების თარიღი: 2015-04-08.