კაჭრეთის წმინდა გიორგის ეკლესია
კაჭრეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში და იგი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. რესტავრაცია ჩაუტარდა 1990-იან წლებში.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვითა და კირის ხსნარით, წყობა სწორხაზოვანია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანააა, კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ეკლესია ღრმა ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფისდში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ორ-ორი სხვადასხვა ზომის ნიშაა. სარკმლის გვერდით მდებარე ნიშები გაცილებით მაღალი და თაღოვანია, დანარჩენი ორი კი სწორკუთხაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი აფსიდის მხრებზეა დაყრდნობილი. კამარა ცილინდრულია, სხმული. კედელში, შესასვლელის ზემოთ, საკურთხევლის სარკმლის გარდა, ერთი ოთხკუთხა სარკმელია. ეკლესიის აღმოსავლეთი კედელი დგას ორსაფეხურიან მაღალ ცოკოლზე. შენობა გადახურულია თუნუქით.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 179.