ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კეტრინ ეშტონი (ინგლ. Catherine Margaret Ashton; დ. 20 მარტი, 1956) — ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში 2009–2014 წლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

კეტრინ ეშტონი
კეტრინ ეშტონი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების პოლიტიკის და საგარეო საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 2009 – 1 ნოემბერი, 2014
წინამორბედიხავიერ სოლანა
მემკვიდრეფედერიკა მოგერინი

დაბადებული20 მარტი, 1956 (1956-03-20) (68 წლის)
ლანკაშირი, ბრიტანეთი
მოქალაქეობადიდი ბრიტანეთი
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია
მეუღლეპიტერ ქელნერი
შვილები2
განათლებალონდონის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეტრინ ეშტონი დაიბადა ლანკაშირის საგრაფოში საშუალო კლასის ოჯახში, რომელიც ქვანახშირის მრეწველობაში იყო დასაქმებული. დაწყებითი განათლება მან ქალაქ უიგანის ტექნიკურ კოლეჯში მიიღო, შემდეგ ბედფორდის კოლეჯის სოციოლოგიის ფაკულტეტზე ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი მიიღო, 1977 წელს კი ეკონომისტის სპეციალობით ლონდონის უნივერსიტეტი დაამთავრა. მომდევნო შვიდი წლის მანძილზე კეტრინ ეშტონი ბირთვული განიარაღების კამპანიაში მონაწილეობდა, ხოლო შემდგომში სოციალურ, ჯანდაცვის და დასაქმების ორგანიზაციებში საქმიანობდა.

როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრი, კეტრინ ეშტონი 2001 წელს დაინიშნა განათლების სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სადაც მას, აგრეთვე, ზედამხედველობა დაეკისრა სკოლამდელი ბავშვების ახალი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე. 2004-07 წლებში ის ორი უწყების საპარლამენტო მდივნად მუშაობდა: თავდაპირველად კონსტიტუციურ საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა, შემდეგ კი - იუსტიციის სამინისტროს. პარლამენტში მან ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაცია წარმატებით უზრუნველყო.

კეტრინ ეშტონს ბარონესად მოიხსენიებენ 1999 წლის შემდეგ, როცა მან პერის წოდება მიიღო. 2005 წელს ჟურნალმა "ჰაუსმა" ის წლის მინისტრად და წლის პერად დაასახელა.

ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისრის პოსტზე კეტრინ ეშტონმა 2008 წელს ბრიტანელი ლეიბორისტი პიტერ მანდელსონი ჩაანაცვლა, მომდევნო წლის მიწურულს კი დაიკავა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა.[1]

პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში, განსაკუთრებით ბრიტანეთში, სიფრთხილით შეხვდნენ ისეთი პიროვნების საკადრო დაწინაურებას, რომელსაც რაიმე არჩევით თანამდებობაზე არ უმუშევია და არც საგარეო პოლიტიკის სფეროში გააჩნდა გამოცდილება. ევროკავშირის მისია მსოფლიოს ას ქვეყანაში ფუნქციონირებდა, ამასთან, საჭირო იყო საგარეო პოლიტიკის ისეთი ფორმულირება, რომელიც მისაღები იქნებოდა კავშირის 28 წევრისთვის. ამ რთულ საქმეს კეტრინ ეშტონმა ენერგიულად მოჰკიდა ხელი და თანდათან თავი გამოიჩინა, როგორც ეფექტიანმა დიპლომატმა.[2]

მისი პირადი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის თაობაზე შეთანხმების მიღწევა, რომელიც ორივე მხარეს გზას გაუხსნიდა ევროკავშირთან მეტი დაახლოებისკენ.[3]

წარმატებით დაგვირგვინდა მრავალწლიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროკავშირის დიპლომატიამ.

შეთანხმებით დასრულდა ხანგრძლივი დავა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ევროკავშირის ბაზარზე მათი ხილის იმპორტთან დაკავშირებით.[4] აგრეთვე, დაიდო სავაჭრო შეთანხმება სამხრეთ კორეასთან.

2013 წლის ივლისში ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ კეტრინ ეშტონი კაიროში ჩაფრინდა და პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ მუჰამედ მურსისთან ორსაათიანი შეხვედრა ჰქონდა.[5]

უკრაინაში იგი 2013 წლის დეკემბერში გაემგზავრა პროტესტების დაწყების შემდეგ, რომელიც გამოიწვია ვიქტორ იანუკოვიჩის მხრიდან ევროკავშირთან სავაჭრო სფეროში ხელმოსაწერად გამზადებულ შეთანხმებაზე უარის თქმამ. ქუჩაში დემონსტრანტებს და პოლიციის ძალებს შორის შეტაკებების დაწყების შემდეგ ის მოუწოდებდა სიმშვიდის და დიალოგისკენ. მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ მედიაში გამოქვეყნდა ფარული სატელეფონი ჩანაწერი, რომელშიც კეტრინ ეშტონი კიევის ქუჩებში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავდა.[6]

ევროკომისიაში ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კეტრინ ეშტონმა თანამდებობა დატოვა. 2017 წელს იგი ვარვიკის უნივერსიტეტში კანცლერად დაინიშნა.

ოჯახური მდგომარეობა

რედაქტირება

1988 წელს კეტრინ ეშტონის რჩეული გახდა ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი პიტერ ქელნერი. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეტრინ_ეშტონი“-დან