კლდისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესია
კლდისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1894 წელს. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია ხის კამაროვანი გადახურვა, კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი.
ეკლესია დარბაზულია (13X7 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთით (გაგანიერებულია) და დასავლეთითაა. დასავლეთის შესასვლელს პატარა ცრუ ტიმპანი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი ასეთივე სარკმელია. ეკლესიის კამარა და კონქი ხის იყო. შემორჩენილია კარგად გათლილი ქვის იატაკის ნაწილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ფრონტონის წყობაში გამოსახულია ჯვარი. აღმოსავლეთით, ჯვრის მარცხენა მკლავის ქვემოთ, ეკლესიის აგების თარიღია ამოკვეთილი. სამხრეთის შესასვლელის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვარი. კედლები დასრულებული იყო სამსაფეხურიანი ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 436.