შელფი

(გადამისამართდა გვერდიდან კონტინენტური მეჩეჩი)

შელფი, კონტინენტური მეჩეჩი (ინგლ. shelf) — კონტინენტის წყალქვეშა კიდის მოსწორებული ნაწილი, რომელიც ეკვრის ხმელეთს. ახასიათებს მომიჯნავე ხმელეთის მსგავსი გეოლოგიური აგებულება. შელფის საზღვრებია — ზღვის ან ოკეანის ნაპირი და გნდე. წყლის სიღრმე გნდის თავზე დაახლოებით 100-200 მ-ია (ზოგჯერ 500-1500 მ, მაგალითად, ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილისა და ახალი ზელანდიის შელფებზე).[1]

შელფი როგორც ისტორიულ-გეოლოგიური კატეგორია არსებობდა ყველა გეოლოგიურ პერიოდში. შელფის გეომორფოლოგიური საზღვრებია სანაპირო ხაზი და ზედაპირული გადახრა, რომლის ქვემოთ მკვეთრად მატულობს ზღვის სიღრმე.[2]

შელფის საერთო ფართობი დაახლოებით 32 მლნ. კმ²-ია. ამასთანავე იგი იკავებს მსოფლიო ოკეანის ფართობის 8,6%-ს. ყველაზე ვრცელია ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილის მომიჯნავე შელფი, რომლის სიგანე 1,5 ათ. კმ-ს აღწევს. მეტად განიერი შელფი გვხვდება ასევე ბერინგის ზღვაში, ჰუდსონის ყურეში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროებზე.[2]

იყოფა: გარე და შიგა ზონებად. შელფის კიდის სიღრმე იცვლება 20-550 მ-მდე, ჩვეულებრივ 200 მ-მდე, საშუალოდ შეადგენს 133 მ-ს. თუ შელფის კიდე ძლიერ დანაწევრებულია და ხასიათდება ისეთი სიღრმეებით, რომლებიც განსხვავდება ტიპური შელფისგან, ასეთი ზონებისთვის მიღებულია ტერმინი ბორდერლენდი. შელფის შიგა ზონა ეკვრის სანაპირო ხაზს და წარმოდგენილია რთული, არასწორი ზედაპირით და აბრაზიული სუსტად გადამუშვებული სუბაერალური ან ზოგჯერ ტექტონიკური წარმოშობის რელიეფით, რომელიც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დაძირულია მნიშვნელოვან სიღრმეზე.[3]

შავ ზღვაში 110-160 მ სიღრმის შელფი მაქსიმალურ სიგანეს (200 კმ-ზე მეტი) ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღწევს. დანარჩენ რაიონებში შელფის სიღრმე 110 მ-ზე ნაკლებია, სიგანე 10-15-იდან 2,5 კმ-მდე (თურქეთის ნაპირთან). შავ ზღვაში შელფი მთავრდება საშუალოდ 90-110 მ სიღრმეზე და მხოლოდ სევასტოპოლისა და იალტის სამხრეთით 140-160 მ-ზე. შავი ზღვის ფსკერის 24 % მოდის შელფზე. შავი ზღვის შელფის სიგანე ზღვის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარია.[4]

შელფს ძველთაგანვე იყენებდნენ თევზჭერისა და ზღვის ცხოველების რეწვისათვის (შელფზე იჭერენ თევზის 92%-ს). შელფზე ფართოდ არის გაშლილი სასარგებლო წიაღისეულის ძიება და მოპოვება. შელფზე მოიპოვებენ ნავთობს, აგრეთვე ქვიშრობულ სასარგებლო წიაღისეულს (კასიტერიტი, ტიტანმაგნეტიტი, ალმასი, ოქრო და სხვა).[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 707-708.
  2. 2.0 2.1 Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,
  3. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  4. Вылканов А., Данов Х. Черное море. Ленинград: Гидрометеоиздат, გვ. 408. 1983 г.
  5. Шельф // Большая советская энциклопедия