კონდოლის მთავარანგელოზის ეკლესია

კონდოლის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კონდოლის ჩრდილოეთით, ვენახებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,2 x 4,7 მ). ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. დაზიანებულია: მონგრეულია ოთხივე კუთხის ზედა ნაწილი, ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდანი. შენობოვა დაახლოებით 0,7 მეტრით მიწაშია ჩამჯდარი.

შესასვლელი დასავლეთიდანაა, იგი აგურითაა გამოყვანილი. შემორჩენილია ორივე წირთხლი და თაღის ჩრდილოეთ ქუსლი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრშიც შეისრული სარკმელია გაჭრილი, ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშია, შესასვლელის ზემოთ. აფსიდში, სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით, თითო, სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ კედელზე, აგურით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზია მიყრდნობილი. დარბაზი გადახურულია ნახევარ წრიული კამარით, რომელიც, ალაგ-ალაგ, ჩამონგრეულია, იატაკზე კვადრატული აგურია დაგებული.

ეკლესიის ფასადებიდან, მთელ სიმაღლეზე, მხოლოდ დასავლეთ ფასადებიღაა შემორჩენილი. ფასადის ქვედა ნახევარი რიყის ქვისაა და შებათქაშებულია მოყვითალო ფერის კირის წმინდა ხსნარით, რომლიტაც ქვებს შორის დარჩენილი არეებია ამოვსებული, ფასადის ზედა ნახევარი კი ფრონტონიანად მთლიანად აგურისაა, რომელშიც ვერტიკალურად დაყენებული ორ-ორი აგურის თანაბარზომიერი განლაგებით, კვადრული წყობის იმიტაციაა შექმნილი. ამ არეშია მოქცეული სარკმელი. სარკმლის თავზე ჩასმულია ფირუზისფრად მოჭიქული შორენკეცი, რომლის ზემოთ, აგურის წყობის შეღმავებით, გამოყვანილია მცირე, ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულება. ფასადი დასრულებული იყო აგურის, ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის მცირე ნაწილი ფრონტონის წვერს შემორჩა. შემორჩენილია ასევე, სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში დადგმული სამრეკლოს აგურითნაწყობი, მრგვალი საფუძველი.

ლიტერატურა

რედაქტირება