კორინთის ყელი
კორინთის ყელი — ყელი კორინთისა და სარონიკოსის ყურეებს შორის. აერთებს პელოპონესის ნახევარკუნძულს ცენტრალური საბერძნეთის რაიონებთან. სიგრძე 42 კმ, სიგანე 6,3-იდან 16 კმ-მდე. კორინთის ყელის დიდი ნაწილი უჭირავს ერანიის კირქვიან ჭიუხს. ჭარბობს ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი.[1] კორინთის ყელზე გადის რკინიგზა და საავტომობილო გზა, რომელიც ათენს კორინთთან აკავშირებს. გადაკვეთილია კორინთის არხით.[2] ანტიკურ ხანაში აქ გადიოდა ნავსათრევი გზა — დიოლკოსი.
კორინთის ყელის ძველი სახელია ისთმოსი (ბერძ. ’Ισθμός — „ყელი“). მასზე მდებარეობდა ძველი საბერძნეთის მსხვილი სავაჭრო-სამრეწველო ცენტრები — მეგარა და კორინთი.[3] ძვ. წ. 582 წლიდან ახ. წ. IV საუკუნის შუა ხანებამდე აქ 2 ან 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა პოსეიდონისადმი მიძღვნილი ისთმოსური თამაშები; მის პროგრამაში შედიოდა გიმნასტიკური, საცხენოსნო, პოეტური და მუსიკალური შეჯიბრებები.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კორინთის ყელი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 674.
- ↑ 2.0 2.1 Коринфский перешеек // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 313.
- ↑ Истм // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 99.