კონსტანტინე ყარანგოზიშვილი

კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი, კარანგოზოვი (დ. 18 თებერვალი, 1852, დუშეთი, — გ. 25 ივლისი, 1907, ქ. პიატიგორსკი) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1904).

გენ.-მ. კ. ყარანგოზიშვილი

დაიბადა დუშეთის მაზრის აზნაურთა ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო გიმნაზია და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. 1873 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) და თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე, ალაჯინის სიმაღლეებისთვის ბრძოლაში. 1896 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და 1897 წელს გადაიყვანეს სანქტ-პეტერბურგში ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებლის იუნკერთა ესკადრონის მეთაურად. შემდეგ იყო ასტრახანის 22-ე დრაგუნთა პოლკის (1899-1903) და მე-8 საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადის (1903-1904) მეთაური. 1904 წელს გახდა გენერალ-მაიორი. 1905 წელს ჯავშნოსან „პოტიომკინზე“ რევოლუციური ამბოხების დროს დაინიშნა ჯერ ოდესის სამხედრო კომენდანტად, შემდეგ კი ოდესის დროებით გენერალ-გუბერნატორად. პირადად დააშოშმინა ამბოხებული მეზღვაურები ჯავშნოსან „გიორგი პობედონოსეცზე“. 1905 წლის ბოლოს ოდესის პოლიციამ აღკვეთა შეთქმულება ყარანგოზიშვილის მკვლელობის მიზნით. 1907 წელს სამკურნალოდ მყოფი გენერალი ყარანგოზიშვილი პიატიგორსკში მოკლეს ტერორისტებმა. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1877), III (1877) და II (1884) ხარისხის, წმ. სტანისტლავის III (1877), II (1879) და I ხარისხის (1905), წმ. გიორგის IV (1878), წმ. ვლადიმირის IV (1897) და III (1902) ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Потто В. А. История 44-го Драгунского Нижегородского полка. т. 10. Приложение. Список офицеров служивших в полку. — СПб., 1895, с. 65
  • Список полковникам по старшинству. Составлен по 1-е сентября 1899 г. — СПб., 1899, c. 676
  • Список генералам по старшинству. Составлен по 1-е сентября 1904 года. — СПб., 1904, с. 1372
  • Малахов В. П., Степаненко Б. А. Одесса, 1900—1920 / Люди… События… Факты… — 1-е. — Одесса: Optimum, 2004. — 448 с. — ISBN 966-8072-85-5.
  • Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том II. Л—Я. М., 2009
  • Гизетти А. Л. Сборник сведений о георгиевских кавалерах и боевых знаках отличий кавказских войск. Тифлис, 1901 на сайте Руниверс
  • Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). — Киев, 2001