კეხიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია
კეხიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში. მდებარეობს სოფლის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9 X 5,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვით და ტუფის გათლილი კვადრებით. კონსტრუქციულ ნაწილებში ქვიშაქვის თლილი ფილებია გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი გარედან არქიტრავით არის გადახურული, შიგნიდან - ნახევარწრიული თაღით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები მარტივკაპიტელებიან პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. თაღზე ცილინდრული კამარა გადადის. ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთისაში - ორი. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 378.