კონსტანტინე იშხნელი

კონსტანტინე (კოლია) ნიკოლოზის ძე იშხნელი (დ. 1 აგვისტო, 1891, სოფ. არადეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 აგვისტო, 1937) — ქართველი სამხედრო პირი, პოდპოლკოვნიკი.

წარმომავლობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა სუმის კადეტთა კორპუსი (1910), შემდეგ მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი. 1913 წლიდან კავკასიის 1-ლი მსროლელი საარტილერიო დივიზიონის პოდპორუჩიკი. ამავე შენაერთის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1915) და წმ. ანას III (1915) და IV (1916) ხარისხის ორდენებით. ჰქონდა პორუჩიკის (1915), შტაბს-კაპიტნის (1916), კაპიტნის (1917) წოდებები. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში პოდპოლკოვნიკის ჩინით, შემდეგ ქართულ წითელ არმიაში (დივიზიონის მეთაურის თანაშემწე). მონაწილეობდა 1922-1924 წლების ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შემდეგ მუშაობდა სამხედრო საქმის პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1937 წელს დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური“ საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • იშხნელი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.
  • Ишхнели Константин. «Памяти героев Великой войны 1914–1918».