კისტანის ღვთისმშობლის ეკლესია
კისტანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთით, ნასოფლარ ლებაისკარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა (7,1 x 5,2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით და ფიქლით. წყობა ირეგულარულია. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია ჩრდილო კედელი, აფსიდის ჩრდილო გვერდის ნაწილი და დანარჩენი კედლების მცირე ნაწილები (სიმაღლე 1-1,3 მეტრი). ეკლესიის გუმბათქვეშა სივრცეს ერთოდა ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული აღმოსავლეთის მკლავი და სამი მოკლე, სწორკუთხა მკლავი. აფსიდის ჩრდილო გვერდის შემორჩენილ ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დანარჩენი მკლავების შუა ნაწილში გაჭრილი შესასვლელიდან მხოლოდ ჩრდილოეთისაა შემორჩენილი. თაღოვანი შესასვლელის თავზე სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილო მკლავის ჩრდილო კედელზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის მცირე ნაწილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 266.