კიპორჭების ციხე
კიპორჭების ციხე — კოშკი, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ ლაფანყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოთხიოდე კილომეტრზე, მდინარე ლოპოტის ხეობაში, ხშირი ტყით დაფარულ ფერდობზე. სავარაუდოდ, თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
კოშკს თავისებური აღნაგობა აქვს. ეს არის გეგმით კვადრატული ნაგებობა. რომლის ოთხივე კუთხეში, სიმტკიცისათვის, მძლავრი, ოთხკუთხა ბურჯი ისევეა ჩართული, რომ მათი უმეტესი ნაწილი კედლების ფარგლებს გარეთაა გასული (გარეთა ზომები, შვერილების ჩათვლით — 8 x 8 მ.). შენობა ფიქლითა და დუღაბით მკვრივადაა ნაშენი. ალაგ-ალაგ, ჩართულია მოზრდილი ზომის, ნატეხი ქვებიც. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. კედლები 3-3,5 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი, კუთხის ნაწილები კი - 6-6,5 მეტრ სიმაღლეზე. კოშკი დამრეც ადგილზეა აგებული, რის გამოც მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ფერდობშია შეჭრილი. შესასვლელი (შემორჩენილია ორივე წირთხლის ნაწილი) ფერდობის მხარეს, მიწის დონეზე, აღმოსავლეთიდანაა. ღიობის სამხრეთ წირთხლის მთელ სიმაღლეზე კარის ჩარჩოს ჩასადგმული ღრმულია. შესასვლელის ორივე მხარეს, მიწიდან დაახლოებით 1,8 მეტრ სიმაღლეზე, მოზრდილი, ორ-ორი სათოფურია მოწყობილი. სათოფურები ანალოგიურადაა განლაგეუბლი სამხრეთ და
ჩრდილოეთ კედლებშიც, რომელთა შორის, სათოფურების ძირის დონეზე, თითო განიერი ღიობია. სადავლეთი კედელი ყრუა. გარედან იგი მთლიანად მიწითაა დაფარული. გარედანვე, კოშკის ოთხივე ბურჯის ზედა ნაწილში, ერთ დონეზე, ერთ-ერთი წახნაგის მთელ სიგანეზე, თარაზული ღრმულია, რომელშიც ხის ძელი იყო ჩადგმული. კოშკი სათავდაცვო ნაგებობის საინტერესო ნიმუშია. მსგავსი ტიპის ნაგებობა მდინარე ჩელთის ხეობაში, სოფლელი შილდის მახლობლადაც არის მიკვლეული. თუ გავიხსენებთ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებას, რომლის მიხედვით კიპორჭი, იგივე წანწალა „არს ერთი ლატანი რა ჴიდსავად გასდვა გასავალად“ სავარაუდოდ, შეიძლება ძეგლის სახელწოდების ახსნაც. რაც, სავსებით შესაძლებელია, ბურჯებში ჩადგმულ ხის ძელებს უკავშირდებოდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 309-310.