კათრინ ჯონსონი

(გადამისამართდა გვერდიდან კეტრინ ჯონსონი)

კათრინ ჯონსონი (ინგლ. Katherine Johnson, დაბადების სახელი და გვარი — კათრინ კოულმენი, Katherine Coleman; დ. 26 აგვისტო, 1918, უაიტ-სალფერ-სფრინგზი, დასავლეთი ვირჯინია, აშშ, — გ. 24 თებერვალი, 2020, ნიუპორტ-ნიუსი, ვირჯინია, აშშ) — ამერიკელი მათემატიკოსი. ცნობილია აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციასთან (NASA) და მის წინამორბედ სააგენტოსთან ხანგრძლივი თანამშრომლობით. ციურ მექანიკაში მის მიერ შესრულებულმა გამოთვლებმა მნიშვნელოვანწილად განაპირობობა პილოტირებული კოსმოსური გაფრენების წარმატება. ჯონსონი NASA-ში მომუშავე ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ქალი მეცნიერი იყო.

კათრინ ჯონსონი
ინგლ. Katherine Johnson

კათრინ ჯონსონი 1983 წელს.
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1918
დაბ. ადგილი უაიტ-სალფერ-სფრინგზი, დასავლეთი ვირჯინია, აშშ
გარდ. თარიღი 24 თებერვალი, 2020
გარდ. ადგილი ნიუპორტ-ნიუსი, ვირჯინია, აშშ
დასაფლავებულია Hampton Memorial Gardens[1]
მოქალაქეობა აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[2] [3]
საქმიანობა ინფორმატიკოსი, ფიზიკოსი, military flight engineer, მათემატიკოსი[4] და მასწავლებელი
მუშაობის ადგილი NASA
ალმა-მატერი West Virginia University და West Virginia State University[4] [5]
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[6] , Virginia Women in History[7] , 100 ქალი[8] , Arthur B.C. Walker II Award[9] , კონგრესის ოქროს მედალი[10] , NCWIT Pioneer in Tech Award[11] , ჰაბარდის მედალი[12] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[13] და honorary degree from Spelman College[14]
გავლენა მოახდინეს
სამეცნიერო სფერო მათემატიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კათრინ კოულმენი დაიბადა დასავლეთ ვირჯინიის შტატში 1918 წელს. დედა იყო მასწავლებელი, მამა მუშაობდა ხისმჭრელად, მებაღედ და ხელოსნად. 1937 წელს დაამთავრა დასავლეთ ვირჯინიის შტატის კოლეჯის (ამჟამად უნივერსიტეტი) ბაკალავრიატი მათემატიკის და ფრანგულის განხრით. მასწავლებლად ორწლიანი მუშაობის შემდეგ, 1939 წელს განაგრძო მათემატიკის შესწავლა დასავლეთ ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, თუმცა სწავლა მალევე შეწყვიტა დაოჯახების გამო (პირველი მეუღლე, ჯეიმზ გოუბლი 1956 წელს გარდაიცვალა და სამი წლის შემდეგ კათრინი ცოლად გაჰყვა ჯეიმზ ჯონსონს). 1953 წელს მუშაობა დაიწყო NASA-ს წინამორბედი სააგენტოს, აერონავტიკის ეროვნული სარეკომენდაციო კომიტეტის (NACA) დასავლეთის რეგიონის გამომთვლელ ჯგუფში, რომელიც შედგებოდა აფროამერიკელი ქალებისგან. ჯგუფი მუშაობდა ამერიკული კოსმოსური პროგრამისთვის მონაცემების ანალიზზე, რომლისთვისაც ის ასრულებდა რთულ მანუალურ მათემატიკურ გამოთვლებს. კათრინს და მის თანამშრომლებს რასობრივი სეგრეგაციის პირობებში უწევდათ მუშაობა. მას შემდეგ, რაც, 1958 წელს, NACA NASA-დ გარდაიქმნა, ორგანიზაციაში რასობრივი სეგრეგაცია აიკრძალა. ჯონსონმა მუშაობა განაგრძო კოსმოსურ სამუშაო ჯგუფში. 1960 წელს მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე განთავსების მათემატიკური გამოთვლების შესახებ: ეს იყო NASA-ს ამ განყოფილების პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლის ავტორთა შორის ქალი იყო. თავისი კარიერის მანძილზე ჯონსონი იყო 26 სამეცნიერო სტატიის ავტორი ან თანაავტორი.[16]

