კოდისწყაროს წმინდა თევდორეს ეკლესია

კოდისწყაროს წმინდა თევდორეს ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (ლავგარდანი, კამარა, საბჯენი თაღი, კონქი) გამოყენებულია კვადრატული აგური. 1979 წელს მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა - განაახლა გრძივი კედლების ზედა ნაწილები და კრამიტის სახურავის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთ მთლიან შირიმის ქვაშია ამოკვეთილი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია). საკურთხევლის ჩრდილოეთ მხარეს სწორკუთხა ნიშია. ნახევარწრიული კამარა ერთ შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. სამხრეთის სწორკუთხა სარკმელი შეკეთების დროსაა გაჭრილი. მას საპირე აქვს შემოვლებული და მარტივადაა მოჩარჩოებული. დასავლეთ ფასადზე სარკმლის ცრუ ტიმპანზე გამოსახულია პატარა რელიეფური ჯვარი, ხოლო ფრონტონზე, აგურის წყობაში - შეღრმავებული ჯვარი. ლავგარდანი აგურისაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.