იმერხეული დიალექტი
იმერხეული დიალექტი, კლარჯული დიალექტი — ქართული ენის დიალექტი. შემორჩენილია ისტორიულ შავშეთ-კლარჯეთის ტერიტორიაზე, მდინარეების — იმერხევისა და შავშეთისწყლის აუზებში (მდინარე ჭოროხის ხეობამდე). ამჟამად თურქეთის საზღვრებშია.
ტერმინი „იმერხეული დიალექტი“ ქართულ დიალექტოლოგიაში დამკვიდრდა იმ ძირითადი გეოგრაფიული ადგილის მიხედვით, სადაც დღეს იმერხეული მეტყველებაა გავრცელებული, თუმცა საქმის რეალურ ვითარებას უფრო კლარჯული (ან შავშურ-კლარჯული) შეეფერება. იმერხეულად მეტყველთა შორის ორი ფენა გამოიყოფა: ტაო-კლარჯეთის ძირძველი მოსახლეობის შთამომავალნი და აჭარა-მესხეთიდან XIX საუკუნეში მუჰაჯირებად წასულ ქართველთა შთამომავალნი. ამათ შორის ენობრივ სხვაობას მეცნიერებიც ამჩნევენ და თვით მოსახლეობაც.
იმერხეულის დიალექტოლოგიურ სახეს ორი ფაქტორი განაპირობებს: საქართველოსაგან ამ კუთხის ხანგრძლივი მოწყვეტით განპირობებული ფონეტიკურ-გრამატიკული არქაიზმები და თურქულ გარემოში ასევე ხანგრძლივი ცხოვრებით გაჩენილი უამრავი ლექსიკური ნასესხობა.
ქართველი ფილოლოგი, პროფესორი შუშანა ფუტკარაძე ადასტურებს იმერხეული დიალექტის შიგნით კილოკაურად განსხვავებულ ხუთ ნაირსახეობას: მუჰაჯირი ქართველების შთამომავალთა მეტყველებას ბურსის ვილაიეთში, ქალაქ ინეგოლისა და ინეგოლის რაიონის სოფლებში; ტაოს ქართულ მეტყველებას ისტორიული ტაოს სოფლებში; იმერხეულ მეტყველებას მდინარე იმერხევის აუზში შემავალ სოფლებში; ლივანურ მეტყველებას ბორჩხისა და მურღულის რაიონების სოფლებში; მაჭახლურ მეტყველებას ზედა მაჭახლის სოფლებში.
აღსანიშნავია ფონეტიკური თავისებურებები: დაცულია ჴ (ჴელი „ხელი“, ჴარი „ხარი“). გვხვდება უ̂ (დეკეუ̂ლი, ბეური, ყაუს „ჰყავს“), დასტურდება ჲ როგორც ი-ს რეფლექსი (ანაჲ –„დედა“, ფენჯერეჲ – „ფანჯარა“, ფენჯერაჲს – „ფანჯრის“, წაჲ – „წადი“, აჲ – „ადი“). გავრცელებულია ხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია (დაეძინა > დეეძინა, დაუძახა > დოუძახა); ბოლოკიდურ პოზიციაში დისიმილაციით აე > ეე > იე (თმაები > თმეები > თმიები); ნაწილობრივი ასიმილაციით იცვლება აი კომპლექსი (დაიჭირა > დეიჭირა); რეგრესიული დისტანციური ასიმილაციის შემთხვევები (დეიჭედებიან > „დაიჭიდებიან“). ოა, ოე, ეა კომპლექსებში ხდება დისიმილაცია (მოვათავე > მოათავე > მუათავე, მოველი > მოელი > მუელი, შეაქო > შიაქო). ხდება მჟღერი აფრიკატების დეზაფრიკატიზაცია (ჩაზვრა, გოუზახა). ვე და ვი კომპლექსები იცვლება შესაბამისად ო და უ ხმოვნებით (ზოლი – „ძველი“, სირცხული – „სირცხვილი“).
მორფოლოგიური თავისებურებანი: ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები სახელობით ბრუნვაში დაირთავენ – ი // -ჲ-ს (ანაჲ – „დედა“, ბაბოჲ – „მამა“, გიდელაჲ – „გიდელი“); მოთხრობითში ამ ტიპის სახელებთან გაჩნდება -მა (ანამა, ბაბომა). მავრცობ ხმოვნად დასტურდება -ა (მირზასა) და -ი (მირზასი). გვხვდება -დამ თანდებული (ქვეშედამ „ქვეშიდან"). რეალური სუბიექტის მრავლობითობა გამოიხატება -ან // -ენ ფორმანტებით (აქან – „აქვთ“, ძინუან – „სძინავთ“, უქნიან – „უქნიათ“). -ავ და -ამ თემის ნიშნები გახმოვანებას იცვლიან ნამყო უსრულსა და მასზე დაფუძნებულ მწკრივებში (მალევდა „მალავდა“). ამავე თემისნიშნიან ზმნათაგან ვნებითი არქაული წესით იწარმოება (იმალვის, იბმის).
სინტაქსური თავისებურებანი: „ეშინია“ ტიპის ზმნებთან დაცულია ძველი ქართულისებური კონსტრუქცია: ჩიტიდამ მეშინოდა, „ჩიტისგან მეშინოდა – ჩიტისა მეშინოდა“. აქტ. სემანტიკის გარდაუვალი ზმნების II სერიის „ორმებთან ქვემდებარე დასმულია მოთხრ. ბრუნვაში: წეუდა კაცმა. „დაუძახა“ ზმნასთან ობიექტი დგას სახ. ბრუნვაში: დუუძახა ქელოღლანი – „დაუძახა ქელოღლანს“.
ლექსიკაში შენახულია არქაულიფენა, ქართული ლექსიკა კარგადაა დაცული სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგიაში. შეინიშნება დიალექტური ინოვაციები: მრავლადაა თურქული ნასესხობანი, თითქმის მთლიანად თურქულია ნათესაობის ტერმინოლოგია. ტოპონიმიკა ქართულია. სიტყვებიც კი, რომლებიც ცოცხალ მეტყველებაში აღარ იხმარება, დაცულია ტოპონიმიკაში (ბოსლიეთი – ბოსელს „ახორი“ ჰქვია; ვაკიეთი – ვაკეს „დუზი“ ჰქვია).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
- გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
- ფუტკარაძე შ., ჩვენებურების ქართული, ბათ., 1993.