კათრინ ჯონსონი იყო კოსმოსური პროგრამისთვის საჭირო მათემატიკური გამოთვლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების ერთ-ერთი პიონერი. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა NASA-ს პილოტირებული კოსმოსური ფრენების პირველი პროექტის, პროგრამა „მერკურის“ განხორციელებაში (1961-1963), გამოთვალა რა მისიის ტრაექტორიები, გაშვების ფანჯრები და სარეზერვო მარშრუტები. 1961 წელს მან გამოთვალა ორბიტა „ფრიდომ-7“-ისთვის, რომელმაც კოსმოსში პირველი ამერიკელი ასტრონავტი — ალან შეპარდი გაიყვანა. მომდევნო წელს ასტრონავტ ჯონ გლენის თხოვნით ჯონსონმა დაადასტურა, რომ ელექტრონულმა კომპიუტერმა მისი გაფრენა სწორად დაგეგმა. 1962 წელს გლენი გახდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი, რომლის ხომალდმა „ფრენდშიფ-7“ წარმატებით შემოუფრინა დედამიწას. 1969 წელს ჯონსონმა მის სხვა კოლეგებთან ერთად გამოთვალა, საიდან და როდის უნდა გაეშვათ „აპოლო 11“, პირველი პილოტირებული მისია მთვარეზე. შემდგომ წლებში ჯონსონი კოსმოსური შატლების პროგრამის ფარგლებში მუშაობდა. პენსიაზე 1986 წელს გავიდა.[16] კათრინ ჯონსონი გარდაიცვალა 2020 წელს, 101 წლის ასაკში.[17]

თავისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე, ჯონსონს მრავალი საპატიო წოდება და ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი (2015). 2016 წელს მისი სახელი მიენიჭა NASA-ს გამოთვლითი კვლევების შენობას ლანგლის კვლევით ცენტრში (ჰამპტონი, ვირჯინია). 2016 წელს ჯონსონისა და მისი კოლეგა აფროამერიკელი ქალი მათემატიკოსების — დოროთი ვონის და მერი ჯექსონის შესახებ მწერალმა მარგო ლი შეტერლიმ გამოაქვეყნა დოკუმენტური რომანი „დაფარული რიცხვები: ამერიკული ოცნება და უცნობი ამბავი შავკანიანი ქალი მათემატიკოსებისა, რომელთაც მოგვაგებინეს კოსმოსური რბოლა“ (Hidden Figures: The American Dream and the Untold Story of the Black Women Who Helped Win the Space Race). წიგნის მიხედვით იმავე წელს გადაიღეს ფილმიც. [16]

  1. Find a Grave — 1996.
  2. https://www.nytimes.com/2020/02/24/science/katherine-johnson-dead.html
  3. BlackPast.org — 2004.
  4. 4.0 4.1 Black Women Scientists in the United StatesIndiana University Press, 1999. — გვ. 140–147. — ISBN 978-0-253-33603-3
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 https://www.nasa.gov/content/katherine-johnson-biography
  6. Honoring NASA's Katherine Johnson, STEM Pioneerთეთრი სახლი, 2015.
  7. https://edu.lva.virginia.gov/changemakers/va-women-2016
  8. BBC 100 Women 2016: Who is on the list? // BBC News Online — 2016.
  9. https://astrosociety.org/who-we-are/awards/arthur-bc-walker-ii-award.html/title/inaugural-recipient-katherine-johnson
  10. https://www.congress.gov/bill/116th-congress/house-bill/1396?q=%7B%22search%22%3A%5B%22hr1396%22%5D%7D
  11. https://www.ncwit.org/profile/katherine-johnson
  12. https://blog.nationalgeographic.org/2020/09/22/meet-the-2020-national-geographic-award-recipients/
  13. https://www.womenofthehall.org/2022-inductees/
  14. https://www.spelman.edu/docs/honorary-degrees/honorary-degree-recipients---1977-present---as-of-november-2022---revised-(012023).pdf?sfvrsn=f4347e51_2
  15. 15.0 15.1 https://doi.org/10.1090%2Fnoti1809
  16. 16.0 16.1 16.2 Katherine Johnson, Encyclopædia Britannica. ნანახია 25 თებერვალი, 2020.
  17. გარდაიცვალა NASA-ს ლეგენდარული მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი, საქართველოს ახალი ამბების სააგენტო GHN. 24 თებერვალი 2020.